მინდა თუ შემიძლია... სად გადის ზღვარი?


რა ხდება მაშინ, როდესაც პატარაობაში რაიმე ძალიან გვინდა? როდესაც ჩვენი ოცნებები უსაზღვროა და შინაგანად გვსურს, მივიღოთ ის, რაც ასე ძლიერ გვსურს, და გვჯერა, რომ ეს შეგვიძლია?

და რატომ ხდება, რომ, როდესაც ვიზრდებით, ჩვენი თვალსაწიერი ნელ-ნელა ვიწროვდება? რა ხდება მაშინ, როდესაც ვიაზრებთ, რომ რაღაც ძალიან კი გვინდა, მაგრამ არ შეგვიძლია...

სად გადის ზღვარი სურვილსა და შესაძლებლობას შორის?

პატარაობისას ჩვენი ოცნებები და სურვილები უსაზღვროა. გვგონია, ყველაფერი, რაზეც ვოცნებობთ, შეგვიძლია; ვფიქრობთ, გავხდებით ასტრონავტები, სპორტსმენები, პრეზიდენტები, ანდაც - ჯარისკაცები, მაგრამ ზრდასთან ერთად და ცხოვრების სირთულეებთან შეჯახების შემდეგ ნელ-ნელა ჩვენში ცეცხლი ქრება და იწყება დემოტივაცია...

სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობაშიც ბევრი ადამიანია ამ მხრივ იმედგაცრუებული. რა უნდა გააკეთო ამ დროს? არსებობს კი გამოსავალი? ხშირად გვსმენია, რომ ჩვენი მიზნებისთვის უნდა ვიბრძოლოთ... ბრძოლა, თავის მხრივ, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს გულხელდაკრეფილ ჯდომას და დანებებას. ამის ცოცხალი მაგალითია ფრედი მერკური. უდიდესმა მომღერალმა, ნაცვლად იმისა, რომ თავისი სურვილების შესახებ ხმამაღლა ესაუბრა, პირველივე შესაძლებლობა გამოიყენა, როდესაც ჯერ კიდევ სრულიად უცხო და უბრალო ბიჭი მტკიცე ნაბიჯებით შევიდა QUEEN-ის საკონცერტო დარბაზის კულისებში და მუსიკოსებს შესთავაზა გაქცეული სოლისტის ჩანაცვლება. მიუხედავად იმისა, რომ მომღერლებმა თავდაპირველად ის ზედმეტად ამბიციურად მიიჩნიეს, როგორც კი ფრედიმ სიმღერა დაიწყო, მაშინვე დარწმუნდნენ მის ნიჭიერებაში. და ფრედიც იმ  წამიდან გახდა ის, ვინც უნდოდა, გამხდარიყო.  

რაღაც უნდა გინდოდეს, თუმცა ეს "რაღაც" უნდა შეგეძლოს და, თუ არ შეგიძლია, ამ გზაზე რაღაცას მაინც ისწავლი... თუმცა გირჩვევთ, თუ ხმა არ გაქვთ, ოპერის მომღერლობას ნუ გადაწყვეტთ, რადგან დემოტივაციისა და იმედგაცრუებისთვის იქნებით განწირული. სწორედ ამიტომაც ადამიანებმა უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი შესაძლებლობები და ჩვენი "მინდა" გავიხადოთ მოტივაციად, ხოლო "შემიძლია" - ჩვენს იდეოლოგიად!

რა არის მოტივაცია? მოტივაცია არის ის, რაც გეხმარება ცხოვრების სირთულეების დაძლევაში და შენი მიზნებისკენ სწრაფვაში. სწორედ ამიტომაც, როცა რაიმე ძალიან გინდა, საქმე ბევრად მარტივად გამოგდის. და რა არის იდეოლოგია?           -  შენი აზრების და სურვილების ერთობლიობა, რომელიც გაჩვენებს, რა შეგიძლია და რას უნდა ეყრდნობოდეს შენი მიზნების განხორციელება. ამიტომაც შენი პოსტულატი - "მე შემიძლია, ეს გავაკეთო" შენივე იდეოლოგიას ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს. ეს მოგცემს მიზნის მიღწევის უდიდეს ძალას. ისწრაფე იმისკენ, რაც ძალიან გინდა, და გაიგებ, რა შეგიძლია. მაგრამ, თუ ყოველჯერზე დანებდები, მაშინ ვერასოდეს გაიგებ, რა შეგიძლია, დაგრჩება მხოლოდ უბრალო სურვილი, რომ რაღაც ძალიან გინდა, მაგრამ არ შეგიძლია.   

კონფუცი ამბობდა: "როდესაც ხვდები, რომ მიზანს ვერ აღწევ, ნუ შეცვლი მიზნებს, შეცვალე ნაბიჯები." არასოდეს შეწყვიტო მიზნისკენ სწრაფვა, მაგრამ კარგად გაიაზრე, შეგიძლია თუ არა ამ მიზნის მიღწევა, სულაც რომ ამისთვის წარმოუდგენელი შრომა დაგჭირდეს. გააკეთე იმიტომ, რომ გაიგო, რა შეგიძლია რეალურად...  

და მაინც, სად გადის ზღვარი "სურვილს და შესაძლებლობას" შორის... ზღვარი სურვილს და შესაძლებლობას შორის - ეს ჩვენ ვართ!

| გააზიარე
მოგწონთ?