როგორ იქცევიან მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები?


მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანებს ახასიათებთ თავიანთი და სხვისი ემოციების სწორი აღქმა, კონტროლი და შეფასება. ეს თვისებები დიდ ზეგავლენას ახდენს პიროვნების წარმატებასა და სოციალურ ურთიერთობებზე. რამდენად ფლობთ ამ უნარებს და უშვებთ თუ არა შეცდომებს საკუთარ თავთან და სხვა ადამიანებთან მიმართებაში? 

ქვემოთ განმარტებული შემთხვევები დაგეხმარებათ ამის გარკვევაში.

 

•გამოხატავენ თანაგრძნობას

მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანები გამოხატავენ თანაგრძნობას სხვებისადმი.  ისინი ცდილობენ გაუგონ გარშემომყოფთა განცდებს, მათთვის არ არსებობს უმნიშვნელო ემოციები, პირიქით, გულგრილნი არასოდეს იქნებიან ადამიანების გრძნობებისადმი.

 

•საკუთარ თავს მსხვერპლად არ აღიქვამენ

მათ იციან, რომ შეუძლიათ საკუთარი განცდების კონტროლი, ამიტომ არავის ადანაშაულებენ ცუდ განწყობასა თუ პრობლემებში. ამის მაგივრად ცდილობენ შედეგის გამომწვევი მიზეზების გარკვევასა და ნეგატიური ემოციებისგან გათავისუფლებას. მნიშვნელოვანია, რომ მაღალი EQ ადამიანები საკუთარ პასუხისმგებლობაზე ხელს არ იღებენ.


•სხვები ვერ აკონტროლებენ მათ ემოციებს 

მიუხედავად იმისა, რომ ემოციურად მგრძნობიარენი არიან, მაინც ინარჩუნებენ ემოციურ მდგრადობას, ამიტომ რთულია ასეთი ადამიანების შინაგანი ბალანსის დარღვევა. 

 

•თავს არიდებენ კონფლიქტებს

თუ სიტუაცია  მოითხოვს, მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი დაიცავს საკუთარ ინტერესებს, თუმცა, სადაც ეს შესაძლებელი იქნება, თავის  ენერგიას დაზოგავს შედარებით უფრო პოზიტიური და შედეგის მომტანი შემთხვევისთვის. 

 

•გაბედულად ამბობენ „არა“-ს!

ზედმეტი ვალდებულებები ტვირთად გვაწვება, ამიტომ  მაღალი ემოციური ინტელექტის მქონე ადამიანი განსაზღვრავს საკუთარი უფლება–მოვალეობების საზღვრებს და საჭიროების შემთხვევაში შეუძლია კორექტულად უარი თქვას თხოვნაზე ყოველგვარი შინაგანი კონფლიქტის ან შემდგომი სინანულის გრძნობის გარეშე.

 

•არ ჭორაობენ

სხვებთან ურთიერთობისას მაღალი EQ მქონე ადამიანები ეძებენ გაცილებით უფრო პოზიტიურ, ღრმა და შინაარსობრივ მიმართებებს. მეტიც, ყველანაირად ცდილობენ თავი დააღწიონ მათ, ვისაც სხვებზე სურს ჭორაობა, რადგან ასეთი ადამიანი მათთვის სანდო არ არის.


•არ ცდილობენ მოწონების დამსახურებას

მათ შეუძლიათ რჩევის მიღება და განსხვავებული აზრის გათვალისწინება, თუმცა თავად წყვეტენ, როგორ მოიქცნენ. შინაგანი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ძალით არ აქვთ მიზანი ყველას მოეწონონ ან ისე მოიქცნენ, როგორც ეს სასურველი იქნებოდა, ამიტომ თვითონაც პატივს სცემენ სხვის არჩევანს და არავის ახვევენ საკუთარ აზრს. 
 

ლევ ტოლსტოი ამბობდა: ბედნიერი რომ იყო, უნდა  მიილტვოდე ბედნიერებისკენ და გესმოდეს ის, რადგან ბედნიერება არ არის დამოკიდებული გარემოებებზე, არამედ მათ აღქმას წარმოადგენს. ამიტომ, საკუთარი თავის უკეთ გასაგებად და სხვების ისეთებად მისაღებად, როგორებიც არიან, ვეცადოთ, ავიმაღლოთ ემოციური ინტელექტი.

 


www.brainum.ru

| გააზიარე
მოგწონთ?