ახალი წელი ყველასია


სურვილები და იმედი, როგორც ჩემში, დარწმუნებული ვარ, ყველა ადამიანში სუფევს. ალბათ თითოეულ ჩვენგანს ოდესმე გასჩენია სურვილი ახალი წელი ახალი ცხოვრებით დაეწყო. ზოგს სურს ყველაფერი ნულიდან განაახლოს, ზოგისათვის უმნიშვნელო ცვლილებაც კი საკმარისია. ეჭვგარეშეა, რომ ეს არის შესანიშნავი იდეა, გადახაზოთ წარუმატებელი ნაბიჯები, აიღოთ სუფთა ფურცელი და ახალი, ხარისხიანი ფერებით დახატოთ უკეთესი ცხოვრება, ისეთი, რომელზეც თქვენ ყოველთვის ოცნებობდით. გადაწყვეტილება, იმისა რომ დაიწყოთ ახალი ცხოვრება შთაგაგონებთ და მოგანიჭებთ ძალას, დიდი ოპტიმიზმით შეუდგეთ მოქმედებას. ასე რომ:

 

ირწმუნეთ ახალი წლის

ყველაფერი მარტივად ჩანს ერთი შეხედვით, თუმცა ყოველივე ამას თქვენი ძალისხმევა დასჭირდება. ოცნებები რეალობად უნდა აქციოთ. ამისათვის კი საჭიროა იმოქმედოთ, რადგან თქვენს გარდა არავინ გააკეთებს ამას. სწორედ თქვენ ხართ ახალი წლის მთავარი გმირი, თქვენშია ის მამოძრავებელი ძალა, რომლითაც წარმატებისკენ მიისწრაფით. განაგრძეთ თქვენს მიერ არჩეული გზა, გულს მიენდეთ. დაიჯერეთ ახალი წლის სასწაულის. თქვენ შეგიძლიათ ცხოვრება ზღაპრული გახადოთ სწორედ ახალი წლის ღამეს და მისცეთ საკუთარ თავს პირობა - „ახალი წლიდან უკეთესი პიროვნება გავხდები“, „მე მივაღწევ დასახულ მიზანს“. თუ სურვილი გაქვთ საკუთარ თავს წერილი დაუწერეთ, რომელიც მთავარი მოტივაცია იქნება იმ მიზნების განსახორციელებლად, რომლებიც ახალი წლის ჯადონსურ ღამეს დაისახეთ. 

 

დაიწყეთ მოქმედება 

რა თქმა უნდა, ახალი წელი მასშტაბური და ენერგიული დღესასწაულია, მაგრამ თქვენი მოქმედებისა და დახმარების გარეშე არანაირ სასწაულს არ ელოდოთ. სურვილი - ეს კარგია, მაგრამ ფანტაზიის განხორციელებისათვის საჭიროა უფრო კონკრეტული ქმედება, რათა გაძლიერდეს თქვენი ზრახვები.
 
 

გახდით უკეთესი

დაივიწყეთ „რაც ვარ, ეს ვარ“. რომ დაიწყოთ ახალი ცხოვრება, საჭიროა გახდეთ ახალი ადამიანი, ამისათვის კი კომფორტის ზონიდან გამოსვლა მოგიწევთ, თუმცა ახალი წლის სასწაულმოქმედ ღამეს თავისუფლად შეგიძლიათ მისცეთ საკუთარ თავს განტვირთვის საშუალება. დატკბით მისი მშვენიერებით, მოესიყვარულეთ ახლობელ ადამიანებს, მიულოცეთ ერთმანეთს ახალი წელი, აჩუქეთ მათ „დასამახსოვრებელი საჩუქარი“.

რა საჩუქარი? მას ფულით ვერ იყიდით, ის პოზიტივის მთავარი ატრიბუტია, რომელსაც გულწრფელობა უხდება. მან ბევრი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. მათ ცხოვრებას აზრი მიეცა, როდესაც გამოიყენეს ეს „დასამახსოვრებელი საჩუქარი“ - ღიმილი. ის არაფერი ღირს, მაგრამ ქმნის ბევრს. ის არის შთაგონება დაღლილთათვის, რწმენა სასოწარკვეთილთათვის, მზის სხივი დეპრესიაში მყოფთათვის და საუკეთესო ბუნებრივი საშუალება მწუხარების საწინააღმდეგოდ. უხვად გაეცით ღიმილი. გახსოვდეთ, რომ ყველაფერს ბუმერანგის ეფექტი აქვს. რასაც გასცემთ, ის დაგიბრუნდებათ. შესაბამისად, რაც უფრო მეტ ადამიანს გაუღიმებთ, პასუხად მეტ ღიმილს მიიღებთ.

 

გამოიყენეთ ახალი შანსი

გახსოვდეთ, ახალი წელი თქვენშია, მას თქვენ თავად ქმნით თქვენი განწყობით. ახალი წელი უფრო ღრმაა, შეუცნობელია. მის მთავარ არსს განწყობა წარმოადგენს. შეიყვარეთ საკუთარი თავი და დაიმახსოვრეთ, რომ წინ ახალი წელი, კიდევ ერთი ახალი შანსი გეძლევათ, თუმცა არ დაივიწყოთ ისიც, რომ „თქვენი დრო შეზღუდულია, ამიტომ ნუ დახარჯავთ მას  სხვისი ცხოვრებით ცხოვრებაში, ნუ გაებმებით დოგმათა მახეებში და ნუ იცხოვრებთ სხვისი ნააზრევის შედეგზე, ნუ მისცემთ საშუალებას სხვების მოსაზრებებს ჩაახშოს თქვეენი შინაგანი ხმა. ყველაზე მთავარია გამოიჩინოთ გამბედაობა, მიჰყვეთ თქვენს გულსა და ინტუიციას. მათ ზუსტად იციან ვინ ხართ და რა გსურთ სინამდვილეში, ყველაფერი დანარჩენი მეორეხარისხოვანია."

ბედნიერ წელს გისურვებთ!

| გააზიარე
მოგწონთ?