რჩევები მათთვის, ვისაც სასარგებლო საქმის კეთება სურთ, მაგრამ არ იციან, როგორ გააკეთონ ეს


რამდენიმე დღის წინ ჟურნალ „მოტივაციის" მკითხველმა მოგვწერა, რომ ძალიან კარგი იქნებოდა, თუ რჩევას მივცემდით ადამიანებს, რომელთაც სურთ სასარგებლო საქმიანობით დაკავდნენ, მაგრამ არ იციან, როგორ გააკეთონ ეს. ვერ პოულობენ სფეროს, რომლითაც დაინტერესდებიან და რადგან ვერ აკეთებენ სასარგებლო საქმეს, თავს ცუდად გრძნობენ. შესაბამისად გადავწყვიტე დღევანდელი სტატია აღნიშნული პრობლემის შესახებ დავწერო  და  საჭირო რჩევები გავუზიარო ჩვენს ერთგულ მკითხველს.

 

1.მოუსმინეთ საკუთარ გულს
 
უპირველეს ყოვლისა თითოეულმა ჩვენგანმა  უნდა მოუსმინოს საკუთარ გულს, რადგან ადამიანებს გვაქვს უამრავი ნიჭი და უნარი, რომელიც გვეხმარება ვიპოვოთ საყვარელი საქმე და წარმატებით გავართვათ ჩვენს წამოწყებას თავი. ამ ნიჭსა და შესაძლებლობებს კი უპირველეს ყოვლისა თავად აღმოვაჩენთ ხოლმე. შესაბამისად, თუკი ჩაუღრმავდებით საკუთარ თავს, მიხვდებით კიდეც, რა იწვევს  თქვენს ინტერესს, რისი კეთება გამოგდით უკეთ და აუცილებლად იპოვით საქმეს, რომლის კეთებაც სიამოვნებას მოგგვრით და თავს ბედნიერად იგრძნობთ.

 

2.დაუსვით საკუთარ თავს კითხვები
 
რისი მიღწევა მსურს სინამდვილეში? - ვინ მინდა ვიყო? - რისი გაკეთება შემიძლია ფინანსური დაინტერესების გარეშე? - რა არის ჩემი ჰობი? - რა გამომდის ყველაზე კარგად? - როგორ გარემოში ვისურვებდი მუშაობას? - ეს კითხვების ის ჩამონათვალია, რომლებზეც პასუხები დაგეხმარებათ გაიაზროთ თუ რისი კეთება გსურთ სინამდვილეში. დიახ, მართალი ბრძანდებით, სასარგებლო საქმის გარეშე ვერასდროს შევძლებთ თავი ვიგრძნოთ რეალიზებულად. იმისათვის კი, რომ თავს კარგად ვგრძნობდეთ, აუცილებლად უნდა შევძლოთ ჩვენი ნიჭის რეალიზება, რომლის საშუალებითაც შევძლებთ დავიმკვიდროთ თავი საზოგადოებაში და ნაყოფიერად ვიცხოვროთ. 

 

3.გაიხსენეთ ბავშვობის ოცნებები

დამეთანხმებით, ადამიანის ნიჭის გამოვლენა ხშირად  ბავშვობიდანვე ხდება. ჩვენ ამა თუ იმ საგნის მიმართ სკოლიდანვე გამოვხატავთ ინტერესს, შესაბამისად თუ დავეუფლებით მაღალ დონეზე სასწავლო პროგრამას, მიღებული ცოდნა დაგვეხმარება განვსაზღვროთ ვინ გვინდა გავხდეთ მომავალში. ბავშვები ძალიან ხშირად ოცნებობენ თავიანთი მომავალი პროფესიის შესახებ. ასეთ ოცნებებს კი აქვთ ჯადოსნური ძალა და თუ ჩვენ დროულად შევასხამთ ფრთებს ჩვენს ოცნებებს, გავხდებით ჩვენი საქმის ნამდვილი პროფესიონალები კიდეც. 

 

4.განვითარდით ყოველდღე

იმისათვის, რომ ვაკეთოთ სასარგებლო საქმე და წარმატებასაც მივაღწიოთ, აუცილებელია ჩვენი შესაძლებლობების და უნარ-ჩვევების განვითარება. თუ დღეს უნივერსიტეტში სწავლობ, აუცილებლად უნდა მიიღო კარგი განათლება, უნდა გააკეთო შენი შესაძლებლობების მაქსიმუმი, შეისწავლო უცხო ენები, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დამთავრებული გაქვს სასწავლებელი, ამ შემთხვევაშიც არ უნდა  შეწყვიტო განვითარება. იკითხეთ წიგნები წარმატებისა და მოტივაციის შესახებ, გაიღრმავეთ ცოდნა თანამედროვე ტექნოლოგიებში. არ ჩამორჩეთ დროს და არ იფიქროთ, რადგან დღეს არ ხართ დასაქმებული, ასე გაგრძელდება სამუდამოდ. მუდმივი ძიება აუცილებლად გამოიღებს შედეგს.

 

5. ჩაატარეთ ექსპერიმენტები

არ შეუშინდეთ სიახლეებს და ცხოვრებისეულ გამოწვევებს - კონკრეტულად კი როდესაც რაიმე ახალი შემოთავაზება გაჩნდება თქვენს ცხოვრებაში, არ თქვათ უარი მასზე. ეძიეთ სიახლეები თქვენ გარშემო. ახალი გამოწვევები დაგეხმარებათ დაარღვიოთ კომფორტის ზონა და გადადგათ თამამი ნაბიჯები წარმატებისკენ.

 

6.აირჩიეთ პერსპექტიული სამუშაო

სამყაროს ცვალებადობასთან ერთად იცვლება თითოეული სფერო, მათ შორის პროფესიები. ასე რომ დღესდღეობით საკმაოდ აქტუალურია მენეჯერის, სარეკლამო აგენტისა და კონსულტანტის ვაკანსიები. შესაძლებელია თქვენ ამ კუთხით არ გქონდეთ განათლება მიღებული, მაგრამ ფლობდეთ იმ უნარ–ჩვევებს, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ გახდეთ წარმატებული მენეჯერი. გაქვთ გაყიდვების ნიჭი, ხართ კომუნიკაბელური და პასუხისმგებლობით სავსე პიროვნება? მაშინ აუცილებლად მოსინჯოთ თქვენი ძალები ამ სფეროში.

 

5.წამოიწყეთ მცირე ბიზნესი

დღესდღეობით არც ისე რთულია საკუთარი მცირე ბიზნესის წამოწყება, რომლის წარმატებისთვისაც აუცილებლად გამოიყენეთ ინტერნეტ სივრცე. შექმენით თქვენი ბრენდი - რომელიც შეიძლება იყოს  ხელნაკეთი აქსესუარები, ჩანთები, სამაჯურები ან სხვა ნებისმიერი რამ, რისი შექმნაც შეგიძლიათ და განათავსეთ ისინი Facebook გვერდზე. იყავით აქტიური და კრეატიული და აუცილებლად შეძლებთ დღევანდელი ტექნოლოგიების საშუალებით განავითაროთ თქვენი ბიზნესი.

 

დღესდღეობით უამრავი სფეროა, სადაც შეგიძლიათ მოსინჯოთ საკუთარი ძალები და დაკავდეთ სასარგებლო საქმის კეთებით. მთავარია გაერკვიოთ საკუთარ შესაძლებლობებში. მოსინჯოთ თქვენი ძალები სხვადასხვა სფეროში და საბოლოოდ აუცილებლად მიხვდებით რისი კეთება გსურთ ცხოვრებაში.

| გააზიარე
მოგწონთ?