ცხოვრების მთავარი მამოძრავებელი ძალა?


მოტივაცია მამოძრავებელი ძალაა, რომელიც მოქმედებისკენ მიბიძგებს, ამ ძალას კი მრავალი ფაქტორი განსაზღვრავს ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე. არსებობს ისეთი მამოტივირებელი ფაქტორები, რომლებიც ცხოვრების ყველა ეტაპზე ერთნაირად მნიშვნელოვანი და უცვლელია. ეს ფაქტორები ჩემი შინაგანი მდგომარეობიდან და ღირებულებებიდან გამომდინარეობენ. 

მამოტივირებელია  ჩემი საქმე, მისია და მოვალეობები, რომლებიც კი არ მღლიან, არამედ საკუთარი თავის რწმენას მაძლევენ, რომ ვაკეთო ის, რაც ასე ძალიან მიყვარს, განვვითარდე და გადავდგა ახალი ნაბიჯები ყოველდღე.  

მოტივაციაა ურთიერთობები და ჩემი სოციალური გარემო, ოჯახი და მეგობრები. ერთმანეთის სიყვარული და მზრუნველობა მაძლევს ძალას, რომ ვენდო საკუთარ თავს და ვიბრძოლო ცხოვრებისეულ პრობლემებთან გასამკლავებლად.

ჩემთვის მოტივაციის მომცემია ყველა ის სამომავლო გეგმა, ოცნება და მიზანი, რომლებიც მაძლევენ ენერგიას და ძლიერ მუხტს მათ განსახორციელებლად. მოქმედება და ახალი მწვერვალების ძიებაა მოტივაცია.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადამიანებს ყოველდღე გვჭირდება მუხტი და ბიძგები ცხოვრების გასახალისებლად და ენერგიაზე მოსაყვანად. ჩემი ყოველდღიური მოტივაცია შვილის ტკბილი ჩახუტება, მეზობლის ან მეეზოვის თბილი ღიმილი, დედის დალოცვა, მეგობრის მიერ მოწოდებული ფინჯანი ყავა, კმაყოფილი მომხმარებელი და დადებითი უკუკავშირი, მენეჯერის ან უფროსის გამამხნევებელი შეძახილია. მოტივაციაა, როცა სხვებისთვის ხარ მოტივაციისა და მაგალითის მიმცემი...

და მაინც, ყველაზე დიდი მოტივაცია, ადამიანების და სიცოცხლის სიყვარულია!

 

| გააზიარე
მოგწონთ?