რამდენიმე „რიტუალი“ წარმატებისთვის - რ. შარმას მიხედვით


ჩვენ მივისწრაფით წარმატებისა და მატერიალური კეთილდღეობისკენ, რადგან მათი მიღწევით ვიმედოვნებთ, რომ ბედნიერები გავხდებით. თუმცა რეალობად ქცეული ოცნება ერთ დღესაც შეიძლება ფუჭად დაკარგულ დროდ და საბედისწერო შეცდომად მოგვევლინოს. სწორედ ასეთ ადამიანზეა საუბარი რობინ შარმას წიგნში „ბერი, რომელმაც საკუთარი „ფერარი“ გაყიდა“, მასზე, ვინც ყველაფერს მიაღწია, მაგრამ სულიერად დაიცალა და ყველაფერი დათმო, რათა ეს უდიდესი ნაპრალი შეევსო.


ჟულიან მენტლი, წიგნის მთავარი გმირი, გახლავთ ცნობილი ადვოკატი. თხრობის დაწყებისთანავე, მამაკაცს სასამართლო დარბაზში გულის შეტევა ემართება და ექიმების დაჟინებული თხოვნისა და უმკაცრესი გაფრთხილების შემდგომ ის იღებს გადაწყვეტილებას დაასრულოს თავისი ბრწყინვალე საადვოკატო კარიერა ჯანმრთელობის უკიდურესი გაუარესების მიზეზით.

მენტლი ყიდის მთელ ქონებას, მათ შორის, საყვარელ „ფერარის“ და 3 წლით ინდოეთში მიდის, სადაც სხვადასხვა თავგადასავლისა და ბერებთან ურთიერთობის ძალით, ცდილობს დაძლიოს საკუთარ თავთან გაუცხოება და პასუხი გასცეს რიტორიკულ კითხვებს. სამშობლოში დაბრუნებისთანავე, ჟულიანი ნახულობს თავის მეგობარს, რათა გაუზიაროს მას მიღებული ცოდნა, რომელსაც რიტუალების სახით აყალიბებს, მათ შორის არის:

 

• ფიზიკური სრულყოფის რიტუალი

ადამიანს მართებს ზრუნვა თავის სხეულზე, როგორც სულის ტაძარზე.

 

• მარტოობის რიტუალი

დღის განმავლობაში განმარტოვება აუცილებელია, რათა ადამიანმა შეძლოს, გაერკვეს თავის განცდებსა და ემოციებში  ყოველგვარი ჩარევის გარეშე.

 

• ჯანსაღი საკვების რიტუალი

ჩვენ შევდგებით იმისგან, რასაც ვჭამთ. ზომიერება არის თვისება, რომელიც გასათვალისწინებელია ამ პროცესის დროს.  

 

• ცოდნის რიტუალი

ადამიანის განვითარებისათვის აუცილებელია უწყვეტი განათლება და ახალი ინფორმაციის  მიღება.

 

• ადრე გაღვიძების რიტუალი

ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია 7-8 საათიანი ძილი. სასურველია, თქვენ დადებითად განეწყოთ დილიდანვე სამყაროსადმი.

 

• „მარტივი“ ბედნიერების რიტუალი

უბედურია არა ის, ვისაც ცოტა, მაგრამ საკმარისი აქვს, არამედ  მუდამ უკმაყოფილო ადამიანი, რომელიც თავს ღარიბად გრძნობს, ამიტომ უნდა შეძლოთ ყველაფრისგან მიიღოთ სიამოვნება და იყოთ მადლიერები.

 

• დაკვირვების რიტუალი

საკუთარ თავსა და ქცევაზე დაკვირვება აუცილებელია, რათა დაინახოთ შეცდომები და მათი აღმოფხვრის შესაძლებლობები. მოუსმინეთ საკუთარ თავს: აკონტროლეთ აზრები და სიტყვები.

 

ჟულიანი მოუწოდებს მეგობარს, დაიწყოს ახალი ცხოვრება ახლა და აქ, რადგან ყოველ ჩვენგანში სამყაროს ყველა საოცრება არსებობს, მაგრამ მათ აღმოჩენა სჭირდება. მეტი გამბედაობა მართებს წარმატების გრძელ გზაზე მიმავალს იმიტომ, რომ ერთადერთი, რაც თქვენსა და ოცნებას შორის დგას შინაგანი კონფლიქტი და წარუმატებლობის შიშია.

მხოლოდ განმაპირობებელი მატერიალური ფაქტორებისგან გათავისუფლება არის დამოუკიდებელი და ბედნიერი ცხოვრების საწინდარი, ისევე როგორც იმის გაცნობიერება, რომ  ცხოვრების აზრი, აზრიანი ცხოვრებაა!!!

| გააზიარე
მოგწონთ?