გაიცანით კაცი, რომელმაც სამყარო შეცვალა - ნელსონ მანდელა - ცნობილი ფაქტები


მანდელას 3 სახელი
დაბადებისას როლიჰლალა დაარქვეს, რაც ნიშნავს ''ის, რაც პრობლემებს ქმნის''. ინგლისური სახელი - ნელსონი სკოლაში მისვლის პირველივე დღეს დაარქვა მასწავლებელმა - მდინგანემ. 1920-იან წლებში ყველა აფრიკელ ბავშვს ინგლისური სახელებით მიმართავდნენ, რათა ბრიტანელ კოლონისტებს წარმოთქმა არ გაძნელებოდათ.  ნელსონ მანდელა ასევე ცნობილია, როგორც - მადიბა.

ციხეში გატარებული საუკუნის მეოთხედი
27  წლიანი პატიმრობის პერიოდში დაუსწრებლად დაამთავრა ლონდონის უნივერსიტეტი და იურისტის ბაკალავრის ხარისხიც მიიღო. პატიმრობის ბოლო წლებში გატარებულ ადგილზე ახლა მისი მონუმენტი დგას.
 


შვილის დასაფლავება
ციხეში მყოფ ნელსონს უფროსი შვილი ავტოკატასტროფაში დაეღუპა. მანდელას შვილის დასაფლავებაზე დასწრების უფლება არ მისცეს.

ტერორიზმის შავი სია
შავ სიაში წლების მანძილზე იმყოფებოდა და მხოლოდ 2008 წლიდან, 89 წლის ასაკში აღარ ფიქსირდებოდა მასში მისი სახელი.

ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღე
18 ივლისი ნელსონ მანდელას დაბადების დღეა. 2009 წლიდან ეს თარიღი აღიარებულია, როგორც ნელსონ მანდელას საერთაშორისო დღე.

პირველ ლედიზე ქორწინება 80 წლის ასაკში
გრასა მეიჩელი მოზამბიკის პრეზიდენტის - სამორ მეიჩელის მეუღლე გახლდათ. მისი გარდაცვალების შემდეგ კი მანდელაზე დაქორწინდა, რითიც ფაქტობრივად 2 ქვეყნის პირველი ლედი გახდა.

შენიღბვის ოსტატი
ნელსონ მანდელა შენიღბვის ნამდვილი ოსტატი გახლდათ. ფერადკანიანთა თავისუფლებისთვის მებრძოლი 17 თვის განმავლობაში იძებნებოდა. ამ ხნის მანძილზე თავს ასაღებდა მუშად, პოვრად, დაპატიმრების მომენტში კი მძღოლის ამპლუაში იმყოფებოდა.

ლექსებში ნაპოვნი შთამაგონებელი მოტივაცია
კუნძულზე ციხეში ყოფნისას ის პატიმრებს უილიამ ჰენლის ლექსებს უკითხავდა წიგნიდან - „დაუმორჩილებელი“. „მე ვარ ჩემი ბედის  ბატონი. მე ვარ ჩემი სულის კაპიტანი“ - სწორედ ეს ფრაზები ჟღერს იმავე სახელწოდების ფილმში, რომელშიც ნელსონ მანდელას პერსონაჟს მორგან ფრიმანი ასრულებს.

საშიში სპორტის სიყვარული
პოლიტიკის გარდა ბოქსის სიყვარულითაც გამოირჩეოდა. მას იზიდავდა არა ამ სპორტის სისასტიკე, არამედ მისი სტრუქტურის ტაქტიკა, თუ როგორ უნდა დაიცვა საკუთარი თავი დარტყმისგან, აირიდო, შეუტიო და ზოგადად როგორ აკონტროლო თავი ამ ბრძოლაში.

50-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო
აშშ, მექსიკა, კანადა, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი - ეს იმ ქვეყნების არასრული ჩამონათვალია, რომლებმაც ნელსონ მანდელა საერთაშორისო ორდენებით დააჯილდოვეს, ამასთან ერთად ის ნობელის პრემიის ლაურეატი და ლენინის ორდენით დაჯილდოებული ბოლო კანდიდატია. გარდა ამისა, თანამედროვე ეპოქის 100 გენიას შორის საპატიო ადგილი უჭირავს.

ციტატაში ასახული თავმდაბლობა
მან კარგად იცოდა საკუთარი ნაკლოვანებების შესახებ და ყოველთვის, როდესაც  გმირად მოიხსენიებდნენ, ამბობდა:
 

  • „მე ერთი უბრალო ადამიანი ვარ, რომელიც ლიდერი მხოლოდ იმიტომ გახდა, რომ გარემოებებმა ასე განაპირობა“.
  • „მე თავდაჯერებული ოპტიმისტი ვარ. იყო ოპტიმისტი ნიშნავს - უყურებდე მზეს და მიიწევდე წინ“.
  • „არც ისე რთულია საზოგადოების შეცვლა, გაცილებით რთულია შეიცვალო თავად“.



სალომე მარშანია

| გააზიარე
მოგწონთ?