ცვლილება თითოეული ჩვენგანით იწყება - „ზოოტოპია“


მნიშვნელობა არ აქვს რამდენად შორსაა თქვენი ოცნება რეალობისგან, გახსოვდეთ, რომ ოცნებებს სასწაულებრივი ძალა აქვს და წარმოუდგენელიც კი შესაძლებლად იქცევა, თუ თქვენ ნამდვილად გსურთ ეს!

ეს არის სტატია მათთვის, ვისაც აქვს ოცნება, თუმცა საკმარისად არ სჯერა საკუთარი შესაძლებლობების.

ჯუდი ჰობსის წარმატების ისტორია კიდევ ერთხელ დაგარწმუნებთ უოლტ დისნეის სიტყვების ჭეშმარიტებაში:
                       

   ,,თუ შეგიძლია იოცნებო, ესე იგი შეგიძლია გააკეთო კიდეც’’ 

 

ჯუდი ჰობსი სტაფილოს მომყვან კურდღელთა ოჯახის შთამომავალია, რომელმაც პოლიციის ოფიცრობა გადაწყვიტა. მან აღმოაჩინა, რომ ზოოტოპიის  მოსახლეობა ორ ნაწილად იყოფა: მტაცებლებად და მშვიდ ნადავლად. მიუხედავად იმისა, რომ მას ბედმა პატარა ფუმფულა ბოცვერად ყოფნა არგუნა, რომლის მსგავსი პოლიციელიც ისტორიას არ ახსოვს, ის მაინც არ დანებდა და გადაწყვიტა სამყარო უკეთესობისაკენ შეეცვალა.

,,ჯუდი, ოდესმე გიფიქრია მე და დედაშენი რატომ ვართ ასეთი ბედნიერები? ჩვენ ოცნებებზე უარი ვთქვით და ოჯახის შექმნა გადავწყვიტეთ. მშვიდად ყოფნა ამიტომ არის ბედნიერება, თუ ახალს არაფერს ცდი, ვარიანტი არ არის რომ დამარცხდე’’ - ასე ფიქრობს ჯუდის მამა და შვილს ურჩევს სტაფილოს მოყვანით დაკავდეს, თუმცა პატარა კურდღელს სჯერა, რომ ოცნების ქონა კარგია და თავისი პატარა ნაბიჯებით მიიწევს დიდი მიზნისაკენ, პარკინგის ინსპექტორობიდან პოლიციის ოფიცრობამდე.

ყოველ ახალ გამოწვევას თან ახლავს შიში, რადგან ჩვენ არ შეგვიძლია დავინახოთ გვირაბის ბოლო, თუმცა ცხოვრება სწორედ ამით არის საინტერესო. არასოდეს ვიცით რა გველოდება, ამიტომ ცდად ყოველთვის  ღირს, რომ ავიღოთ გონივრული რისკები.

 

,,თქვენ ვერასოდეს შეცვლით საკუთარ ცხოვრებას, სანამ არ გადმოაბიჯებთ კომფორტის ზონიდან, ცვლილება იწყება  თქვენი კომფორტის ზონის დასასრულიდან’’  - როი ტი ბენეტი.

 

მე შევხვედრივარ ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ უნიკალური ოცნებები, თუმცა ვერ უახლოვდებოდნენ თავიანთ დიად მიზნებს მხოლოდ იმიტომ, რომ საკმარისად არ სჯეროდათ  საკუთარი შასაძლებლობების. სწორედ ამიტომ საჭიროა უფრო ხშირად ვუთხრათ სიტყვები: ,,მე მჯერა შენი,’’ ,,დარწმუნებული ვარ, ყველაფერი გამოგივა,’’ ,,შენ აუცილებლად მიაღწევ იმას, რაც გულით გინდა’’ და უფრო ხშირად შევახსენოთ ერთმანეთს, რომ შეუძლებელი არაფერია!


თუ თქვენ გსურთ მიაღწიოთ მიზანს, უპირველეს ყოვლისა, უმჯობესია გაწყვიტოთ ურთიერთობა იმ ადამიანებთან, ვინც უარი თქვეს საკუთარ ოცნებებზე და არ სჯერათ თქვენი. ნურასოდეს გაითვალისწინებთ ასეთი ადამიანების რჩევას ,,იქნებ რაიმე სხვა გეცადა’’. როგორც ჯუდის მეგობარი მელა ნიკოლას ვაილდი ამბობს, ,,არასოდეს მისცეთ უფლება სხვებს, თქვენს გულს შეეხონ’’. გააკეთეთ ის, რაც გულით გინდათ და აუცილებლად  ყველაფერი გამოგივათ! 

მათ კი, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს ოცნება, ვურჩევდი: უსმინეთ საკუთარ გულს და ის აუცილებლად მიგიყვანთ თქვენს ოცნებამდე!

გახსოვდეთ, რომ თქვენი ოცნება უნიკალურია, რომლის მსგავსიც არავის აქვს და მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ ის რეალობად აქციოთ. ყველაფერი შესაძლებელია, რასაც ინატრებთ, ამიტომ ნურასოდეს დანებდებით!გახსოვდეთ ჯუდი ჰობსის სიტყვები: ,,ცვლილებები თქვენით იწყება, ცვლილება ჩემით იწყება, ცვლილება თითოეული ჩვენგანით იწყება’’

 

| გააზიარე
მოგწონთ?