25 წლის მეწარმის წარმატების ისტორია


მელანო დადალაური 25 წლის ახალგაზრდა მეწარმეა. იგი თავისი შრომისმოყვარეობით, მიზანდასახულობით, საქმიანობით და ზოგადად ცხოვრების  სტილით ნებისმიერი თაობის წარმომადგენელი ადამიანისთვის შეიძლება გახდეს მისაბაძი და მოტივატორი. 

მელანო წარმოშობით პანკისიდანაა, სოფელ  ყვარელწყლიდან. ილიას უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის-საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირების დამამთავრებელ კურსზეა და პარალელურად სწავლობს იენის უნივერსიტეტში ეკონომიკის ფაკულტეტზე.

ორი წლის წინ, ოჯახთან  ერთად დაიწყო სოკოს წარმოება თელავში და დღეს, 500 ლარით დაწყებული საქმე ყოველდღიურად ვითარდება, პროგრესირებს და მნიშვნელოვანი სიტყვის თქმასაც აპირებს სოფლის მეურნეობის განვითარების საქმეში. იგი ერთადერთი მსხვილი მიმწოდებელია  ადგილობრივ ბაზარზე და სამომავლოდ მიწოდების ფართოდ მასშტაბირებას გეგმავს.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯები?
საინტერესოა პირველი ნაბიჯების გახსენება. დაახლოებით 2 წლის წინ დავიწყეთ სოკოს მოყვანა, იდეა მამას ეკუთნოდა, რომელსაც სურვილი ჰქონდა, რომ შვილებს სოფელთან ურთიერთობა არ გაეწყვიტათ. ჯერ არ ვთვლი, რომ ბევრი გზა გავიარე მას შემდეგ, თუმცა ცხადია, რომ ყოველდღიურად ძალიან ვიზრდები, როგორც პროფესიულად, ისე პიროვნულად.

საკმაოდ ნელა მივიწევ წინ, მაგრამ სამაგიეროდ უკან არ გადამიდგამს არცერთი ნაბიჯი. ვერ ვიტყვი, რომ სოკოს მოყვანა მისმა სიყვარულმა გადამაწყვეტინა, ეს წმინდა კომერციული გათვლა იყო ბაზარზე არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე. სურვილი მქონდა მეწარმოებინა ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდებოდა და სარგებელს მომიტანდა არამარტო მე, არამედ მოსახლეობასაც. წარმოება დავიწყეთ მინიმალური დანახარჯებით. სოკო მხოლოდ წელიწადის იმ დროს მოგვყავდა, როდესაც ბუნებრივადაა შექმნილი კლიმატი მისი განვითარებისთვის. დღეს  კი ნებისმიერ  დროს,  სასათბურე  პირობებში უკვე შესაძლებლობა  გვაქვს  ვაწარმოოთ  სოკო მუდმივად. პირველი ნაბიჯები რთული, მაგრამ სასიამოვნო იყო. საკუთარ საქმიანობაზე დაკვირვებით დიდი გამოცდილება შევიძინე.

რა კონკრეტული ეტაპების და წინააღმდეგობების გადალახვა მოგიწიათ?

როცა ბიზნეს იწყებ გგონია, რომ ყველა შესაძლო ვარიანტი  განხილული და მოსალოდნელი შედეგი გათვლილი გაქვს, მაგრამ, როცა ამ სფეროში ახალბედა ხარ, ყოველ ნაბიჯზე აწყდები წინააღმდეგობებს, მოულოდნელობებს, რომლებზეც არც კი გიფიქრია და გიწევს თითქმის სპონტანურად, დროის მოკლე პერიოდში გადაწყვეტილებების მიღება. თავიდან ძალიან მიჭირდა მსგავს მოულოდნელობებთან გამკლავება, ემოციურად ვუდგებოდი ამ საკითხს და ვთვლიდი, რომ არ მქონდა საკმარისი გამოცდილება ამ საქმეს შევჭიდებოდი.

ერთხელ, როდესაც მსგავსი მოულოდნელი წინააღმდეგობის შემდეგ თელავის ერთ-ერთი კერძო კომპანიის შენობიდან გამოვედი და მანქანაში ჩავჯექი, თავი ხელებში ჩავრგე და ჩემდა უნებურად გამეღიმა, ვიგძენი რომ რაღაც გამიხარდა, ეს რაღაც მორიგი დაბრკოლება იყო, რომელიც უნდა გადამელახა და რომელიც უფრო აქტიურად ფიქრს მაიძულებდა. მას შემდეგ ყველა დაბრკოლებას სიხარულით ვხვდები, ისინი მე პიროვნულ და პროფესიულ ზრდაში მეხმარებიან. წინააღმდეგობები ვლინდებოდა ყველა ეტაპზე, დაწყებული სხვადასხვა ტექნიკის შეძენით, დამთავრებული ბაზრის ათვისებით და პარტნიორებთან თანამშრომლობით.

როგორ მოძებნეთ დღევანდელ ბიზნესში თქვენი ნიშა?
ბევრმა არ იცის, რომ კულტივირებული ხის სოკო (კალმახა), განსაკუთრებით უსაფრთხო, ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტია და იგი არ შეიცავს არანაირ შხამ-ქიმიკატებს. საჭმელად ვარგისი სოკო საკმაოდ ნოყიერი და მდიდარია უჯრედისით, ცილებით, მინერალებითა და ვიტამინებით. მას  დაახლოებით 2 000 სახეობის სამკურნალო თვისება გააჩნია. მედიცინაში სოკოს 100-ზე მეტი სახის გამოყენება აქვს. მას იყენებენ კიბოსთან, ჰეპატიტთან, ალცჰეიმერის დაავადებასთან საბრძოლველად და ქოლესტერინის დონის დასაწევად. აქედან გამომდინარე არ არის რთული ბაზარზე საკუთარი ნიშის დამკვირდება. სოკოზე მოთხოვნა ისედაც დიდია და ამ მხრივ მარკეტინგული საქმიანობები მცირე რაოდენობით განვახორციელეთ, თუმცა ვცდილობთ გავზარდოთ მოსახლეობის თვითშეგნება ორიენტირებულები იყვნენ ბიო პროდუქციაზე.

