ინტერვიუ ნოდარ ზოიძესთან


ნოდარ ზოიძე  ბათუმში ერთ-ერთი სასტუმროს დამფუძნებელი და ამავე დროს, საკანცელარიო საქონლის იმპორტიორია.  90-იანი მძიმე წლების დროს ჩვეულებრივი რვეულების ყიდვა-გაყიდვით დაწყებული საქმე ნელ-ნელა ისე გააფართოვა, რომ დღეს ეს ადამიანი არა მხოლოდ აჭარას, არამედ დასავლეთ საქართველოსაც ამარაგებს საკანცელარიო ნივთებით, 2013 წელს კი დაასრულა დიდი ხნის წინ დაწყებული სასტუმროს მშენებლობა და ახალი შესაძლებლობები უკვე ტურიზმის სფეროში გამოიყენა, თან საკმაოდ წარმატებულად. მისი მთავარი მოტივაცია და ღირებულება პატიოსნება და სხვების დახმარებაა.

რამდენად რთულია საქართველოში ბიზნესის დაწყება და ასე წარმატებულად განხორციელება?
ნებისმიერი საქმის დაწყება და წარმატებულად განხორციელება ყველგან რთულია, მთავარია სირთულეების არ შეგეშინდეს და იპოვო მისი გადაჭრის გზები, დაგეგმო და შეისწავლო ბაზარი, სადაც აპირებ ფულის დაბანდებას.

რა არის თქვენი მთავარი ღირებულება ბიზნესში?
ბიზნესშიც და სხვა ყველა სფეროშიც ჩემი მთავარი ღირებულება და მოტივაცია პატიოსანი შრომა და სხვების დახმარებაა, არ მესმის იმ ადამიანების, რომლებსაც ჰგონიათ, რომ პატიოსნებით შეუძლებელია ბიზნესში წარმატების მიღწევა.

თქვენი ტოპ 5 რჩევა მათთვის, ვისაც სურთ წარმატების მიღწევა:

1. სურვილი იმასა, რომ გააკეთო რამე მნიშვნელოვანი.
2. შრომისმოყვარეობა.
3. ინოვაციების რითმისა და  გამოწვევების ფეხის აყოლა.
4. მოთმინების უნარი.
5. მუდმივი ფიქრი განვითარებასა და წინსვლაზე.

ხშირად გიწევთ საქართველოდან წასვლა უცხოელ პარტნიორებთან, რამდენად რთულია სხვადასხვა კულტურის ხალხთან ურთიერთობა?
ისევე, როგორც ბიზნესს, ასევე, ურთიერთობებსაც სჭირდება ცოდნა.  ადამიანებთან ურთიერთობების ცოდნა  კი განსაკუთრებული იმითაც არის, რომ  ყველაფერთან ერთად ეს ერთგვარი ხელოვნებაცაა. მარტივი და რთული პიროვნებები ყველგან არიან, მთავარია როგორ მივუდგებით.

თქვენი სამომავლო გეგმები?
ბაზარზე დაკავებული პოზიციების გამყარება და გაფართოვება, რადგან ჩემთვის მთავრი განვითარებაა. დანარჩენს დრო და ახალი შესაძლებლობები გვიჩვენებს.

 

| გააზიარე
მოგწონთ?