ჯანსაღი ცხოვრების როლი ყოველდღიურობაში


21-ე საუკუნე ტექნოლოგიების ხანად მიიჩნევა, სადაც ადამიანს უადვილდება ყოველდღიურობა ტექნიკის საშუალებით. შესაბამისად, შემცირებულია მისი ფიზიკური აქტივობა და დატვირთვა. რა თქმა უნდა, ყველას სურს მისდიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს, იყოს უფრო ჯანმრთელი, იკვებოს სწორად, აკონტროლოს წონა და ამასთან ერთად, იყოს დაკავებული თავისი საქმით. თუმცა ეს ყველაფერი დაკავშირებულია დროზე და მის სწორად გადანაწილებაზე, რაც საკმაოდ რთულია. ჯანსაღი ცხოვრების წესი არ გულისხმობს მუდმივად სპორტ დარბაზებში სიარულს, ამის ფუფუნება, ხშირ შემთხვევაში, ყველას არ აქვს დროის თუ სხვა პრობლემის გამო, სწორედ ამიტომ არსებობს რჩევები, რომლებიც დაგეხმარებათ, იყოთ მეტად პროდუქტიულები მთელი დღის განმავლობაში:

 

1.დაიწყეთ დილა ხილითა და ბოსტნეულით. საკვები ადამიანის ორგანიზმისთვის სასარგებლო ნივთიერებათა ძირითადი წყაროა. ვიტამინები, რომლებსაც ხილი და ბოსტნეული შეიცავს, გაჟღენთილია საჭირო და სასარგებლო ნივთიერებებით, რაც აუცილებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. A ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს სწორედ ხილი და ბოსტნეული. B ჯგუფის ვიტამინები ხელს უწყობენ ზრდასა და ნერვული სისტემის მოწესრიგებას. ამ ვიტამინების ნაკლებობა ემუქრება მას, ვინც არაჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს. B ჯგუფის ვიტამინებს შეიცავს მწვანე ბოსტნეული, ასევე სტაფილო, ნესვი და სხვა. C ვიტამინი არის ციტრუსსა და ბოსტნეულში. ეცადეთ, ყოველი დღე დაიწყოთ ხილითა და ბოსტნეულით, რათა თქვენმა ორგანიზმმა მიიღოს საჭირო ნივთიერებები, რაც დაგეხმარებათ იყოთ უფრო ჯანმრთელები და პროდუქტიულები.

 

2.იარეთ ფეხით ცოტახნის განმავლობაში მაინც. თუ იმდენად დაკავებული ხართ, რომ გარეთ გასვლას ვერ ახერხებთ, შეგიძლიათ თუნდაც მცირე მანძილი გაიაროთ სამსახურამდე ან სამსახურის შემდეგ. ასევე შესაძლებელია იაროთ, სანამ რაიმეს აკეთებთ. მაგალითად დაფიქრდით, რამდენჯერ საუბრობთ დღის განმავლობაში ტელეფონზე, შეგიძლიათ ამ დროს იაროთ და ვერც იგრძნოთ ფიზიკური დატვირთვა. ფეხით სიარული აუცილებელია ორგანიზმისთვის, ამიტომ გამონახეთ დრო და საშუალება ამისთვის. დასვენების დღეებში კი განსაკუთრებით ეცადეთ, გაზარდოთ თქვენი ფიზიკური დატვირთვა, პირველ რიგში ისეირნეთ მეტი. მოძრაობა გაგიუმჯობესებთ როგორც ფიზიკურ, ასევე სულიერ განწყობას.

 

3.ყურადღება მიაქციეთ ძილს. სრულფასოვანი ძილი ჯანმრთელობის ერთ-ერთი პირველი წყაროა. უძილობის შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი იფიტება და სუსტდება. ამ დროს მუდმივად თან გდევთ დაღლილობის და სისუსტის შეგრძნება, ასევე ნერვული არამდგრადობა. შესაბამისად, ნაკლებად მობილიზებული ხართ საქმეზე. შესაძლოა ღამეს სამსახურისთვის ათენებდეთ, მაგრამ ეს სრულიად გამოუსადეგარია, რადგან სწორად ძილის შემთხვევაში, მეტად პროდუქტიულები იქნებით.

 

ეცადეთ, გაითვალისწინოთ ზემოთ ჩამოთვლილი რჩევები და მეტი ყურადღება დაუთმოთ ცხოვრების ჯანსაღ წესს. ეს დაგეხმარებათ, იყოთ უფრო ჯანმრთელები, თავდაჯერებულები, წარმატებულები და ბედნიერები.

| გააზიარე
მოგწონთ?