სასურველ სამსახურს ეძებთ? მაშინ გამოგადგებათ ჩვენი რესპონდენტის რჩევები


ჩვენი დღევანდელი  რესპონდენტი სამშენებლო-სარესტავრაციო ფირმა „არქიტექსის“ დირექტორი - ლადო ტეფნაძე გახლავთ, რომელიც პროფესიით მშენებელია. იგი გაგვიზიარებს საკუთარი წარმატების ფორმულას და შესაძლოა გახდეს იმ ადამიანების მოტივატორი, რომლებიც ამ ეტაპზე სამსახურის ძიების პროცესში არიან. 

არსებობს მოსაზრება, რომ დღესდღეობით საქართველოში ძალიან რთულია სამსახურის დაწყება, საინტერესოა როგორ დაიწყო თქვენი კარიერა და როგორი იყო წარმატებისკენ გადადგმული თქვენი პირველი ნაბიჯები?
2000 წელს ჩემს სოფელში წმინდა თევდორეს ეკლესიაში არქეოლოგიური სამუშაოები ტარდებოდა. მომავლისთვის კი ეკლესიის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი. ეს ამბავი ძალიან სასიხარულო იყო ჩემთვის, რადგან ბავშვობიდან ვოცნებობდი ეკლესიაში მღვდელთმსახურება აღმდგარიყო და სოფლის მოსახლეობას წირვა-ლოცვაზე დასწრების საშუალება ჰქონოდა. მშენებლებს დახმარება შევთავაზე და ეკლესიას ქვა-ღორღისგან ვასუფთავებდი. პროფესიით მშენებელი ვარ (იმ წელს ახალი დამთავრებული მქონდა სამშენებლო ფაკულტეტი) პროექტის ხელმძღვანელმა ჩემი საქმისადმი სიყვარული რომ შენიშნა, საპირე ქვების აღწერა-ჩახაზვა დამავალა. ერთ შესრულებულ სამუშაოს მეორე მოჰყვა და ასე დავიწყე ერთ-ერთ წამყვან სარესტავრაციო-სამშენებლო ფირმაში მუშაობა.

რას ურჩევთ ადამიანებს, რომელთაც ძალიან უნდათ აკეთონ საყვარელი საქმე, მაგრამ ჯერ-ჯერობით სასურველ მიზანს ვერ მიაღწიეს?
ასეთ ადამიანებს ვურჩევ – ჰქონდეთ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი, მოიკრიფონ გამბედაობა და გადადგან თამამი ნაბიჯები მიზნისკენ მიმავალ გზაზე. როდესაც ადამიანები სამსახურს ვერ პოულობენ სასოწარკვეთა იპყრობთ. არავითარ შემთხვევაში არ უნდა იფიქრო, რომ თქვენ ნიჭი და შესაძლებლობები არავის ჭირდება. როდესაც სამსახურის ძიების პროცესი ჭიანურდება ეს დრო აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ ნაყოფიერად. კარგი იქნება ჩვენი პროფესიული უნარ-ჩვევები განვავითაროთ. დავესწროთ სხვადასხვა ტრეინინგს, რომელიც გააღრმავებს ჩვენს ცოდნას და  მომავალში დაგვეხმარება სწორად გავართვათ დაკისრებულ მოვალეობებს თავი. ადამიანმა არანაირი სახის შრომა არ უნდა ითაკილოს. წარმატება კი აუცილებლად მოვა, თუ ვშრომობთ და გულხელდაკრეფილი არ ვართ.

თქვენი აზრით, რა თვისებების მატარებელი უნდა იყოს ადამიანი, წარმატებას რომ მიაღწიოს და საკუთარ თავს მიანიჭოს იმ საქმის კეთების ბედნიერება, რომელიც უყვარს?
მონდომება, გამბედაობა და ბრძოლისუნარიანობა – ეს სამი თვისება აუცილებლად უნდა ჰქოდეს ადამიანს წარმატებას, რომ მიაღწიოს. პირველ რიგში კი ძალიან უნდა უყვარდეს საქმე, რომელიც სურს რომ აკეთოს. „მეგობარო თუ გადაწყვეტ რომ რაიმე შექმნა, აუცილებლად გააკეთებ ამას. არა აქვს მნიშვნელობა დღეში 16 საათს იშრომებ შეუჩერებლად, თუ პატარა ოთახში იმუშავებ, სადაც შენს გარდა კიდევ სამი ბავშვია. აუცილებლად გააკეთებ თუნდაც შენი ტვინისა და სხეულის ნაწილის გაწირვით.“ -ჩარლზ ბუკოვსკი
 

| გააზიარე
მოგწონთ?