„პლატფორმა“...


''ადამიანები იდეალურები რომ ვყოფილიყავით, ცაზე მზის ჩასვლა-ამოსვლას დავჯერდებოდით“- ნათქვამია ფრანგი მწერლის, მიშელ უელბეკის რომანში „პლატფორმა“... 

ჩვენ არასდროს არ ვიქნებით იდეალურები, მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის ვისწრაფოთ იდეალურობისკენ... „პლატფორმა“ 21-ე საუკუნის ერთ-ერთი „ხმაურიან“ წიგნად იქცა და ავტორს, ფრანგ მწერალს მიშელ უელბეკს, პრობლემებიც უხვად მოუტანა: მწერალი რასიზმსა და ისლამოფობიაში დაადანაშაულეს.

ეს არის ერთ-ერთი წიგნი, რომლის ბოლო ფურცლებსაც ნებით თუ უნებლიეთ ნელ-ნელა ვკითხულობდი (არ ვყოფილვარ ერთადერთი მკითხველი ამ მდგომარეობაში)... არ არის აუცილებელი „პლატფორმა“ მოგწონდეთ. კითხვისას არც მე „ვგიჟდებოდი“ მასზე ბევრი მიზეზის გამო... ვერ გეტყვით: „პლატფორმამ“ ჩემი ცხოვრება შეცვალა“, უბრალოდ, მან უფრო დამაფიქრა, მაგრამ რა საჭიროა „გიჟდებოდე“?! მთავრია კრიტიკულად შევხედოთ, მივხდეთ რა უნდა შევცალოთ; რა უნდა გვძულდეს უჯრედის დონემდეც კი და თუ ერთი აბზაციც „გაგიჟების“ გარეშე უკეთესობისკენ შეგვცლის ე.ი. ღირებულება ჰქონია ამ წიგნს...

„პლატფორმა“ არ არის მხოლოდ ვნებების, უცნაური იუმორის, „ევროპული მარტოობის“ და „რა მინდა, რატომ ვარსებობ?“ განხილვა... ამ წიგნმა, უფრო დამანახა ადამიანური სიყვარულისა და თანაზიარობის საჭიროება. ეს არ არის „სხვისი“ პრობლემა, ესაა „ჩვენი“ პრობლემა - „როცა სიყვარული მთავრდება, ცხოვრება რაღაცნაირად პირობითი და ნაძალადევი ხდება... ადამიანის იერსახესა და საქციელს ინარჩუნებ, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად....“ ეს წიგნი კარგი საშუალებაა დასაფიქრებლად: რა გვინდა და რატომ გვინდა ის, რაც გვინდა? სად მივყავართ იმ „რაც გვინდას“?...

წიგნი კარგად ეხმიანება მარტოობას, ტერორიზმსა და კომერციალიზაციას: ყველაფერი ვიყიდოთ-გავყიდოთ, მთავარია ფული ვიშოვოთ... განვითარებული საზოგადოება სადამდე მიდის/დადის - თითქოს, არ იციან ადამიანებმა სად იპოვონ სიახლე, ნუგეში, სად და როგორ მოწყდნენ მტანჯველ მარტოობას... ადამიანი ადამიანობას კარგავს, ყველა თავისთვის ცხოვრობს, ვერ იაზრებენ, რომ ადამიანი ადამიანითაა, რომ „თუ წინ ვერ მიდიხარ, უკვე სიკვდილის ბუზი გაზის“. შეიძლება იაზრებენ, მაგრამ ცვლილებებს გამბედაობა სჭირდება - თუ რამე არ მოგწონს უნდა ადგე და შეცვალო, სცადო მაინც...

P.S. „აი, რა აღარ შეუძლიათ ევროპელებს: ისინი გაცემას, ჩუქებას გადაეჩვივნენ“... ვფიქრობ, ეს მარტო ევროპელების პრობლემა არაა, ეს თანამედროვეობის პრობლემაა. ჩვენ ხშირად იმდენად ვისწრაფვით დიდებისენ, ფულისკენ... რომ გვავიწყდება ადამიანურობის გაცემა,მაგრამ „პლატფორმა“ ჩემთვის უიმედო დასასრულით არ დასრულებულა, ყველაფერი, რაც ჩვენ გვიკავშირდება - ჩვენს ხელშია და ჩვენ შეგვიძლია ცვლილებების განხორციელება.


თამარ ნადარეიშვილი
პროექტი ''წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა''

| გააზიარე
მოგწონთ?