პირველი ნაბიჯები


ადამიანები წარუმატებლობას ჯერ კიდევ მაშინ განვიცდით, როცა პირველი ნაბიჯების გადადგმას ვცდილობთ და ვეცემით. თუმცა, სწორედ, აქ იჩენს თავს ჩვენი შეუპოვარი ბუნება, რომელიც არაერთხელ განცდილი კრახის მიუხედავად, არ გვაძლევს დანებების საშუალებას. და ჩვენ ვაგრძელებთ მცდელობას იქამდე, სანამ პირველი ნაბიჯები სირბილად არ იქცევა.

არც ბავშვობაში არაერთხელ გადახეხილი მუხლები გვაბრკოლებს. პირიქით, ისაა  გამოცდილება, რომელსაც მომავალში იმავე შეცდომების თავიდან ასარიდებლად ვიყენებთ. მაშ, ისეთი რა იცვლება ჩვენში, რომ ზრდასრულები, შესაძლო კრახის შიშით, საკუთარ თავს მცდელობის საშუალებასაც არ ვაძლევთ?

ჩვენ ვკარგავთ საკუთარი თავის რწმენას .

ხალხისგან ხშირად გვესმის, რომ ოცნებები არის მიუღწეველი ფანტაზია, რომლის უშედეგო დევნასაც სჯობს დავკმაყოფილდეთ იმით, რაც ადვილად ხელმისაწვდომია. მალე ამ სიტყვებს თვითონაც ვიჯერებთ და ჩვენში ნელ-ნელა ქრება ერთ დროს ყველაზე ნათელი ნაპერწკალი - მოტივაცია. ჩვენი ოცნებები კი მაღალ თაროზე შემოდებულ, მივიწყებულ წიგნებს ემსგავსება. შემდეგ კი ვხვდებით ოცნების გარეშე დარჩენილ ფერმკთალ და მონოტონურ ყოველდღიურობაში, რომლისგან თავის დაღწევაც დროთა განმავლობაში უფრო და უფრო რთულდება.

 თუმცა ყოველი დღე გაძლევს შანსს, იბრძოლო საკუთარი მიზნებისთვის. არასდროს მისცე სხვის აზრს ამ შანსით სარგებლობისგან ხელი შეშლის საშუალება, რადგან ოცნებათა მიღწევა-მიუღწევლობას ყველა საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით აფასებს და არავინ არ იცის შენზე უკეთესად, თუ რისი გაკეთება შეგიძლია შენ.

აიღე საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა, არ შეუშინდე ხალხს და, რაც მთავარია, არ  შეუშინდე მარცხს, რადგან ის წარმატებისაკენ მიმავალი თავგადასავლის განუყოფელი ნაწილია. თუ რა როლს ითამაშებს ის, შენი გადასაწყვეტია - იქნება ის მიზეზი, რომლის გამოც, უარი თქვი შენს ოცნებებზე, თუ გამოცდილება, რომელიც შენ მათ მისაღწევად აუცილებელ განვითარებაში დაგეხმარა?

საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია გავაანალიზოთ, რომ ჩვენში ყოველთვის არის შეუპოვრობა, რომელიც დაგვეხმარება, გავიკვლიოთ ცხოვრების რთული გზა. ჩვენზეა დამოკიდებული, მას საუკეთესო მოგონებების დასაგროვებლად გამოვიყენებთ, თუ ერთ დღეს, შორეულ მომავალში, მოვიხედავთ და ერთადერთი გრძნობა, რასაც ჩვენს გატარებულ ცხოვრებაზე ფიქრის დროს განვიცდით, სინანული იქნება.

| გააზიარე
მოგწონთ?