იპოვეთ თქვენი პოზიტივი


კუბიკები, ქერა ბიჭი, სტიპენდია და საწოვარა

დავფიქრდი ჩემს ცხოვრებაზე მოყოლებული ბაღის ასაკიდან დღემდე და ვცდილობდი გამეხსენებინა ამ ხნის განმავლობაში რა იყო ის, რაც მაცინებდა, მაბედნიერებდა, გულს მითბობდა და დადებითად მმუხტავდა. აღმოჩნდა, რომ ჩემთვის  სხვადასხვა ასაკში პოზიტივი სხვადასხვა რამ იყო:

ბაღის ასაკში ეს იყო სათამაშო, პატარა ასაწყობი თეთრი კუბიკები, რომლითაც შენობების აგება შეგეძლო. მასზე ყოველთვის დიდი მოთხოვნა იყო ბავშვების მხრიდან, თუ გამიმართლებდა და სხვებს დავასწრებდი მის აღებას, მთელი დღე ბედნიერი ვიყავი. 

სკოლის დაწყებით კლასში ეს იყო პატარა, თეთრი, ქერა ბიჭი, რომელიც მერხზე ჩემს გვერდით იჯდა, მისი ყოველი გამოხედვა და ბავშვური  ღიმილი ჩემთვის გაურკვევლად შიგნიდან მანთებდა და მახალისებდა.

სტუდენტობის  პერიოდში ეს იყო გამოცდიდან  გამოტანილი მაღალი ქულა, რადგან ვიცოდი რომ ამ სემესტრში სტიპენდიის დანიშვნის შემთხვევაში საშუალება მექნებოდა ამ თანხით კურსელებთან ერთად თუნდაც რესტორანში წავსულიყავი, ამ შემთხვევაში ჩემი პოზიტივი იყო მატერიალური დამოუკიდებლობის შეგრძნება. 

სტუდენტობის შემდეგ იყო ზარი მობილურზე, რომლითაც ვიგებდი, რომ მომდევნო დღეს გასაუბრებაზე ვიყავი დაბარებული.

დღევანდელ დღეზე შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი პოზიტივი არის პატარა 7 თვის ადამიანი, რომლის ყოველი ღიმილი და ბავშვური გამოხედვა  წამიერად მაინც გავიწყებს პრობლემებს, მის გვერდით შენც პატარა ბავშვი ხდები პამპერსით და პირში საწოვარათი.

არ ვიცი, სამომავლოდ რა ან ვინ იქნება ჩემთვის პოზიტივი, მაგრამ ის ყოველი ადამიანის ცხოვრებაშია და ყოველ საფეხურზე განსხვავებული რამ არის. პოზიტივის დასანახად და შესამჩნევად საჭიროა წამიერად შეჩერება და საკუთარ ცხოვრებაზე თვალის გადავლება.

გისურვებთ გეპოვოთ თქვენი პოზიტივი!


ნინო ტალაბაძე
 

| გააზიარე
მოგწონთ?