საზღვარი, რომელსაც უნდა გავცდეთ - 4 გზა წარმატებისკენ


„ცხოვრება არ არის შენი თავის პოვნა, ის შენი თავის შექმნაა, ისეთის, როგორზეც ყოველთვის ოცნებობდი“

ცხოვრებაში ყველაფრის კანონზომიერება არსებობს. თითქოს  ყველა დანიშნულების წერტილს ერთი საერთო გზა აქვს, რომელიც ყველამ ზუსტად ერთნაირად უნდა გაიაროს, თქვენც ეს სტატია ზუსტად იმიტომ გახსენით, რომ ეს გზა იპოვოთ, წარმატების საიდუმლო აღმოაჩინოთ და უკვე დაწერილი თავგადასავლის თქვენივე თავზე გამოცდა სცადოთ იმ იმედით, რომ ადრე თუ გვიან, თქვენც გაგიმართლებთ.  

დღეს მე განსხვავებულ წარმატების საიდუმლოს გაგიმხელთ, რომელზედაც აქამდე შესაძლოა არც გიფიქრიათ.  

წარმატება არ არის შემთხვევითობა, ის შრომა, სწავლა, დათმობა, ბრძოლა და რაც ყველაზე მთავარია, საქმის სიყვარულია. წარმატება საკუთარი თავით იწყება - არა სხვისი გზის გავლით, არამედ ახლის შექმნით. რამდენი ადამიანიც არსებობს, იმდენივე შესაძლებლობაა.

ნათქვამია, ,,წარმატებას თან სდევს თავდაჯერებულობა, მაგრამ თავდაჯერებულობის გარეშე წარმატებული ვერ იქნები”. სწორედაც ასეა. წარმატების საიდუმლოც ეს არის, შენი თავის იმედის ქონა, იმ იმედის, რომლითაც გჯერა, რომ შეძლებ უღრან ტყეში ჯერ არ არსებული ბილიკის გაკვალვას, შემდეგ კი დიდი გზის აგებას და გამარჯვებული დანიშნულების ადგილამდე მისვლას. ყველანაირი წარმატება თითოეული პიროვნებიდან იწყება. პოზიტიური გონების, შინაგანი სიმშვიდის, ბედნიერების და თავდაჯერებულობის გარეშე კი ამის მიღწევა შეუძლებელია.

 

„ჩვენ შეზღუდული ვართ მხოლოდ იმ კედლებით, რომლებსაც ჩვენვე ვაშენებთ ჩვენი თავისთვის“

 

ხშირად ვერიდებით სიტუაციებს იმის გამო, რომ შეცდომის დაშვების გვეშინია, უმეტესად კი სწორედ ამ დროს ვუშვებთ ყველაზე მეტ შეცდომას.

როგორ შეიძლება დაკარგული თავდაჯერების დაბრუნება? ეს 4 მარტივი რჩევა დაგეხმარებათ ბრძოლის სურვილის დაბრუნებაში:

 

1. გაიცანით საკუთარი თავი

ომის დროს მტერზე ვერ გაიმარჯვებ თუ მის შესახებ არაფერი იცი. ნეგატიური აზრების გათავისუფლების დროს კი საკუთარი თავის მტერი თქვენვე ხართ. ხშირად ადამიანებს სწორედ საკუთარი თავი ავიწყდებათ. გაიცანით ის, იპოვეთ პრობლემა, თვალი გაუსწორეთ მას, შემდგომში კი იბრძოლეთ მისი გამოსწორებისთვის.

 

2. იყავით ყოველთვის მზად

მზადყოფნა ყოველთვის მნიშვნელოვანია. მაგალითად, გამოცდისას უფრო თავდაჯერებული ხარ მაშინ, როდესაც მოემზადე ვიდრე მაშინ, როცა წიგნიც კი არ გადაგიშლია. ცხოვრებაც გამოცდასავითაა, მისთვის ყოველთვის მზად უნდა იყო.

 

3. დაიწყეთ მცირე მიზნებით

ხშირად ადამიანები არარეალურ მიზნებს ისახავენ, წარუმატებლობა კი მათ კიდევ უფრო თრგუნავთ. ამიტომ სჯობს მცირედით დაწყება, დაისახეთ პატარა მიზანი,  რომლის მიღწევას რეალურ დროში შეძლებთ. წარმატება კი გაგახარებთ, საკუთარი თავით იამაყებთ და მოტივაცია გექნებათ იმისა, რომ მომავალში უფრო მეტი შექმნათ.

 

4. მეტი პოზიტივი

უშეცდომო არავინ არის, ამიტომ ერთი დაცემის გამო, ნუ შეიძულებთ საკუთარ თავს. ხვალ ახალი დღე თენდება, ახალი დღე კი ახალი შესაძლებლობებია. იფიქრეთ პოზიტიურად და წარსული დატოვეთ იქ, სადაც არის.

„წარმატების მიღწევისთვის ორი რამ გჭირდება: იგნორი და თავდაჯერებულობა“ - მარკ ტვენი.

 

| გააზიარე
მოგწონთ?