რა სირთულეებს უკავშირდება ბიზნესის კეთება საქართველოში?
ბიზნესის კეთების თვალსაზრისით რამდენიმე პრობლემა შემიძლია გამოვყო:

  • ინფრასტრუქტურის გაუმართაობა, განსაკუთრებით რეგიონებში, რის გამოც წარმოებული პროდუქცია დროულად ვერ ხვდება ბაზარზე.
  • კვალიფიციური მუშახელის სიმცირე.
  • ელექტროენერგიით შეფერხებით მომარაგება, მობილური თუ ინტერნეტ კავშირგაბმულობის არარსებობა საქართველოს სხვადასხვა მთიან რეგიონში.
  • გადახდისუუნარობის საქმის წარმოების, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცედურების დროში გაწელვა.


რას ურჩევთ მათ, ვინც ახლა იწყებს ბიზნესს საქართველოში? თქვენი ტოპ 5 რჩევა

  • დაიწყეთ საქმე რომელიც ძალიან გიყვართ, რადგან მასში თქვენი ძალიან დიდი დროისა და ენერგიის ჩადება მოგიწევთ. თუ  აკეთებთ საქმეს, რომელიც არ გიყვართ ვერც ფულს იშოვით და ვერც სიამოვნებას მიიღებთ.
  • დაიწყეთ ბიზნესის კეთება სანამ ახალგაზრდა ხართ, ნუ დაელოდებით დიპლომის აღებას და გამოცდილების დაგროვებას. გამოუცდელობას თქვენი საღი გონება და ენერგიულობა შეგიძლიათ დაუპირისპიროთ.
  • კარგად შეისწავლეთ ბაზარი, რომლის ათვისებასაც აპირებთ.
  • აწარმოეთ პროდუქტი ან მომსახურება, რომელიც 20 წლის შემდეგაც ასეთივე აქტუალური იქნება.
  • გადაამოწმეთ ყველა და ყველაფერი. არ ენდოთ საკუთარ თავსაც კი.


რას ურჩევთ მათ ვისაც საქართველოდან წასვლა სურთ?
ვთვლი, რომ ადამიანს, რომელსაც შრომა უყვარს, ყველგან იპოვის საკუთარ თავს. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი პრობლემაა საქართველოში, თუნდაც ბიზნესის კეთების მხრივ, მაგრამ უპირატესობაც ბევრია. რაც შესაცვლელია ისევ ჩვენ უნდა შევეჭიდოთ და მიმართულება შევუცვალოთ, ამისთვის კი დაუღალავი შრომა და კარგი განათლებაა საჭირო.
თუ ადამიანი თვლის, რომ უკეთესი განათლებისა და გამოცდილების მისაღებად ქვეყანა უნდა დატოვოს, მე მხოლოდ მივესალმები მათ მონდომებას. თუმცა,  დაბრუნებას  და  დაგროვებული  განათლების, კვალიფიკაციის  და  გამოცდილების  მოხმარებას  საკუთარი  ქვეყნისთვის  და  ხალხისთვის  უპირველეს  მოვალეობად  უნდა  თვლიდნენ. საჭიროა, ბევრი დასავლური თუ აღმოსავლური სტანდარტის გათავისება, მორგება  ქართულ  რეალობაზე და დამკვიდრება საქართველოში. ჩვენ უნდა შევძლოთ და შევქმნათ ისეთი პერსპქტიული გარემო, რომელიც განათლებულ  და  კვალიფიციურ  კადრებს სამშობლოში დაბრუნებას გაუადვილებს.

როგორია თქვენი სამომავლო გეგმები?
ამჟამად გერმანიაში იენის უნივერსიტეტში ვსწავლობ, ამიტომ ბიზნეს საქმიანობა დროებით ჩემმა პატარა დამ - გვანცა დადალაურმა გადაიბარა. სექტემბრიდან ვგეგმავთ წარმოების მოცულობის გაზრდას.

მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იგეგმება, რადგან ათასობით კილომეტრის დაშორებით ბიზნესის მართვა უბრალოდ წარმოუდგენელია. გერმანიაში ვესტუმრე რამდენიმე სასათბურე მეურნეობას, გავეცანი ახალ ტექნოლოგიებს. საქართველოში ახალი იდეებით და გამოცდილებით დავბრუნდები. ამჟამად ვმუშაობ YPARD Georgian Team-თან ერთად საერთაშორისო პლატფორმის YPARD (Young Professionals for Agricultural Development) - ის ვებ გვერდზე ქართული გვერდის შექმნაზე. სადაც განთავსდება ინფორმაცია საქართველოს სოფლის მეურნეობის შესახებ, როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

რა თვისებები უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომელსაც ბიზნესის კეთება სურს?
უპირველეს ყოვლისა, უნდა იყოს თავდაჯერებული და მიზანსწრაფული. შრომისმოყვარე და  ენერგიული. დამოუკიდებლად და დროის მოკლე პერიოდში გადაწყვეტილების მიღება უნდა შეეძლოს, უცხო გარემოში სწრაფად უნდა ინტეგრირდეს და  მუდამ ფხიზელი და  დაკვირვებული   თვალებით შეხედოს საქმეს.
 

| გააზიარე
მოგწონთ?