''პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი"


''ერთხელ მე ვნახე ღარიბი შეყვარებული. მას ეხურა ძველი ქუდი, დახეული პალტო და ფესსაცმელები, მაგრამ მის სულში ვარსკვლავები კიაფობდნენ.''  (ვიქტორ ჰიუგო) 

იმ წიგნებიდან, რომლებიც ჩემს სახლში ცხოვრობენ და წლებია ასე მყუდროდ დაუდიათ ბინა თაროებზე, ზოგიერთი ჩემს დაბადებამდე მობრძანებულა, ზოგიც შემდგომ მესტუმრა თავის გმირებთან ერთდან, რომლებიც ჩემს წარმოსახვათა განყოფილებაში ცოცხლდებიან და იდებენ ბინას. წიგნები, რომლებიც ჩემი მეგობრები გახდნენ.

ძალიან გამიძნელდა ამომერჩია ჩემი სულის საყვარელი, ჩემთან უფრო ახლოს მყოფი და გამორჩეული, რომლის გმირებს კითხვის დროს აჩრდილივთ დავყვებოდი ჩემს წარმოსახვაში. იმ დიდებულ ტაძარში. სიყვარულის ტაძარში.  წიგნების სამყაროში ახალფეხადგმულს დახმარება მჭირდებოდა. ამიტომ წიგნებს ყოველთვის მამიდა მირჩევდა. იყო ერთი წიგნი ჩემს ბავშვობაში, რომელსაც ფარულად ვეტრფოდი, რომლის ცისფერ ხავერდოვან სამოსელზე ოქროსფერი ვარსკვლავებით მოციმციმე ასოების კითხვა დავიწყე. ვიქტორ ჰიუგო ''პარზის ღვთისმშობლის ტაძარი.'' იმ დღის შემდეგ ამ წიგნზე ''ჯვარი დავიწერე.'' ამ წიგნმა მომტაცა გონება. წლების შემდეგ შეყვარებულმა გამოვიღვიძე. გასაოცარია მწერლის ფანტაზიისა და რეალობის შერწყმა, რომელიც გონებას ათრობს, თვალს იტაცებს და გულს ატკბობს. ვიქტორ ჰიუგო, ფრანგული ლიტერატურის რომანტიზმის ლიდერი, რომელმაც ანდამატივით მიიზიდა საზოგადოება თავის ხელიხელსაგოგმანებებლი შემოქმედებით და რომელმაცსიცოცხლეშივე აიგო ხალხის გულში მარადიული ძეგლი.

სიტყვა,''АNАГКH'' რაც ქართულად „ბედისწერას" ნიშნავს. სწორედ ეს სიტყვა იქცა უდიდესი რომანისთვის ზეშთაგონების წყაროდ და სწორედ „ბედისწერამ" დაბადა ყველა დროის ერთ-ერთი უბრწყინვალესი წიგნი - ''პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი". რომლის მთავარ ღირებულებასაც სიყვარული წარმოადგენს.  სიყვარულის სიდიადე, რომლის საშუალებითაც თვით მხეცისებრ, ველურ ადამიანს (კვაზიმოდოს) გარდაქმნის სისპეტაკის და სამართლიანობისთვის ბრძოლის პიროვნებად. ეს ყრუ და მუნჯი ადამიანი სიყვარულის გამო სიცოცხლესაც კი თმობს, მაშინ როდესაც ანგარებიანი და ვნებიანი სიყვარული მაღალი ინტელექტუალური ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანს ბოროტებას ჩაადენინებს და მხეცად აქცევს.

ჰიუგომ დედობრივი სიყვარულის ხატი შექმნა განდეგილით, რომელიც ბოლოს ისტორიის გასაღებად იქცა. ეს წიგნი დღემდე მასწავლის, რომ ეს ცხოვრება არის კეთილისა და ბოროტის, სინათლისა და სიბნელის, სამართლიანობისა და უსამართლობის, სიყვარულისა და სიძულვილის ბრძოლა.

გენიალური ვიქტორ ჰიუგოს მსგავსად, რომელმაც 1831 წელს შედევრი „ პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი" დაწერა, დედამიწაზე სხვამ ვერავინ შეძლო, ღვთაებრივ სიმაღლემდე აეყვანა ადამიანის სიმახინჯე და მშვენიერება.

ამ წიგნმა ჩემს გულში აუო ტაძარი კვაზიმოდოს. შემოქმნა ხატი სიყვარულის. რა ბედნიერია ვინც გრძნობების მეფეს ემსახურება და ეტრფის, ვისაც კვაზიმოდოსნაირი სიყვარული შეუძლია, ვის ბედისწერასაც სიყვარული აურჩევია მეგობრად. სიყვარული ხომ თავად ღმერთია.


მარიამ მოდებაძე

პროექტი ''წიგნი, რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა''

| გააზიარე
მოგწონთ?