როგორ გამოვიყენოთ ახალი შესაძლებლობები?


ცხოვრების მანძილზე უამრავი გადაწყვეტილების მიღება გვიწევს. ჩვენ ძირითადად დადებითად ვრეაგირებთ იმაზე, რაც მარტივი გვეჩვენება და თავიდან ვიცილებთ იმას, რაც უფრო დიდ ძალისხმევას საჭიროებს, მოკლედ, შეიძლება ისიც ითქვას, რომ საქმე ჩვენს ბიოლოგიურ ინსტიქტშია, თუმცა სწორია კი ასეთი საქციელი?

დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რამდენად ხშირად ამბობთ „არა“-ს? ალბათ, გაიხსენებთ და იტყვით, რომ როცა კონკრეტულად რაიმეზე თქვით უარი, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო, თუმცა მინდა გითხრათ, რომ ყოველი ნათქვამი „არა“- ს დროს, თქვენ უარი უთხარით ახალ თავგადასავალს, შესაძლებლობას, იმას, რომ გაზრდილიყავით და ბევრი სიახლე გესწავლათ. უარი თქვით იმაზე, რომ აღმოგეჩინათ თქვენს თავში ის, რისი დანახვაც  აქამდე არ შეგეძლოთ.

საინტერესოა, თუ რატომ ხდება ასე. ჩემი აზრით, ეს ყველაფერი დაკავშირებულია კომფორტის ზონასთან. თქვენ ალბათ გსმენიათ, რომ ცხოვრება იწყება იქ, სადაც კომფორტის ზონა მთავრდება, თუმცა ძალიან ბევრ ჩვენგანს ხშირად მაინც უჭირს მისგან თავის დაღწევა. პრობლემაა ისიც, რომ თუ მოხდა და როგორმე გავცდით კომფორტის ზონას, მალევე იმ სიახლეში ვგრძნობთ თავს კომფორტულად და აღარ გვინდა მის გარდა სხვა გამოწვევა მივიღოთ. ჩნდება კითხა, როგორ არ უნდა აღმოვჩნდეთ ასეთ სიტუაციაში?

აღსანიშნავია ისიც, რომ ბევრმა „არა“-მ შეიძლება არა მარტო გარკვეული გამოწვევები და შესაძლებლობები დაგვაკარგვინოს, არამედ დეტალებისგანაც ვეღარ მივიღოთ სიამოვნება. უბრალოდ დაფიქრდი, რაზე ამბობ ყველაზე ხშირად უარს. სადმე წასვლაზე? ახალ ადამიანებზე? რაც არ უნდა იყოს, თქვი „ დიახ“ იმ ყველაფერზე, რასაც შეიძლება შენთვის სიამოვნების მოტანა შეეძლოს. თუნდაც გასინჯე განსხვავებული საკვები, მოუსმინე განსხვავებულ მუსიკას ან დათანხმდი კინოში წასვლაზე. გადალახე ყველა დაბრკოლება რაც გაიძულებს გამუდმებით უარს ამბობდე. მორცხვი ხარ? არაუშავს, გარისკე და გამოელაპარაკე მას, ვისთანაც ამდენი ხანია  გსურს საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა რა მოხდება, ნუ შექმნი ამ ყველაფრისგან დრამას, უბრალოდ მიიღე ყველაფერი, რასაც ეს ცხოვრება გთავაზობს.

როდესაც რაიმეს ვთანხმდებით, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აუცილებლად მზად ვართ ამისთვის. შეიძლება ბევრმა ადამიანმა გითხრათ, რომ არ არის შესაფერისი დრო და უნდა დაელოდოთ იმ მომენტს, როცა თქვენ ნამდვილად იქნებით მზად „კი“-ს სათქმელად, თუმცა მინდა ისიც იცოდეთ, რომ ცხოვრებაში შეიძლება არასდროს არ ვიყოთ მზად კონკრეტული მოქმედებისთვის, მთავარია ის, რამდენად გვსურს წინ წასვლა და ახალი შესაძლებლობების აღმოჩენა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ, რა თქმა უნდა, ყველაფერზე თანახმა ვერ იქნები. უნდა ეცადო შეინახო და გამოიყენო შენი ჯადოსნური „დიახ“ იმისთვის, რასაც შენთვის ბედნერების მოტანა შეუძლია, მიუხედავად იმისა, გეჩვენება თუ არა ის რთულად, საშიშია ის თუ სხვებს არ მოსწონთ.

მაშ ასე, თუ თვლი, რომ ცხოვრება უფრო ამაღელვებელი და საინტერესო უნდა იყოს, ვიდრე ამ ეტაპზეა, დაიხმარე მაგიური სიტყვა „დიახ“. ჩვენ ყოველთვის ვფრთხილობთ და ხშირად ვიყენებთ მსგავს ფრაზებს: „გავრისკო? არა, არ ღირს“, „არა, ეხლა არ ვარ მზად არანაირი სიხალისთვის“, „არ  მსურს უცხოებთან საქმე დავიჭირო“, ეს ყველაფერი კი ბევრ რამეს გვაკარგვინებს, მაშინ როცა უბრალო „დიახ“ ჩვენს წინაშე ახალ შესაძლებლობებს შლის. ასე რომ, თუ გსურს უფრო შთამბეჭდავი გახადო შენი ცხოვრება, დაიწყე ეს დღესვე და უთხარი ერთი „დიახ“ პირველივე შესაძლებლობას.


მარიამ ბეთხოშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?