პოზიტივის ქიმია


თითქმის ყველა ადამიანის დღე იწყება ასე: გადის სახლიდან, ჯდება მანქანაში/სამარშრუტო ტაქსიში, არაა გამორიცხული ფეხითაც წავიდეს. შემდეგ იკეთებს ყურსასმენებს, ანდაც არ იკეთებს (ადამიანს გააჩნია) და გზაში, რასაკვირველია, ათვალიერებს უღიმღამო ქუჩებს, ხალხს, მაღაზიებს და ათას რამეს. იგი იღლება ამ ერთფეროვნებით და დილიდანვე უაზრო ხასიათზე დგება.

რა არის პოზიტივი? პოზიტივი, ჩემი აზრით, ამ ყველაფრის ასე არდანახვაა. თითქმის წვრილმანებში ნაძებნი და მაინც გამონახული რაღაც, რაც ბედნიერს გხდის და საშუალებას არ გაძლევს ამ ქუჩებს, ამ ხალხს, ამ შუქნიშნებს და ამ სამყაროს ერთფეროვნად და უაზროდ უყურო.

პოზიტივი ერთგვარი ქიმიაა. აბა როგორია, ერთ შენთვის უაზრო დღეს გადაგეყაროს ვინმე ღვთისნიერი და ისეთ მაგარ განწყობაზე დაგაყენოს, შენი მთელი დღის უჟმური და უარაფრო სახე წამში ჩამოგრეცხოს და კვალიც წაშალოს აწ უკვე ცუდი ხასიათის. მერე თავადაც გიკვირს, რატომ იყავი ასე და იცი რატომ? იმიტომ, რომ ამ დღეს შენ ვერ იპოვე პოზიტივი.

ჩემი მეორე აზრით, აი, ასეთი ადამიანებიც თავადვე არიან პოზიტივები. ისინი ვინც სხვებს ბედნიერებას ჩუქნიან.

ბავშვობიდან მგონია, რომ ადამიანი (უფრო მისი შინაგანი ბუნება) მილიონობით "გალაქტიკებს", სამყაროებს მოიცავს (თავისივე ქვესამყაროებით). ჰოდა, ვფიქრობ, ასეთი დიდი ძალის და უამრავი, უსაზღვრო შესაძლებლობის მქონე არსებისთვის არც პატარა პოზიტივის პოვნა იქნება რთული საკუთარ (შეიძლება სხვისიც) ყოველდღიურობაში. ბედნიერება ხომ რეალურად მართლა წვრილმანებშია.

ყველაზე პოზიტიურ ხასიათზე მე ყოველი ახალი დღის გათენება მაყენებს. პოტენციური შესაძლებლობა იმისა, რომ, აი, ზუსტად ამ დღეს რაღაც ახალს, განსხვავებულს და მაგარს შევქმნი/გავაკეთებ.
ასეა, მგონი ეს.


თინათინ უგრეხელიძე

| გააზიარე
მოგწონთ?