„თქვენი დრო შეზღუდულია“ - სტივ ჯობსის ისტორია


,,იყავით მშივრები, იყავით თავზეხელაღებულები’’- ამ სიტყვებმა გაიჟღერა 2005 წელს სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისადმი მიმართვაში, რომლის ავტორიც გახლდათ ადამიანი, რომელმაც ბიზნესის სფეროში მწვერვალებს მიაღწია და ბევრს მიაჩნია, რომ მისი ცხოვრება - ეს წარმატების განსახიერებაა. ციფრული ტექნოლოგიების სამყაროში ყველამ იცის სტივ ჯობსის სახელი, თუმცა  შესაძლოა ბევრმა არ იცოდეს იმ არაერთი მარცხის შესახებ, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპანიის, Apple-ის შემქმნელმა განიცადა. ეს იყო ადამიანი, რომელმაც სიკვდილიც კი გამოწვევად აქცია.

,,უნდა გჯეროდეთ რაღაცის - თქვენი ჟინის, ბედისწერის, სიცოცხლის, ნებისმიერი რამის. ამ პრინციპს ჩემთვის არასოდეს უღალატია და მან ბევრჯერ შეცვალა ჩემი ცხოვრება.“ 

ყველაზე მთავარი, რაც მას ყველა სიტუაციიდან თავის დახსნაში ეხმარებოდა - ეს იყო საკუთარი თავის რწმენა, რომ შექმნიდა რაღაც ისეთს, რაც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლიდა.  სწორედ საკუთარი თავის რწმენამ, საქმის სიყვარულმა და დაუოკებელმა სურვილმა შეაძლებინა სტივ ჯობსს, გაეხადა  ჩვენი ცხოვრება ბევრად უკეთესი და მარტივი, ვიდრე ათეული წლების წინ იყო.

 

დაბადებისთანავე  ორჯერ თქვეს უარი ბავშვზე - ჯერ ბიოლოგიურმა მშობლებმა, შემდეგ შვილად აყვანისთვის შერჩეულმა წყვილმა. მაშინ არავინ იცოდა, რომ  ეს ერთი ჩვეულებრივი პატარა  ბიჭი, რომელიც ელექტრონიკით იყო გატაცებული, მალე თავის ოცნებებს რეალობად აქცევდა და სამყაროს შეცვლიდა. ,,ვიღაცები ფიქრობენ, თითქოს მე ასე ბევრს იმიტომ ვმუშაობდი ან იმიტომ გავმდიდრდი, რომ მშობლებმა მიმატოვეს, თითქოს იმიტომ ვძვრებოდი კანიდან, რომ მათ გაეგოთ, რა არაჩვეულებრივი ადამიანი ვარ და ჩემი მიტოვება ენანათ, მაგრამ ეს დიდი სისულელეა. მე ვიცოდი, რომ ნაშვილები ვიყავი, ვცდილობდი დამოუკიდებლად მეცხოვრა, თუმცა არასდროს ვგრძნობდი თავს მიტოვებულად, პირიქით, ყოველთვის ვფიქრობდი, რომ გამორჩეული ვიყავი და ჩემი მშობლები ამ რწმენას კიდევ უფრო მიმყარებდნენ.’’

სტივმა სწავლის დაწყებიდან ექვს თვეში მიატოვა უნივერსიტეტი იმ რწმენით, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. როგორც სტენფორდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებისადმი მიმართვისას  იხსენებს, იმ დროს ბევრჯერ შეშინებია, თუმცა  ეს მაინც ერთ-ერთ ყველაზე სწორ გადაწყვეტილებად მიაჩნდა, რაც კი ცხოვრებაში მიუღია.

სწავლის შეწყვეტის შემდეგ სტივს უფლება მისცეს სასურველი საგნების ლექციებს დასწრებოდა, მაგრამ ამ დროისთვის მას უკვე აღარ ჰქონდა საკუთარი ოთახი სტუდენტურ საცხოვრებელში და  მისი სტუდენტური ცხოვრება კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდებოდა. ხშირად ეძინა მეგობრების ოთახში იატაკზე, საჭმლის ფულის შესაგროვებლად აბარებდა ,,Coca-Cola’’-ს ბოთლებს. კვირაში ერთხელ კი ათი კილომეტრის გავლა უწევდა, რომ ინდურ ტაძარში უფასოდ ესადილა. ცხოვრობდა ოთახში ავტოფარეხის თავზე, რომელიც ზამთარში არც კი თბებოდა.

