5 რომანტიკული ფილმი, რომელიც შემოდგომაზე აუცილებლად უნდა ვნახოთ


არსებობს ისეთი ფილმები, რომელთა ყურებაც წელიწადის ნებისმიერ დროს დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მაყურებელზე, თუმცა, მიუხედავად ამისა, გვაქვს ისეთი ფილმები, რომელთა  ნახვა გარკვეულ სეზონზე  უფრო შთამბეჭდავია. იმის გამო, რომ ზამთრის დადგომამდე დიდი დრო აღარ დარჩა, უნდა ვიჩქაროთ, გავამზადოთ ფინჯანი ჩაი და საყვარელ ადამიანებთან ერთად ვუყუროთ ფილმებს, რომლებსაც უხდება ნოემბრის სუსხიანი ამინდები, ფოთოლცვენა ქუჩებში, სითბო და სიმყუდროვე სახლში.

 

 „ტკბილი ნოემბერი“  - „Sweet November“

ამ ფილმში მაყურებელი საკუთარი სულის ნაწილს აღმოაჩენს, რადგან ფილმის ნახვის შემდეგ თითოეულ ჩვენგანს აუცილებლად გაუჩნდება სურვილი, სწორედ რომ შემოდგომაზე განვიცადოთ მსგავსი სიყვარული  და საყვარელ ადამიანთან ერთად გატარებულ თვეს ვუწოდოთ - ტკბილი ნოემბერი. ფილმში ულამაზესი სასიყვარულო ისტორიაა ასახული. ნელსონი, რომელმაც სარეკლამო აგენტობის კარიერას თავი შესწირა, ერთ დღეს მანქანის მართვის გამოცდაზე გაიცნობს ქალს, რომელიც ძალიან განსხვავდება სხვა დანარჩენი ქალებისგან. საბოლოოდ, ნელსონი საცხოვრებლად მასთან  გადავა და მთელ ნოემბრის თვეს სარასთან გაატარებს. სამწუხაროდ, ფილმს სევდიანი დასასრული აქვს, მაგრამ მიუხედავად ამისა, ფილმში ნაჩვენები ეპიზოდები, შემოდგომის პეიზაჟები და ფოთოლცვენა ბაღებში, კინომოყვარულებზე  დაუვიწყარ შთაბეჭდილებას  ახდენს.
 

„შემოდგომა ნიუ-იორკში“ – „Autumn in New York“

ნიუ-იორკის ცენტრალურ პარკში აუცილებლად ერთხელ მაინც უნდა მოვხვდეთ შემოდგომაზე, რომ ბოლოს და ბოლოს  ჩავისუნთქოთ ჰაერი, რომელიც ადამიანებს ქუჩებში ხეტიალისა და შეყვარებისკენ უბიძგებს. სწორედ ამ პარკში გადაღებული შემოდგომის ულამაზესი პეიზაჟები მეტ მაგიურობას სძენს  ფილმის მთავარი გმირების დაუვიწყარ სიყვარულის ისტორიას. უილ კინი ნიუ-იორკში რესტორნის მეპატრონე და 50-ს მიღწეული მამაკაცია. მას არასდროს მოსწონებია ვინმე სერიოზულად, სანამ შარლოტა ფილდინგს შეხვდებოდა. შარლოტა უილზე გაცილებით პატარაა, იგი მხოლოდ 21 წლისაა, თუმცა ასაკში სხვაობა ხელს არ უშლით თავდავიწყებით გადაეშვან სასიყვარულო თავგადასავალში.

 

„როცა ჰარი შეხვდა სალის“  - „When Harry met Sally“

ჰარი და სალი დიდი ხანია, რაც ნაცნობები არიან. ისინი ყოველთვის დახმარების ხელს უწვდიან ერთმანეთს სხვადასხვა რთული სიტუაციების დროს. მაშინაც კი, როცა ცხოვრება მათ დააშორებს, გარკვეული დროის შემდეგ მაინც შეხვდებიან. ისინი ნამდვილი მეგობრები არიან, თუმცა იქნებ მეგობრებზე მეტი უნდა გახდნენ ერთმანეთისთვის? ფილმში ყველაზე რომანტიკული ეპიზოდები შემოდგომაზე, გადაყვითლებული ნიუ-იორკის ფონზეა გადაღებული. ცენტრალურ პარკში გადაღებული გასეირნების სცენა  ერთნაირ შთაბეჭდილებას ახდენს ნებისმიერი ასაკის მაყურებელზე.
 

„ბაღების ქვეყანა“ - „Garden State“

ზაფხული დასრულდა და ენდრიუ ნიუ-ჯერსიში ბრუნდება. მას დეპრესია აწუხებს და ამ პრობლემის მოსაგვარებლად წამლების მიღებაც კი უწევს. ის ყველაფერს ნაცრისფერ ფერებში ხედავს, სანამ მშვენიერ სემს არ შეხვდება. სემის როლს ფილმში ნატალი პორტმანი ასრულებს. გოგონასთან შეხვედრების შემდეგ ენდრიუ მშვიდდება და ცხოვრების ხალისი უბრუნდება. მსგავს შეხვედრას კიდევ უფრო რომანტიკულს ხდის ირგვლივ არსებული შემოდგომა.

 

„სიამაყე და  ცრურწმენა - „Pride and Prejudice“

ჯეინ ოსტინის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია არაერთხელ გაეხვა კრიტიკის ქარცეცხლში, თუმცა, მიუხედავად ამისა, შეუძლებელია არ მოგხიბლოთ ფილმმა, რომელშიც მოქმედება ინგლისში ხდება. ხუთი დის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მეზობლად ორი ახალგაზრდა ჯენტლმენი - მისტერ ბინგლი და მისტერ დარსი ჩამოდიან. შეუძლებელია არ აღფრთოვანდეთ  ინგლისის პეიზაჟებით და ნიჭიერი მსახიობებით, რომლებიც მოცემულ ფილმში თამაშობენ.

 

| გააზიარე
მოგწონთ?