„ადამიანი, რომელმაც შიში დაძლია და იმედი აირჩია“ - ნელსონ მანდელა


ერთი საუკუნის წინ, როდესაც სამხრეთ აფრიკაში ადამიანებს თანასწორუფლებიანობაზე ოცნებაც კი სიგიჟედ მიაჩნდათ, ერთი ჩვეულებრივი შავკანიანი პატარა ბიჭი სიღარიბით, მარტოობითა და იმედგაცრუებებით გამოწვეულ უარყოფით გრძნობებს ებრძოდა. უმრავლესობისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ  ჰქონდა სამყაროს უკეთესობისაკენ შეცვლის ოცნება. მას სჯეროდა, რომ შესაძლებელი იყო სამხრეთ აფრიკა გამხდარიყო მსოფლიოს ის ნაწილი, სადაც ადამიანებს კანის ფერის, წოდების, ასაკისა და სიმდიდრის ნიშნით აღარასოდეს გამოარჩევდნენ. თავად ამბობდა, რომ ,,თუ გაქვთ ოცნება, ვერაფერი შეგიშლით ხელს, სანამ თავად არ დანებდებით."

ნელსონ მანდელას შესახებ ამერიკის  ყოფილი პრეზიდენტი, ბარაკ ობამა, წერს: ,,იმ საოცარი ისტორიის მიღმა, რომელიც ამ ადამიანმა შექმნა, დგას ჩვეულებრივი პიროვნება, რომელმაც შიში დაძლია და იმედი აირჩია.’’

 
მანდელას ცხოვრება არ იყო უშეცდომო. თავად ფიქრობდა, რომ შეცდომებისგან დაზღვეულნი მხოლოდ ისინი არიან, ვინც არაფერს აკეთებს, თუმცა, როგორც თავად ამბობდა, მისთვის არავის უსწავლებია, როგორ მოქცეულიყო, რომ კანის ფერთან დაკავშირებული სტერეოტიპები დაემსხვრია, რა წიგნები წაეკითხა ამ თემაზე და რომელ პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანებულიყო, რომ სამშვიდობო მოძრაობის ნაწილი გამხდარიყო.

პატიმარმა, #466/64, სიცოცხლის მესამედი ციხეში, პატარა ნესტიან საკანში გაატარა. იქ ფიზიკურად რამდენჯერმე გაუსწორდნენ და მძიმე სამუშაოს შესრულების გამო მხედველობა დაუზიანდა. გაქცევის ყველა მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.  

 

,,მე ვიბრძოდი თეთრკანიანთა ბატონობის წინააღმდეგ, ასევე ვიბრძოდი შავკანიანთა ბატონობის წინააღმდეგ. მე ვაღმერთებდი თავისუფალი და დემოკრატიული საზოგადოების იმ იდეალს, სადაც ხალხი ერთად, ჰარმონიაში და თანაბარი უფლებებით ცხოვრობს, ეს არის იდეალი, რომლის მიღწევისთვის მე გავაგრძელებ ცხოვრებას, მაგრამ თუ საჭიროა ამ იდეალისთვის მზად ვარ მოვკვდე კიდეც.’’

 

ეს სიტყვები წარმოთქვა სასამართლო პროცესზე ნელსონ მანდელამ, რომელსაც  საბოტაჟში დასდეს ბრალი და სამუდამო პატიმრობის ვერდიქტი გამოუტანეს. მას მოიხსენიებენ, როგორც ,,სინდისის პატიმარი."

 

 

მისი პირადი ცხოვრებაც საკმაოდ დრამატული იყო. სამჯერ იქორწინა, ტრაგიკული შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა მისი ორი ბიჭი, ერთი ქალიშვილი და ერთი შვილთაშვილი.

მიუხედავად არაერთი ცხოვრებისეული სირთულისა, რომელიც ნელსონ მანდელას ოცნებისაკენ მიმავალ გზაზე გადაეღობა, ის არ შეუშინდა დაბრკოლებებს და სამხრეთ აფრიკა უკეთეს ადგილად აქცია. 

 

,,არც ერთხელ რომ არ დაეცემი ეს არ არის ყველაზე დიდი დამსახურება ცხოვრებაში, მთავარია ყოველი დაცემის შემდეგ წამოდგე.’’

 

ის გახდა სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი, მონაწილეობდა თავისი ქვეყნის პირველ დემოკრატიულ არჩევნებში, მიიღო 50-ზე მეტი საერთაშორისო ჯილდო და ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. ნელსონ მანდელა დღეს რასული თანასწორობისათვის ბრძოლის სიმბოლოდ შემორჩა აფრიკას და მისი სახელი გასცდა აფრიკის საზღვრებს. თავად ამბობდა: ,,მუდამ შეუძლებლად გეჩვენება, სანამ არ გააკეთებ’’ .

გულის სიღრმეში ჩვენ ყველას გვაქვს ოცნება, რომელსაც ზოგჯერ ვივიწყებთ ხოლმე. ჩაუღრმავდით საკუთარ გულს. ყველაფერი ისეა თქვენ გარშემო, როგორც გსურთ?
 
,,თავისი ცხოვრებითა და არჩევანით მანდელამ დაგვანახა, რომ ჩვენ არ ვართ ვალდებული შევეგუოთ ისეთ სამყაროს, რომელიც ჩვენს გარშემოა’’ - ბარაკ ობამა.
 
არასოდეს თქვათ უარი თქვენს ოცნებებზე და გახსოვდეთ, რომ ყველაფერი, რაც წარმოუდგენლად გეჩვენებათ შესაძლებელია, თუკი გაქვთ ოცნება! 

| გააზიარე
მოგწონთ?