საკუთარი მიზნების რეალიზებაში საბოლოოდ სტივს მისი ბავშვობის მეგობარი, სტივ ვოზნიაკი, დაეხმარა და მათი წყალობით შეიქმნა კომპანია  სახელწოდებით ,,Apple’’, რამაც საბოლოოდ ის უმდიდრეს ადამიანად აქცია. მიუხედავად ამისა, სტივი ყოველთვის ამბობდა, რომ ეს არასდროს ყოფილა მისთვის ღირებული. ,,ჩემთვის უმნიშვნელოა, ვიყო ყველაზე მდიდარი მათ შორის, ვინც სასაფლაოზე განისვენებს. იმაზე ფიქრით დაძინება, რომ შენ რაღაც მშვენიერი შექმენი - აი რა არის ჩემთვის ყველაზე მთავარი".

სტივ ჯობსმა მოგვიანებით საკუთარ შექმნილ კომპანიაში დაკარგა ხელმძღვანელობის უფლებამოსილება. ,,როდესაც ,,Apple’’-დან გამომაგდეს რამდენიმე თვის განმავლობაში წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა გამეკეთებინა, ისეთი გრძნობა მტანჯავდა, თითქოს წინა თაობის ყველა ბიზნესმენს გავუცრუე იმედი, მაგრამ თანდათან ვხვდებოდი, მიუხედავად იმისა, რომ ზურგი მაქციეს, ჩემი საქმე მაინც ძალიან მიყვარდა, ამიტომ გადავწყვიტე ყველაფერი თავიდან დამეწყო ‘’  

კომპანიაში დაბრუნებულმა სტივმა ,,Apple’’-ის  წარმატების მწვერვალებზე დაბრუნება შეძლო, თუმცა, როგორც თავად ამბობდა, სამსახურს იქით ცოტა რამ თუ აბედნიერებდა. 23 წლის ასაკში სტივმა უარი თქვა შვილზე, რომელსაც კრისენ ბერნარი მისგან ელოდებოდა, რასაც შემდეგ ძალიან ნანობდა.

მას შემდეგ, რაც ჯობსს სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს, მან სიცოცხლისთვის ბრძოლა მისთვის დამახასიათებელი სიჯიუტითა და ჟინით დაიწყო. ყოველდღიურად ისახავდა მცირე მიზნებს, მაგალითად ისეთს, როგორიც არის პარკამდე ფეხით მისვლა და ასე ებრძოდა სიკვდილს.

ჯობსის ცხოვრება გვარწმუნებს, რომ შეუპოვრობა და საკუთარი თავის რწმენა არის ის, რაც აუცილებლად მიგვიყვანს წარმატებამდე, მაშინაც კი თუ მთელი სამყარო ზურგს გვაქცევს, მაინც არ უნდა შევუშინდეთ დაბრკოლებებს, რადგან ჩვენი ცხოვრება, როგორც თავად სტივ ჯობსი აღნიშნავს, შეზღუდულია და არ ღირს დავხარჯოთ ის სხვების ცხოვრებაზე. არც დოგმათა მახეებში გაბმა და სხვისი ცხოვრების ნააზრევის შედეგია გამოსავალი. ერთადერთი, რაც დაგვეხმარება საკუთარი თავი აღმოვაჩინოთ ამ სამყაროში - ეს არის შინაგანი ხმა, რომელმაც ზუსტად იცის ვინ ვართ და რა გვინდა. სწორედ ჩვენი  გული და ინტუიცია მიგვიყვანს იქ, სადაც ჩვენი ფიქრები უკვე არსებობს. ,,წადით იქ, სადაც გული მიგიწევთ, წადით იქ, სადაც გული მიგიყვანთ!’’ - ეს სიტყვები წარმოთქვა უკანასკნელად საავადმყოფოში  მყოფმა სტივ ჯობსმა.

თქვენ რას გკარნახობთ თქვენი გული?

 

| გააზიარე
მოგწონთ?