როგორ დავძლიოთ შიში?


შიშის მრავალგვარი გამოვლინება არსებობს. ზოგიერთი ცხოვრების მუხრუჭია, ზოგიერთი კი პირიქით, საფრთხეებისგან გვიცავს. აბა წარმოიდგინეთ, რომ არ არსებობდეს არანაირი შიში, მაგალითად: სტიქიური მოვლენების, ბოროტების, წყლის, გარეული ცხოველების და ა.შ. რა მოხდებოდა?! ისინი კონკრეტულ შემთხვევებში გვიცავენ უბედურებისგან თავის არიდებაში, თუმცა ჩვენ უნდა შეგვეძლოს მათი დახარისხება. 

ზოგადად შიში ამოუხსნელი ფენომენია. მეცნიერების აზრით, შიში არის შეძენილი ემოციური რეაქცია საფრთხეზე. ასევე სტრესული, ემოციური და უარყოფითი ფსიქოლოგიური ზემოქმედება საკუთარ შესაძლებლობებზე. მაშასადამე, ის გვევლინება მთავარ წინაღობად ცხოვრებაში. მის მიერ გამოწვეული უკუშედეგი უფრო დიდია, ვიდრე დადებითი. შიში ჩვენს მონდომებას, გამბედაობას და ინიციატივას აფერხებს და საბოლოოდ, კლავს მას. 

დავფიქრდეთ, თითოეულ ჩვენგანს რამდენჯერ გასჩენია იდეა, საღი აზრი, ან რაიმეს კეთების სურვილი, მაგრამ შიშის გამო აღარ გადაუდგამს ნაბიჯი. შიში ჩვენში შემაფერხებელ კითხვებს წარმოშობს: „მე ამას შევძლებ?“, „სუსტი ვარ?“, „სხვები რას იტყვიან?“, „რომ არ გამოვიდეს?“ და მრავალი სხვა. 


ადამიანებში წარმოშობილი მრავალგვარი შიში ცხოვრების ჩვეულებრივი მოვლენაა. ისინი მუდამ იარსებებენ თქვენს შინაგან სამყაროში, მათი სამუდამოდ გაქრობა წარმოუდგენელია. თქვენ უნდა ისწავლოთ მათთან გამკლავება, შეწინააღმდეგება. 

 

როგორ გავუმკლავდეთ შიშს?


შიშთან გამკლავების კარგი საშუალებაა დადებითი ვიზუალიზაცია, საკუთარი თავის მოტივირება, გამხნევება, თვითშთაგონება. ხშირად თქვით  საწინააღმდეგო სიტყვები: „მე შემიძლია!“, „სხვები რას იტყვიან არ მაინტერესებს!“, „მე გამომივა!“, „მე ძლიერი ვარ!“. ეს გამამხნევებელი სიტყვები დროთა განმავლობაში ყველანაირ შიშს გააქრობს და წინ წამოწევს თქვენს თავდაჯერებულობას. 

ასევე, შიში თქვენი შინაგანი კომპლექსია. ის თავის მეტასტაზებს ზუსტად პასიურ და კომპლექსიან ადამიანებში ავრცელებს, შესაბამისად მის დასამარცხებლად საჭიროა აქტიურობა და გამბედაობა. როცა რამის გაკეთება გინდათ, მიიღეთ გადაწყვეტილება და დაუყოვნებლივ იმოქმედეთ. ეს შიშის გრძნობას გაფანტავს.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, უნდა გახსოვდეთ, რომ შიში მხოლოდ თქვენს გონებაში არსებობს. რეალურად გვეშინია იმის, რაც ჯერ არ მომხდარა და არც შეიძლება მოხდეს. ზოგჯერ ფუჭად ხარჯავთ დროს ათასი ვარიანტების განხილვით. ნუ მისცემთ შიშს საშუალებას, რომ თქვენ მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები, პირიქით, თქვენ მართეთ ის. 

სინამდვილეში, ჩვენ საკუთარი უსაზღვრო ძალისა და პოტენციალის გვეშინია. ყველაფერი მარტივია, გადააბიჯეთ შიშის გრძნობას, გაბედეთ და იმოქმედეთ. თუნდაც არ გამოგივიდეთ, დამარცხდეთ, მერე რა?! სწორედ ბევრი ასეთი შიში დაძლიეს თვის დროზე ადამიანებმა, რომლებიც დღეს ცნობილნი და წარმატებულნი არიან.


● „უნდა იცხოვრო არა მარტივად, არამედ მთელი ძალების, როგორც ფიზიკურის, ისე სულიერის შესაძლო დაძაბვით.“ - მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი)

● „რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს.“ - ფრიდრიხ ნიცშე.

●„რეალისტში რწმენა სასწაულებისგან კი არ იბადება, არამედ სასწაული იბადება რწმენისგან.“ - ფიოდორ დოსტოევსკი.

● „თუკი უკვე იცით, რა არის გასაკეთებელი, მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმას ნუ შეუშინდებით. ღრმა უფსკრულს პატარ-პატარა ნახტომებით უკან ვერ მოიტოვებთ.“ - დევიდ ლოიდ ჯორჯი.

| გააზიარე
მოგწონთ?