შექმენი ეფექტური სამოტივაციო წერილი და დასაქმდი წარმატებით.


ჩვენ წინა სტატიაში განვიხილეთ, თუ რა არის სამოტივაციო წერილი და რატომ არის სასურველი მისი გაგზავნა ვაკანსიაზე მაშინ, როდესაც მას დამსაქმებელი არ ითხოვს.

ახლა კი ვისაუბრებთ სამოტივაციო წერილის აგებულებაზე, გავიგებთ, თუ რა ნორმების დაცვაა საჭირო მისი შედგენისას, რათა დადებითი შთაბეჭდილება მოვახდინოთ დამსაქმებელზე. მაშ, ასე:

  1. იყავით გულწრფელი- სამოტივაციო წერილის შედგენა მარტივი არ არის, გამომდინარე აქედან, ზოგიერთი ადამიანი იყენებს შაბლონებს, რათა მათგან მოპოვებული მზა ინფორმაცია წარუდგინოს დამსაქმებელს. თუმცა, ივიწყებენ მთავარს. იმას, რომ ზედმეტად ფორმალიზებული წინადადებები ადვილად მიახვედრებს დამსაქმებელს, შეესაბამება თუ არა მონაყოლი სინამდვილეს. ამიტომ საჭიროა, გულწრფელად ისაუბროთ თქვენს რესურსებზე, მიღწევებსა და ენთუზიაზმზე.
  2. იყავით გამორჩეული-  გასათვალისწინებელია ისიც, რომ დამსაქმებელზე  უპირველეს შთაბეჭდილებას საწყისი ნაწილი ახდენს. ამიტომ, არ დაიწყოთ საუბარი არასაჭირო ინფორმაციით, რათა მკითხველმა არ დაკარგოს სურვილი, სრულად გაეცნოს თქვენს სამოტივაციო წერილს.
  3. ისაუბრეთ დადებით თვისებებზე-  აუცილებელია იმის აღნიშვნა, თუ რა სასარგებლო თვისებებისა და უნარ-ჩვევების მატარებელი ადამიანი ბრძანდებით, რათა განისაზღვროს, თუ რა წარმატების მოტანა შეგიძლიათ კონკრეტული სამსახურისთვის.
  4. გამოხატეთ ინიციატივა-  მოარგეთ სამოტივაციო წერილი კონკრეტულ ვაკანსიას, ესე იგი, გახადეთ ის სპეციფიკური. დამსაქმებლისათის აუცილებელია დაინახოს, რომ თქვენ კონკრეტულად მის კომპანიაში დასაქმება გსურთ და შესაბამისად, მაქსიმალურს გააკეთებთ ამისათვის.
  5. მოემზადეთ დროულად - არ დაელოდოთ ბოლო დღეებს  იმისათვის, რომ სამოტივაციო წერილზე მუშაობა დაიწყოთ, რადგან სისწრაფეში გაგიჭირდებათ იმ ყველაფრის გაანალიზება და თავმოყრა, რაც მის ეფექტურობას განაპირობებს. დაიწყეთ ფიქრი ვაკანსიის გაცნობის დღიდან და თავადვე შეამჩნევთ, რომ ყოველდღიურად უფრო და უფრო ნათელი გახდება, თუ როგორი უნდა იყოს თქვენი სამოტივაციო წერილის საბოლოო სახე.

ეს ის ძირითადი რჩევებია, რომელთა გამოყენებაც დადებითად განაწყობს დამსაქმებელს და გაზრდის დასაქმების შესაძლებლობას თქვენთვის სასურველ სამსახურში.

| გააზიარე
მოგწონთ?