სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსი


ცხოვრებაში ყველაფერი დაბალანსებას მოითხოვს, მათ შორის, სამუშაო და პირადი ცხოვრება. თუმცა, ხშირად ადამიანები მთლიანად ეფლობიან საქმეებში და პირადი ცხოვრებისთვის დრო აღარ რჩებათ. პირადი ცხოვრების გარეშე მხოლოდ სამსახურის საქმეები კი ნაკლებად პროდუქტიულს და ეფექტურს ხდის თქვენს საქმიანობას.

არ აქვს მნიშვნელობა, სად მუშაობთ და  რამდენს გიხდიან, მნიშვნელოვანია თქვენ თავზეც იზრუნოთ. მხოლოდ ასე შეძლებთ მუდამ იყოთ ღირებული აქტივი.

ბობ ნელსონი, ნელსონის მოტივაციების კორპორაციის პრეზიდენტი და პიტერ ექონომი ჟურნალ Leader to leader-ის ასოცირებული რედაქტორი თავიანთ წიგნში ,,მართვა მარტივად“ გვთავაზობენ სამსახურისა და პირადი ცხოვრების ბალანსისთვის შემდეგ რჩევებს:

▶ ნუ გახდებით ,,საქმეჰოლიკი“

იმისთვის რომ ზომიერება დაიცვათ, დილით სამსახურში მისვლისთანავე გადაღლილები არ იყოთ და დამქანცველი სამუშაო დღის შემდეგ დრო დაგრჩეთ ოჯახისთვის და მეგობრებისთვის, გაითვალისწინეთ ქვემოთ მოცემული რჩევები:

  • იმუშავეთ უფრო ნაკლები საათები. აიღეთ კვირაში 40 საათიანი სამუშაო გრაფიკი, ოღონდ არ დაარღვიოთ.
  • არასდროს წაიღოთ სამუშაო სახლში.
  • უფრო მეტი დრო ოჯახთან და მეგობრებთან ერთად გაატარეთ.
  • აიღეთ შვებულება, არ წაიღოთ თან სამუშაო და შვებულების დამთავრებამდე არც ოფისში შეიაროთ.
  • ივარჯიშეთ რეგულარულად.
  • დაუთმეთ დრო ლანჩს და შეეცადეთ, ამისთვის ოფისიდან გარეთ გახვიდეთ. 

▶ მართეთ სტრესი

ნუ დაელოდებით სხვას, რომ რამეს მოუხერხებს თქვენს სტრესულ მდგომარეობას. თვითონ იპოვეთ სტრესის მართვის გზა. სტრესის ეფექტურად მართვის ფორმულა ასეთია: შეცვალე, რისი შეცვლაც შეგიძლია და მიიღე ფაქტად რისი შეცვლაც არ შეგიძლია.

▶ ნუ გაირჯებით უმნიშვნელო საქმეებზე.

ჩვეულებრივი სამუშაო დღის საქმეების უმეტესობა უმნიშვნელოა - ბლანკების შევსება, რაღაცის დაბეჭვდა. შეიძლება დროის 80% დახარჯოთ და 20%-ის შედეგი მიიღოთ. საქმე ის არის, რომ ყველაფერი რასაც  აკეთებთ, პატარა საქმეებია. ასე რომ, ზედმეტად ნუ გაირჯებით! თუ ნერვიულობას აპირებთ, აჯობებს რაიმე მნიშვნელოვანზე ინერვიულოთ.

▶ დაისვენეთ.

ალბათ, დიდი ხანია, არ დაგისვენიათ და ცოტათი ,,დაიჟანგეთ“ კიდეც. როდესაც ისვენებთ და განტვირთვა გინდათ, რეალური დასვენება მოაწყეთ. გადით ოთახიდან სადმე ისეთ ადგილას, სადაც საქმეებისგან შორს იქნებით. გადით სასეირნოდ შენობის გარეთ. დაისვენეთ.

მაშ ასე, დააბალანსეთ სამსახური და პირადი ცხოვრება და იყავით უფრო მეტად ბედნიერი და პროდუქტიული.

| გააზიარე
მოგწონთ?