„არ გაუშვა შანსი, როდესაც მთელი სამყარო გისმენს“ - ჯოან როულინგის ზღაპრული წარმატება!


ბავშვობიდან ვწერ - ასე დავიწყებდი წერას, ცნობილი მწერალი რომ ვიყო. ჯერ ცნობილი მწერალი არ ვარ, თუმცა ძალიან მინდა დავწერო წიგნი, რომელშიც ჩემი გულის ამბებს გადმოვცემ. როდესაც ამის შესახებ ვიწყებ ფიქრს, ყოველთვის ინგლისელი მწერალი ჯოან როულინგი მახსენდება, რომელიც ბესტსელერად აღიარებული წიგნის  - „ჰარი  პოტერის“ ავტორია. მწერალი „ჰარი პოტერის“ პირველ წიგნს კაფეში წერდა.

წარმოიდგინე, მკითხველო, შოტლანდიაში არის ერთი პატარა კაფე „ნიკოლსონი“, რომელიც გარშემორტყმულია ულამაზესი პეიზაჟით - ფერადი და სურნელოვანი ყვავილებით. ტავერნაში კლასიკურად არის მაგიდები გაწყობილი, უკრავს სასიამოვნო, ცოცხალი მუსიკა. ქერათმიანი ქალბატონი ზის მაგიდასთან ფინჯანი ყავით ხელში და ფურცლებზე გადააქვს თავისი ჯადოსნური ფიქრები. დიახ, მართლაც რომ მშვენიერი პეიზაჟია. თავად მწერლის ბიოგრაფიაც ჰგავს ზღაპარს, რომელშიც ბედისგან დაჩაგრული გოგონა პრინცესა ხდება. დასაწყისში ყველაფერი ძალიან რთულად იყო. ჯოანი ქმარს გაშორდა, ჰყავდა პატარა, რომლის გამოკვებაც ძალიან უჭირდა, არ მუშაობდა და ბავშვის რჩენის არანაირი საშუალება არ გააჩნდა. მიუხედავად გაჭირვებისა, ის მაინც პოულობდა დროს ეკეთებინა საყვარელი საქმე.

ამბობენ რომ, როდესაც ჯოანს ფურცლები გაუთავდა, ხელსახოცზე გააგრძელა წერა. ჯოანი ახლა ღიმილით იხსენებს იმ დროს და ხუმრობით პასუხობს ჟურნალისტის შეკითხვას, რომ  წიგნის წერა ხელსახოცებზე კი არა, არამედ ჩაის პაკეტებზე გააგრძელა. მაგრამ  მაშინ, როცა წიგნზე მუშაობა დაიწყო, ყველაფერი ძალიან რთულად იყო. მწერალი მხოლოდ მაშინ წერდა, როდესაც პატარას ეტლში ეძინა. მას არ დაუწყია წიგნის წერა გამდიდრების მიზნით, თუმცა გულის სიღრმეში სჯეროდა, რომ წიგნი კარგი გამოვიდოდა. წარმოიდგინეთ, როგორი რთულია ძალა მოიკრიბო და დასახული მიზნისთვის ბოლომდე იბრძოლო მაშინ, როცა ამისთვის არანაირი საშუალება არ გაქვს. მაგრამ როულინგის ჯადოსნური სამყარო გულში აღარ ეტეოდა. მან დაისახა მიზანი და გმირებმა, რომლებსაც წლების მანძილზე გულით დაატარებდა, ჯადოსნური სამყარო მიიტანეს მკითხველამდე.

ჯოან როულინგი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ პოტერომანია ბიტლომანიას წააგავს. ,,მე თავს ისე ვგრძნობდი, როგორც „The Beatles“ - ის ერთ-ერთი წევრი, თუმცა ერთი გამონაკლისით - მათ შეეძლოთ ერთმანეთისთვის ეთქვათ -  „აი, ჩვენ ცნობილები ვართ“, მე კი ამის გაკეთება არ შემეძლო“. მწერალი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე სრულიად მარტო იყო. 2004 წელს კი ჟურნალმა „ფორბსმა“  1 მილიარდ დოლარზე მეტად შეაფასა ჯოან როულინგის ქონება, ასევე დასახელდა პირველ ქალბატონად, რომელიც წიგნების წერით გახდა მილიარდერი. მწერალი ახლა საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე აძლევს ადამიანებს გულწრფელ რჩევას - „ჩვენ არ გვჭირდება ჯადოქრობა სამყაროს შესაცვლელად. თუ ჩვენ ჩავუღრმავდებით საკუთარ თავებს, აუცილებლად აღმოვაჩენთ ძალას, რომელიც დაგვეხმარება შევცვალოთ სამყარო“.

„ჰარი პოტერის“ მრავალი თაყვანისმცემელი - ბავშვი თუ მოზრდილი მიიჩნევს, რომ ჯოან როულინგის წიგნების გარეშე მათი ბავშობა მოსაწყენი იქნებოდა. ჯადოსნურმა გმირებმა კომპიუტერებს და აიფონებს მოსწყვიტეს  ადამიანები და ისინი სიამოვნებით კითხულობენ 400 გვერდიან წიგნებს. „არც ისე დიდი ხნის წინ მაღაზიაში შევხვდი ერთ გოგონას. ის დაახლოებით ოცი წლის იყო. მოვიდა ჩემთან და მითხრა: „შეიძლება ჩაგეხუტო?“ მე თავი დავუქნიე და ჩავეხუტე. მერე კი მითხრა: „თქვენ ჩემი ბავშვობა ხართ“. ასეთი რაღაცეები არც თუ ისე ხშირად გვესმის.“

ავტორი ახალგაზრდებს მოუწოდებს, რომ აუცილებლად იკითხონ წიგნები. ,,ამ გზით გამდიდრდება  თქვენი  სასაუბრო ლექსიკონი, ხოლო იმისათვის, რომ წერა ისწავლო, საჭიროა ბევრი კითხვა. მხოლოდ ეს თუ შველის“ - ამბობს მწერალი.  ჯოანი წერს ყველაფერზე, რაც აღაშფოთებს, ან, პირიქით, აღაფრთოვანებს. ფიქრობს, რომ არ უნდა გაუშვა შანსი, როდესაც მთელი სამყარო გისმენს. ,,მინდა ხალხს დავამახსოვრდე, როგორც ადამიანი, რომელმაც მაქსიმუმი გააკეთა ცხოვრებაში თავისი ნიჭის შესაბამისად. მსურს დავრჩე ისტორიაში, როგორც ქალი, რომელმაც ყველაფერი მიიღო იმ ტალანტისგან, რომელიც ჰქონდა.“

 

| გააზიარე
მოგწონთ?