ჩემი პოზიტივის წესები


ჩემთვის ყველაფერი მიღებით იწყება, ანუ იღებ შენ თავს ისეთად როგორიც ხარ - შენი ცხვირით, შენი წონით, ისეთი მშობლებით, როგორიც გყავს და ისეთი სახლით, როგორიც გაქვს. 

არ წუწუნებ იმაზე რომ, ცოტა უკეთესი ცხვირი  გქონოდა, გამხდარი რომ ყოფილიყავი, ან მილიონერი მშობლები რომ გყოლოდა და ა.შ.

შემდეგია მადლიერება - ვიწყებ იმის გახსენებას, რისთვისაც მადლიერი უნდა ვიყო, მაგალითად ჯანმრთელი და ლამაზი შვილი რომ მყავს, ან მეორე ნახევარი, რომელიც ზუსტად ისეთია, როგორსაც მთელი ცხოვრება ვეძებდი.

მესამე და მთავარი პოზიტივი ისაა, როცა ზუსტად ვიცი რა მინდა, როგორი მინდა რომ იყოს ჩემი სახლი, ჩემი სამსახური, ჩემი ოჯახი 5, 10 წლის შემდეგ და რა უნდა ვაკეთო ყოველდღიურად იმისთვის, რომ ამას მივაღწიო.

მნიშვნელოვანია ჩემი გარემოცვა, ისინი მხოლოდ იმ ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს, ვისაც სჯერა და უხარია ჩემი წარმატება, სხვა ადამიანებთან ურთიერთობას და მით უმეტეს მათთან საკუთარ მიზნებზე და გეგმებზე საუბარი კატეგორიულად აკრძალულია!

ფანჯრიდან ორი კაცი იყურებოდა, ერთი ხედავდა წვიმას და ჭუჭყს, მეორე კი მწვანე ფოთლებს, გაზაფხულს და ცისფერ ცას. ყველაფერი ჩვენი მოვლენების მიმართ დამოკიდებულებიდან და ჩვენი განწყობიდან იწყება, ამიტომ ვიყოთ პოზიტიურები, ყოველ დილას იმედით და სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის კონკრეტული სამოქმედო გეგმით შევხვდეთ!

გადახედეთ თქვენს ცხოვრებას, მადლიერების უამრავ მიზეზს იპოვით. იყავით მადლიერი, არ იწუწუნოთ, დანარჩენი რისი შეცვლაც გინდათ - თქვენი გასაკეთებელია!
 

| გააზიარე
მოგწონთ?