5 რჩევა, რომელიც დაგეხმარებათ ნიშნების გაუმჯობესებაში


ბევრი სტუდენტისა და მოსწავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მაღალი ნიშნები. ისინი სხვადასხვა საშუალებითა და განსხვავებული მონდომებით ცდილობენ, დაიმსახურონ დადებითი შეფასება. არსებობს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელთა გათვალისწინება და პრაქტიკაში დანერგვა მნიშვნელოვნად გაზრდის და გააუმჯობესებს თქვენს ქულებს.

 

1. იყავით ორიენტირებული ცოდნის მიღებაზე

როდესაც თქვენ სიღრმისეულად შეისწავლით საკითხს, იღებთ საფუძვლიან ცოდნას და მუდმივად ცდილობთ მეტის გაგებას, ეს აუცილებლად დადებითად აისახება თქვენს შეფასებაზე. გაითვალისწინეთ, რომ მაღალი შეფასება ცოდნის გარეშე მხოლოდ ციფრებია.

 

2.დასვით იმდენი შეკითხვა, რამდენიც გექნებათ

ადამიანებს შეკითხვების დასმა ხშირად გარკვეულ დისკომფორტს უქმნის. ეს ერთგვარი კომპლექსია, რაც ქვეცნობიერში არსებობს და მათ აფიქრებინებს, რომ კითხვის დასმა უცოდინრობისა და გაუნათლებლობის გამოვლინებაა. თუმცა პირიქით, ეს იმას ნიშნავს, რომ გვსურს გავიგოთ მეტი, მივიღოთ ამომწურავი ინფორმაცია და შევავსოთ ყოველგვარი სიცარიელე, რაც მოცემულ საკითხს ეხება. კითხვაზე მიღებული პასუხი ხომ ჯაჭვის ერთი რგოლია, რომელიც განსაზღვრავს მის სრულყოფილებას.

 

3. იმუშავეთ მეტი დამოუკიდებლად

ძალიან კარგია, როცა მასწავლებლებისა და ლექტორების მითითებებს მიჰყვებით და მათ მიერ შემოთავაზებულ ლიტერატურასა და მასალებს ეცნობით, თუმცა შედეგი ბევრად ეფექტური იქნება, თუ ამ ყველაფერს თქვენი ინიციატივა დაემატება. კარგი იქნება, თუ დამოუკიდებლადაც მოიძიებთ ინფორმაციას და გაეცნობით დამატებით ლიტერატურას. ასე ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იქნებით, გაიზრდება თქვენი აქტიურობაც აუდიტორიაში, რადგან ბევრი კარგი არგუმენტი და პასუხი გექნებათ საკითხთან დაკავშირებულ კითხვებზე. ამ გზით უფრო მოგემატებათ თავდაჯერებულობა და ნიშნებსაც გააუმჯობესებთ.

 

4. იყავით თავდაჯერებულები 

თუ თქვენი პასუხები აუდიტორიის წინაშე თავდაჯერებულად იქნება გაჟღერებული, ეს ზეგავლენას მოახდენს თქვენს შეფასებაზეც. თუ დარწმუნებული ხართ თქვენს მოსაზრებაში, არ შეგეშინდეთ აზრის დაფიქსირების და სათანადო არგუმენტების მოყვანის, ვინაიდან შესაძლოა სწორედ თქვენ გქონდეთ ის პასუხი, რომელსაც ელის შემფასებელი აუდიტორიისგან, შედეგად კი დამსახურებულ დადებით შეფასებასაც მიიღებთ.

 

5. შეცვალეთ დამოკიდებულება სწავლის პროცესისადმი

თუ თქვენ სწავლის პროცესს მიიჩნევთ, როგორც სავალდებულო რიტუალს, ეს გარკვეულწილად უარყოფითად აისახება თქვენს ქულებზე, ვინაიდან ვალდებულება ნეგატივთან ასოცირდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სწავლა აქციოთ სასიამოვნო პროცესად და შეხედოთ მას არა როგორც ვალდებულებას, არამედ შესაძლებლობას.

 

ამგვარად, გაითვალისწინეთ ეს რჩევები, გააუმჯობესეთ ქულები და გახადეთ ისინი  თქვენი ცოდნის პროპორციული.

 

გისურვებთ წარმატებებს!

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?