რა განსხვავებაა კარგსა და ცუდ მსმენელს შორის?


მოსმენის კარგი უნარი ადამიანებისაგან მოითხოვს განსაკუთრებულ ყურადღებას, ენერგიასა და სათანადო ჩვევებს, იგი ზრდის კომუნიკაციის ეფექტიანობას. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ ადამიანები უმეტესწილად იყენებენ თავიანთი შესაძლებლობების 30–40%-ს.

როგორც ხალხური ანდაზა გვეუბნება „კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო“, შესაბამისად მოსმენას თავისებური ნიჭი სჭირდება, რომელსაც ბევრი ვერ ავლენს, რადგან თანამოსაუბრის მოსმენის ნაცვლად, ძირითადად ფიქრობენ თავიანთ სათქმელზე.

პიროვნება, რომელიც არის ყურადღებიანი მსმენელი, საუბრის დროს პოულობს საინტერესო თემებს, მოქნილად წარმართავს დიალოგს, აუმჯობესებს აღქმის უნარს, აანალიზებს მოსმენილს, ცდილობს წინასწარ განჭვრიტოს შესაძლო კითხვა, ხელს უწყობს საუბრის ნორმალურ მსვლელობას, განაწყობს მოსაუბრეს პოზიტიურად და ავლენს ემპათიას.
  

აქვე გაგაცნობთ ეფექტიანი მოსმენის რეკომენდაციებს და გაიგებთ, რა განსხვავებაა კარგსა და ცუდ მსმენელს შორის.

 

აქტიურად მოუსმინეთ

კარგი მსმენელი საჭირო დროს სვამს შეკითხვებს და ამით ის ეხმარება მოსაუბრეს აზრის ჩამოყალიბებაში. ცუდი მსმენელი პასიური და გარიყულია საუბრიდან.

 

მოიძიეთ საინტერესო სასაუბრო თემები

კარგი მსმენელი ეძებს ახალ სასაუბრო თემებს, ცდილობს საუბრიდან მიიღოს საჭირო ინფორმაცია. ცუდი მსმენელი „ითიშება“ უინტერესო თემაზე საუბრისას.

 

ნუ გაღიზიანდებით

კარგი მსმენელი ავლენს მოთმინების უნარს მოსაუბრის შეუსაბამო ქცევის მიმართ. არ კარგავს საუბრის „მთავარ ძაფს.“ ცუდი მსმენელი ადვილად ღიზიანდება.

 

ისარგებლეთ იმით, რომ ადამიანი უფრო სწრაფად აზროვნებს, ვიდრე ლაპარაკობს

კარგ მოსაუბრეს აქვს საუბრის შეფასებისა და რეზიუმირების უნარი, ცდილობს გამოიცნოს მომდევნო ფრაზა, ეძებს არგუმენტებს, აკვირდება ხმის ინტონაციას. ცუდი მსმენელი „იძინებს“, როცა მოსაუბრე ნელა ლაპარაკობს.

 

იყავით გულისხმიერი

კარგი მსმენელი იჩენს ინტერესს საუბრის მიმართ, განაწყობს მოსაუბრეს გულახდილი დიალოგისთვის, ავლენს ემპათიის უნარს, ქმნის პოზიტიურ უკუკავშირებს. ცუდი მსმენელი ფორმალურად ჩართულია დიალოგში.

 

შეაფასეთ საუბრის ძირითადი არსი და არა ცალკეული სიტყვა

კარგ მსმენელს საუბრიდან გამოაქვს მთავარი აზრი, ცდილობს ჩაწვდეს მოტივს, ყურადღებას არ აქცევს გაუმართავ მეტყველებას. ცუდი მსმენელი არ უსმენს თანამოსაუბრეს, თუ ის გამართულად ვერ აყალიბებს თავის აზრს.

 

გამოიწვიეთ მოსაუბრის ინტერესი

კარგი მსმენელი არ შედის დისკუსიაში სანამ არ დაადგენს მოსაუბრის პოზიციას. ცუდი მსმენელი დაწყებამდე ავლენს თავის განწყობას, იწყებს კამათს.

 

ეცადეთ ყოველმხრივ შეაფასოთ მოსაუბრის მიერ გამოთქმული იდეები

კარგი მსმენელი აკვირდება, აანალიზებს დიალოგის ძირითად საკითხებსა და საკვანძო თემებს. ცუდ მსმენელს ძირითადი ყურადღება გადააქვს ფაქტებზე.

 

ვარჯიშის გზით გაიუმჯობესეთ მოსმენის უნარი

კარგი მსმენელი ყველანაირად ცდილობს გააუმჯობესოს მოსმენის უნარი. საუბრის ხელშესაწყობად იყენებს მიმიკას, ჟესტებს. ცუდ მსმენელს დიდხანს არ შეუძლია თანამოსაუბრის მოსმენა და იჩენს უყურადღებობას მის მიმართ.

 

განავითარეთ ინტელექტი

კარგი მსმენელი პრობლემებს აღიქვამს, როგორც ინტელექტუალურ თამაშს. ცუდ მსმენელს ურჩევნია ჰქონდეს მარტივი თემები.

 


წყარო: „მენეჯმენტის საფუძვლები“ - შალვა მაჭავარიანი.

| გააზიარე
მოგწონთ?