მათთვის, ვისაც არ სჯერა, რომ ახალი წელი ჯადოსნური დღესასწაულია


იშვიათად მეგულება ადამიანი, რომელსაც ახალი წელი და მასთან დაკავშირებული ნიუანსები არ აბედნიერებს, მაგრამ ეს სტატია მათთვისაა, ვინც უმცირესობაშია და ცდილობს უგულებელყოს ეს დღესასწაული. მინდა ჩამოვთვალო ის მიზეზები, რის გამოც უნდა გვიყვარდეს ახალი წელი.

•მოდით დავიწყოთ იქიდან, რომ ყველაფრის მიმართ დამოკიდებულება არის ჩვენით განპირობებული ანუ წინასწარ რა განწყობასაც შევიქმნით, ისეთი იქნება ის მოვლენაც. ნუ ვიდავებთ იმაზეც, რომ პოზიტიური აზროვნება ბევრ რამეს ცვლის. ამიტომ დაივიწყეთ ყველაფერი ცუდი და განეწყვეთ დადებითად. 

•გქონდეთ კარგის მოლოდინი და ამასთან ერთად დაიწყეთ ფიქრი, როგორ გაახაროთ ახლობელი ადამიანები ამ ჯადოსნურ დღეს. ერთმანეთის მიმართ გამოხატული სიყვარული, ყურადღება, ჩახუტება და თბილი მილოცვები აქცევს ამ დღეს ჯადოსნურად. 

•გაუკეთეთ მარტივი და ორიგინალური სიურპრიზები გვერდით მყოფებს. ნუ დაელოდებით სხვისგან გამოხატულ გრძნობებს, დაიწყეთ თქვენ და აგყვებიან სხვებიც. ნუ დაელოდებით, როდის გაჩუქებთ სხვა საჩუქარს, გააკეთეთ ეს თქვენ პირველმა და ნახავთ, როგორ ჩაგეღვრებათ სითბო სხეულში, როდესაც თქვენი საქციელით გამოწვეულ ემოციებს დაინახავთ.

•არ გაქვთ წინასაახალწლო განწყობა? მინდა გითხრათ, რომ ყველა საახალწლო სიმღერა შექმნილია იმისთვის, რომ აგიმაღლოთ შეგრძნებები. გამოგიკეთოთ განწყობა და გაგრძნობინოთ თუ როგორი ლამაზი დღესასწაული მობრძანდება. მოუსმინეთ ამ ჯადოსნურ ჰანგებს, დააკვირდით როგორი დამტკბარი ხმით მღერიან ყველა ვერსიაში და მრავალხმიანობით ცდილობენ ჩვენს ოჯახებში საახალწლო სითბო გაავრცელონ.

•გაიღიმეთ, გაიხსენეთ რაიმე სასიამოვნო ან გაითვალისწინეთ წინა პუნქტი და დაიწყეთ სახლის მორთვა. ყველა ოთახში გამოიყენეთ საახალწლო სათამაშოები, გირლანდებით გაახალისეთ გარემო. წინასწარ მოაშენეთ ოთახის მცენარეები, რომლებიც თქვენს გარემოს გამოაცოცხლებს. ნაძვის ხის მორთვის დროს დაიხარჯეთ შემოქმედებითად. ამ ნაძვის ხეს ხომ თქვენ უნდა უყუროთ და ის, ბედნიერს უნდა გხდიდეთ თავისი სიკაშკაშით, სიმხიარულით და საზეიმო განწყობით.

•მიიღეთ მონაწილეობა სადილების მომზადებაში. თუ კულინარიული ნიჭით არ გამოირჩევით, დეტალებში მაინც მიეხმარეთ ოჯახის იმ წევრს, ვისაც ეს საქმე ავალია. დააგემოვნეთ შოკოლადი, ის უმალ აგიმაღლებთ განწყობას. გააწყვეთ საახალწლო სუფრა ორიგინალურად, აუცილებლად მოგანიჭებთ ეს პროცესი სიამოვნებას. ეცადეთ თქვენს სახლში ისეთმა არომატმა და აურამ იტრიალოს, რომ მთელი წელი გაგყვეთ ეს სურნელება.

კიდევ არ გჯერათ ამ დღის ჯადოსნურობის? სულ ტყუილად! მხოლოდ იმად ღირს ეს დღესასწაული, რომ ჩაეხუტოთ საყვარელ ადამიანებს. გაუნაწილოთ თქვენი განწყობა,

„ზოგი გატეხილ ღობეს ხედავს, ზოგი ღობის იქით ამოსულ ყვავილს“ - ამიტომ ეცადეთ დაინახოთ ყვავილი. ირწმუნეთ ამ დღის ჯადოსნურობა და ის აუცილებლად იბრწყინებს თქვენთვის. ნუ იქნებით მოსაწყენი და მომაბეზრებელი სხვებისთვის. იყავით ბედნიერები, ღიმილიანები და ლაღები. 

გახსოვდეთ, ახალი წლის ჯადოსნურობას ვქმნით ჩვენ - ადამიანები.

| გააზიარე
მოგწონთ?