მიშელ ობამას 3 წესი წარმატებისთვის


ამერიკის ყველაზე გამორჩეული პრეზიდენტის ასევე არანაკლებ გამორჩეული მეუღლე, ყველასთვის საყვარელი მიშელ ობამა, ცნობილია თავისი მჭევრმეტყველებით. პირველი ლედი გამამხნევებელი და დამარწმუნებელი საუბრებით თავისი ხალხისათვის, და არა მარტო, უდიდესი შთაგონების წყაროა. მისი გამოსვლები არასდროს ყოფილა მაღალი ეშელონებიდან მოვალეობის მოხდის მიზნით გადმოსროლილი სიტყვების კასკადი, პირიქით, იგი მუდამ უბრალო მოქალაქეების გვერდით, მათივე თანასწორის პოზიციიდან საუბრობდა. ამიტომაც მიშელის გამოსვლები გულშიჩამწვდომი და მოტივაციის მომგვრელია. 

ქვემოთ მოყვანილია 3 ცხოვრებისეული რჩევა, გზამკვლევი წარმატებისკენ ამერიკის შეერთებული შტატების პირველი აფრო-ამერიკელი ლედისგან, რომელიც თავადაც არაერთ დაბრკოლებას გადაეყარა ცხოვრების გზაზე.
 

განაგრძეთ წინსვლა

ამერიკის 44-ე პრეზიდენტის ცოლმა კარგად იცის როგორია ყოველდღიური სარჩოსათვის ბრძოლა, როდესაც თვიდან თვემდე ან კვირიდან კვირამდე კი არა, სადილიდან ვახშმამდე გაქვს თავი გასატანი. ეს იცის, რადგან საკუთარ ტყავზე აქვს გამოცდილი. ის ასევე არაჩვეულებრივად აცნობიერებს ოჯახიდან განდგომის რისკს სწავლის გაგრძელების გამო, თუკი მატერიალური კეთილდღეობა თქვენი უპირატესობა არ არის. მაგრამ პირველი ლედი ხალხს მოუწოდებს:

ნურასდროს შედრკებით ამ ბრძოლაში, ნუ შეხედავთ გამოწვევებს უარყოფითი მხრიდან, ამის ნაცვლად გასაჭირთან გამკლავება თქვენს უდიდეს უპირატესობად აღიქვით. 

უნივერსიტეტში ის სტუდენტები, რომლებსაც ზურგს მდიდარი ოჯახები უმაგრებდნენ, სარგებლობდნენ ყველა სიკეთით, რომელსაც უნივერსიტეტი სთავაზობდათ (მანქანები, მდიდრული კამპუსი, კომპიუტერები..) პირველსავე დაბალ ნიშანზე უუნარონი აღმოჩნდნენ და უბრალოდ დაიკარგდნენ, რადგან მანამდე არასდროს განუცდიათ იმედგაცრუება და არ შეხვედრიათ წინაღობები.

მაგრამ თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ ცხოვრებაში გაცილებით დიდი წინააღმდეგობები არსებობს, ვიდრე დაბალი ნიშნის მიღებაა. თქვენ მათგან განსხვავებით უკვე გამომუშავებული გექნებათ გასაჭირში საკუთარი თავის დაძლევისა და ხელში აყვანის უნარი!“

 

ნუ შეგეშინდებათ დამარცხების

ერთ-ერთ ინტერვიუში მიშელ ობამას ჰკითხეს საუკეთესო რჩევის შესახებ, რომელიც მასწავლებლებისა თუ პროფესორებისაგან ცხოვრებაში მიუღია. პირველი ლედი რჩევებს ყოველთვის სიხარულით იღებს და ცდილობს მათგან საუკეთესოები რეალურ ცხოვრებაში დანერგოს, მაგალითად:

„იყავით ღია რისკების მიღებისას და ნუ შეგეშინდებათ დაცემის. დამარცხება წარმატებისკენ მიმავალი გზის გასაღებია. როდესაც კოლეჯში ჩააბარებთ თამამად ასწიეთ ხელი და გამოთქვით აზრი. ნუ დაიწყებთ წამგებიან ფიქრებს, რომ აქ არ უნდა იყოთ, რომ საკმარისად ჭკვიანი არ ხართ.. არა, თქვენ გაცილებით მეტი შეგწევთ, ვიდრე დასახული მიზნის მიღწევაა, გაცილებით მეტის, ვიდრე წარმოგიდგენიათ..

ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც ჩემი მასწავლებლები მეუბნებოდნენ იყო ის, რომ „მე შემიძლია და ვალდებული ვარ შევძლო“. იყავით თამამი თქვენი გონებრივი შესაძლებლობებით, ინტელექტით. ასწიეთ ხელი, როდესაც დახმარება დაგჭირდებათ, რადგან ყველას სჭირდება დახმარება და ჩვენ, მე, აქ იმიტომ ვარ, რომ ვიღაც დამეხმარა.“
 

შეეჭიდეთ რთულ საქმეს

პირველ აფრო-ამერიკელ ლედის კარგად ესმის იმ მსხვერპლის ფასი, რომელიც მისმა და პრეზიდენტის მშობლებმა თუ ბებია-ბაბუებმა გაიღეს მათი მომავლისათვის. მიშელს კარგად ესმის, რომ არა მათი მძიმე ტვირთი და რთული ნაბიჯები, ისინი დღეს იქ არ იქნებოდნენ, სადაც არიან. ისინი საკუთარი ოცნებების ახდენას ვერ შეძლებდნენ.

„ცხოვრება დიდი თამაშია, ჩვენ აქ ხანგრძლივ თამაშს ვთამაშობთ. ცვლილება რთულია და ნელი. ის არასდროს ხდება ერთიანად, ჯოხის აქნევით, თუმცა ყოველთვის გავდივართ ბოლოში. ბოლოში გავდივართ უბრალო ხალხის ხარჯზე, ადამიანების, რომელთაც დიდი რამ დათმეს. საკუთარ თავებს უთხრეს, რომ „მე შესაძლოა არ მომეცეს შანსი, რომ ავიხდინო ჩემი ოცნება, თუმცა ჩემი შვილები მოახერხებენ, ჩემი შვილიშვილები შეძლებენ“. უმეტესი ჩვენგანი წარმატების გზაზე სწორედ მათ გამო, მათი ფასდაუდებელი წვლილის გამო დგას.“

 

მიშელ ობამას უბრალო და გულწრფელი სიტყვები ნამდვილი შთაგონების წყაროა, რადგან რეალურ, ადამიანურ ისტორიასა და გამოცდილებას ეყრდნობა. პირველი ლედი არაჩვეულებრივი მაგალითია ბრძოლისუნარიანობისა და მიზანდასახულობის, რომელიც თავმდაბლობასა და ხალხის სიყვარულს იდეალურად ერწყმის. ამიტომაც გაითვალისწინეთ მისი რჩევები და იბრძოლეთ საკუთარი მომავლისათვის!

| გააზიარე
მოგწონთ?