როგორ ვაქციოთ დილა წარმატებული დღის გარანტად?


დილა განსაზღვრავს შემდგომი საათების განწყობას, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია პირველი აზრები, შემართება და ხასიათი, რომლებითაც ვიწყებთ დღეს. „სწორი“ დილის არსი მდგომარეობს ფიზიკურსა და გონებრივ სიფხიზლეში, ეს კი, თავის მხრივ, განაპირობებს პოზიტიურ განწყობასა და მოტივაციას. 

თუმცა დილისთვის მზადება ღამე უნდა დაიწყოთ. აქ იგულისხმება ყველა პირობის შექმნა, რათა შეძლოთ ძალების აღდგენა. აუცილებელია მომდევნო დღის გეგმის ჩამოყალიბება, სასურველია ძილის წინ გასეირნება და სასიამოვნო საქმიანობით დაკავება, იქნება ეს წიგნის კითხვა თუ სხვა, რაც დაგამშვიდებთ და თქვენს განწყობაზე დადებითად იმოქმედებს. 

„ჯადოსნური დილის“ შესახებ თავის წიგნში წერს ჰელ ელროდი და აყალიბებს  რამდენიმე რიტუალს, რომელიც დღის პოზიტიურად დაწყებაში დაგეხმარებათ:

 

• ჩვეულ დროზე ადრე გაღვიძება

უმეტესობას უჭირს ამ პუნქტის განხორციელება, მაგრამ ეს სხვა არაფერია, თუ არა ცუდი ჩვევა, რომლის შეცვლისთვის 30 დღეც კი საკმარისია. სამაგიეროდ, ზედმეტი წუთებია საკუთარი თავისა და საყვარელი ადამიანებისთვის და სიმშვიდეა, რადგან ის, ვინც ადრე იღვიძებს და სწორად ანაწილებს დილიდან დროს, ყველაფერს ასწრებს.

 

• ვიზუალიზაცია

სასურველი მომავლის წარმოდგენა დაგაახლოვებთ თქვენს ოცნებას. ფსოქოტექნოლოგიების სპეციალისტები გვირჩევენ, ვიზუალიზაციის დროს საკუთარ თავს დავაკვირდეთ „გარედან“ ანუ განყენებულად, თითქოს ჩვენ სხვა ადამიანი ვართ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეცნობიერი მიიღებს ვიზუალიზაციას უკვე შესრულებულ აქტად და გაართულებს წარმატების გზაზე სასურველი შედეგების მიღებას.

 

• აფირმაცია

გაითვალისწინეთ დადებითი ენერგიით დამუხტული წინადადებები, რომლებსაც ხშირად იმეორებენ საკუთარი თავის დარწმუნებისა და ცუდი აზრებისგან გათავისუფლების მიზნით. აფირმაცია რომ ეფექტიანი იყოს, აუცილებელია გჯეროდეთ იმის, რასაც ამბობთ და ყოველი გამეორების დროს მეტი კონკრეტულობით ახასიათებდეთ სასურველს.

 

• ფიზიკური აქტივობა

ეს შეიძლება იყოს იოგა, სხვადასხვა ილეთი თუ ენერგიული ცეკვა, რომელიც გამოაფხიზლებს თქვენს სხეულს და გაგრძნობინებთ მის ყოველ კუნთს. ასეთი აქტივობის შემდეგ სასურველია მიიღოთ ჯანსაღი საკვები, რათა მსუბუქად იგრძნოთ საკუთარი თავი.

 
გაღვიძებისთანავე გაიღიმეთ და დაფიქრდით, რაოდენ საინტერესო დღე გელით: თქვენ კიდევ ერთი შესაძლებლობა მოგეცათ ამ სამყაროს შესაცნობად, საკუთარი თავის არსის გასარკვევად და სწორედ დღეს მოხდება რაღაც განსაკუთრებულად კარგი. ასეთი მიდგომა და მზაობა აუცილებლად მაგნიტივით მოიზიდავს ცვლილებებს და დილის სინათლითა და იმედით გაგინათებთ მთელ დღეს. 
 

| გააზიარე
მოგწონთ?