როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და როგორ ვიმოქმედოთ ადამიანებზე


,,მე არ ვაპირებ ფოკუსების სწავლებას. მე ვლაპარაკობ ცხოვრების ახლებურ წესზე “ - დეილ კარნეგი 

დეილ კარნეგი ადამიანებთან ურთიერთობას ხელოვნებად მიიჩნევდა. მის შესწავლას დიდი დრო და ენერგია დაახარჯა და სწორედ ამ თემას მიუძღვნა ერთ-ერთი თავის წიგნი - ,,როგორ მოვიპოვოთ მეგობრები და როგორ ვიმოქმედოთ ადამიანებზე“. წიგნი მართალია გასულ საუკუნეში დაიწერა, თუმცა, ვფიქრობ, იგი იდეალურად ერგება დღევანდელ დღესაც.

წარმოგიდგენთ ძირითად წესებს, რომლებიც დაგეხმარებათ ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერთობისას.

ადამიანებთან ურთიერთობის მეთოდები (თუ თაფლის ამოღება გინდათ, სკას ნუ გადააყირავებთ)

  • გულწრფელად დააფასეთ და გულუხვად შეაქეთ. დაფასებას და ქებას ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე დაიმახსოვრებს. თქვენ დაივიწყებთ, ის კი კვლავაც კეთილად მოიგონებს.
  • გახსოვდეთ: მოახერხეთ, რომ თქვენთან მოსაუბრეს გულით მოანდომოთ რაიმე. ,,ის ვინც ამას შეძლებს - მთელ ქვეყანას დაიპყრობს, ვინც ვერა - მარტოსული დარჩება“


ექვსი ხერხი ადამიანის გულის მოსაგებად:

1. გულწრფელი ინტერესი გამოიჩინეთ სხვათა მიმართ.
2. გახსოვდეთ, რომ ადამიანისთვის მისი სახელი ყველაზე საამურად ჟღერს.
3. ყურადღებით უსმინეთ. მიეცით საშუალება გესაუბრონ საკუთარ თავზეც.
4. ილაპარაკეთ იმაზე, რაც თქვენს თანამოსაუბრეს აინტერესებს.
5. გულწრფელად შთააგონეთ თქვენს მოსაუბრეს მისი პიროვნების მნიშვნელობა.
6. გაიღიმეთ!

თორმეტი წესი, რომელთა დაცვა დაგეხმარებთ, ადამიანი თქვენს თვალსაზრისზე გადმოიყვანოთ:
 

  • კამათში არ შეიძლება გამარჯვება. კამათში გამარჯვების ერთადერთი გზა დათმობაა.
  • პატივისცემით მოეკიდეთ თქვენი თანამოსაუბრის აზრს. არასდროს არავის უთხრათ, რომ ცდება.
  • თუ მართალი არ ხართ, აღიარეთ ეს სწრაფად და უყოყმანოდ.
  • თავიდანვე მეგობრული ტონით ილაპარაკეთ.
  • აიძულეთ მოპაექრე უმალ გიპასუხოთ ,,დიახ“.
  • უფრო დიდხანს ალაპარაკეთ თანამოსაუბრე.
  • დაე, მოსაუბრეს ეგონოს, რომ თქვენი აზრი მას ეკუთვნის.
  • გულით მოინდომეთ და საგნებს თქვენი მოსაუბრის თვალით შეხედეთ.
  • თანაგრძნობით მოეკიდეთ სხვების აზრებსა და სურვილებს.
  • გამოიყენეთ კეთილშობილური მოტივები.
  • დრამატიზმით დატვირთეთ თქვენი იდეები.
  • გამოიწვიეთ, შეეხეთ მის თავმოყვარეობას.


ცხრა წესი, რომელთა დაცვა შეგაძლებინებთ იმოქმედოთ ადამიანებზე ისე, რომ არ შეურაცხყოთ და არ გაანაწყენოთ იგი:
 

  • დაიწყეთ შექებით და თანამოსაუბრის ღირსების აღიარებით.
  • შეცდომებზე მიუთითეთ არა პირდაპირ, არამედ მინიშნებით.
  • ჯერ თქვენი შეცდომები გაიხსენეთ და მერე გააკრიტიკეთ სხვა.
  • ბრძანება შეცვალეთ შეკითხვებით.
  • მიეცით საშუალება მოსაუბრეს იხსნას საკუთარი პრესტიჟი.
  • მოუწონეთ წარმატება და აღნიშნეთ წინ გადადგმული ნაბიჯი. ,,გულწრფელად შეაფასეთ და გულუხვად აქეთ“.
  • იზრუნეთ ადამიანის კარგი რეპუტაციისთვის და ისიც შეეცდება მის გამართლებას.
  • წაახალისეთ ადამიანი; შეუქმენით აზრი, რომ თუ მოინდომებს, ადვილად შეიძლება შეცდომების გამოსწორება, მოექეცით ისე, რომ თქვენი თხოვნის შესრულება იოლი ეჩვენოს.
  • მოახერხეთ, რომ ადამიანს უხაროდეს შეთავაზებული საქმის გაკეთება.


და ბოლოს, მოცემული პრინციპები ეფექტიანი იქნება მხოლოდ მაშინ, თუ გულწრფელნი იქნებით.


ფიქრია ექვთიმიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?