თავდაპირველად, შექმენით თქვენი განწყობა!


ალბათ გსმენიათ, რომ ნეგატიური ფიქრები პოზიტიურ ცხოვრებას ვერასდროს მოგიტანთ. თქვენ კი პოზიტიური ცხოვრება გინდათ, თუმცა ნეგატივისგან გათავისუფლება ძალიან გიჭირთ, ეს კი რას დააბრალოთ თავადაც არ იცით. თითქოს ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ ბედნიერები იყოთ, ყველაფერს პოზიტიურად შეხედოთ და ცუდ ფიქრებს უფლება არ მისცეთ, რომ გმართონ, თუმცა ისინი მაინც ხშირად ჩნდებიან, გაწუხებენ და ხანდახან ბედნიერების ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტორზე - განწყობაზე ახდენენ ზეგავლენას.

ფსიქოლოგი გაი ვინჩი თავის ერთ-ერთ წიგნში აღნიშნავს, რომ განწყობის გაფუჭება შეუძლია ისეთ მარტივ დეტალებს, როგორიც არის მაგალითად, ახლობელი ადამიანის დაბადების დღის დავიწყება ან თუნდაც სოციალურ ქსელში თქვენ მიერ გაზიარებულ მნიშვნელოვან ინფორმაციაზე მოწონებების სიმცირე. თუმცა ამ ყველაფერს ტრაგიკულად ნუ აღიქვამთ, რადგან თქვენ ადამიანი ხართ - მგრძნობიარე ქმნილება, ხოლო ფაქტი, რომ პატარა დეტალები თქვენს განწყობაზე ცუდად ზემოქმედებენ, სრულიად ბუნებრივია. 
 
გთავაზობთ რამდენიმე რჩევას, თუ როგორ მოიშოროთ ნეგატიური ფიქრები და შეიქმნათ კარგი განწყობა:

 

1. მოუსმინეთ პოზიტიურ მუსიკას

მისურის უნივერსიტეტის მიერ 2013 წელს გამოქვეყნებულმა კვლევამ დაადასტურა, რომ მხიარულ მუსიკას ნამდვილად შეუძლია განწყობის გაუმჯობესება. კვლევის ავტორმა იუნა ფერჯისონმა აღნიშნა, რომ მუსიკის მოსმენის დროს არ უნდა იფიქროთ თუ როდის შეიცვლება თქვენი განწყობა, მთავარია დატკბეთ მომენტით.

 

2. მოიწყვეთ სიცილის თერაპია

სტენფორდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ხმაურიანი სიცილი ტვინში ზრდის დოპამინის რაოდენობას, რაც ამაღლებს განწყობას. ასე რომ, როდესაც ცუდ ხასიათზე იქნებით, მოძებნეთ მხიარული ვიდეოები ან უყურეთ კომედიას და მიხვდებით, რომ სიცილი თქვენს განწყობას აუცილებლად აამაღლებს. 

 

3. ჩაეხუტეთ ადამიანებს

მაიამის უნივერსიტეტის წამყვანი მკვლევარი ტიფანი ფილდი თავის ერთ-ერთ სტატიაში „ფსიქოლოგია დღეს“ წერს, რომ სხვა ადამიანებთან შეხებით ორგანიზმი ასტიმულირებს ოქსიტოცინს, რაც პოზიტიურ ეფექტს ახდენს თქვენს განწყობაზე.

 

4. იარეთ ფეხით

კვლევების მიხედვით, ადამიანებს, რომლებიც დღის განმავლობაში მცირე დოზით მაინც იჩენენ ფიზიკურ აქტივობას - იქნება ეს ფეხით სიარული თუ საკუთარ ბაღში მუშაობა, ნაკლებად აქვთ დეპრესია და ძილის პრობლემები. იმისთვის, რომ კარგი განწყობა შეიქმნათ, არ არის აუცილებელი ძალისმიერი ვარჯიშებით დაიტვირთოთ თავი, საკმარისია უბრალოდ ფეხით ისეირნოთ, იმოძრაოთ და დღე სასიამოვნოდ აქტიური გახადოთ.
 

5. მოერიდეთ პანიკას

პანიკა იმ საქმეების შეხსენებაა, რაც უნდა გაგეკეთებინათ, მაგრამ არ გააკეთეთ. ის თქვენში მარცხის განცდას იწვევს. ამიტომ თუკი რაღაც ვერ გააკეთეთ, ნუ ჩავარდებით პანიკაში, უბრალოდ იფიქრეთ იმ კარგ საქმეებზე რისი გაკეთებაც შეძელით, გაუკეთებელი საქმე კი კარგად დაგეგმეთ და შემდეგ გააკეთეთ. გახსოვდეთ, რომ პანიკა უბრალოდ რაღაცის შეხსენებაა, თქვენ კი სუბიექტს, რომელმაც საქმე უნდა გააკეთოს, ამისთვის კი კარგი განწყობა უკეთ დაგეხმარებათ, ვიდრე პანიკა.



6. იფიქრეთ თქვენს წარმატებულ ნაბიჯებზე

ექიმისა და ჯანსაღი ცხოვრების ექსპერტის, სუზან ბიალის, მიხედვით, განწყობაზე კარგ ზეგავლენას ახდენს თუ დღის განმავლობაში მომხდარ 3 მნიშვნელოვან დეტალს ან 3 პოზიტიურ მომენტს გაიხსენებთ, იფიქრებთ და გაამეორებთ ამ მომენტებს თქვენს გონებაში. დღის პოზიტიური მოვლენების გადახედვა და გონებაში გამეორება დაგეხმარებათ შეიქმნათ ან დაიბრუნოთ კარგი განწყობა და პოზიტიური გრძნობები.



7. გამოხატეთ გრძნობები

თქვენს პრობლემებთან გამკლავებას მხოლოდ თქვენ ნუ შეეცდებით, გახსოვდეთ, რომ ამის შესახებ სასაუბროდ მეგობრები გყავთ. თქვენი განწყობისთვის უმეტეს შემთხვევაში უკეთესია უარყოფითი ემოციები თქვენში არ ჩაკეტოთ და გამოხატოთ. რა თქმა უნდა, არ გსურთ იყოთ ადამიანი, რომელიც ნეგატიურ დეტალებზე ამახვილებს ყურადღებას, თუმცა ყოველთვის არსებობს დრო და ადგილი იმისთვის, რომ ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლდეთ და განწყობა გაიუმჯობესოთ.

ალბათ ხვდებით, რომ თქვენი განწყობა თქვენს ხელშია და თუ გსურთ, რომ ცხოვრებამ გაგიღიმოთ, უბრალოდ აჩუქეთ მას კარგი განწყობა.

| გააზიარე
მოგწონთ?