ლიფტში სასაუბრო


თუ ერთ დღეს, ლიფტით მგზავრობისას კარი გაიღება და იმ ადამიანს დაინახავთ, რომელზედაც ბოლო პერიოდია გამუდმებით ფიქრობთ, ნუ შეშფოთდებით, ასეთი შემთხვევები არც თუ ისე იშვიათია. თქვენი ოცნება, სასურველი მოულოდნელობის შესახებ, რეალობად იქცა. ახლა უკვე შეგიძლიათ, დაიწყოთ საუბარი სამომავლო იდეებისა და მიზნების შესახებ, თქვენს პოტენციურ ხელმძღვანელთან თუ ბიზნესპარტნიორთან.

თუმცა, თუ იმდენად იფეთქებს დაბნეულობა, რომ სიტყვებს ვეღარ აბამთ, როგორ უნდა მოიქცეთ ასეთ შემთხვევაში? როგორ შეიძლება მომენტები საკუთარ შესაძლებლობად აქციოთ?

მარკეტინგის ლექტორი, ქეთი კვინიკაძე, გვიზიარებს 10 რჩევას ეფექტური თვითპრეზენტაციისათვის. თუმცა, ნუ დაივიწყებთ, რომ ლიფტით მგზავრობისათვის სულ რაღაც წუთ-ნახევარი გაქვთ.

1. ვინ ხარ? - მნიშვნელოვანია მეორე ადამიანს გაეცნოთ სახელითა და გვარით, რადგან, დიდი ალბათობით, ეს მის გონებაში დაილექება და თუ იმავე წუთს არა, მომდევნო საათების განმავლობაში მაინც შეახსენებს თავს.

2. რა შეგიძლია? - ესე იგი, რაში მიიჩნევთ თავს კომპეტენტურად.

3. თქვენი USP? „უნიკალური სავაჭრო შეთავაზება“ , რატომ არის იგი უნიკალური?

4. საერთო სარგებელი - გარკვევით ახსენეთ მეორე მხარის სარგებელი კომპრომისის შემთხვევაში.

5. მარტივად გასაგები - ნუ გამოიყენებთ სპეციპიკურ ფრაზებს, ისაუბრეთ მარტივად.

6. ხანგრძლივობა - თქვენი სათქმელი უნდა იყოს მაქსიმალურად მოკლე.

7.  გამბედაობა - თქვენგან წამოსული ინიციატივა არ უნდა გადასცდეს საზღვრებს, უფრო ზუსტად, ის არ უნდა იქცეს სითავხედეთ.

8. შეთავაზების ჩამოყალიბება - თქვენი სურვილი უნდა იყოს აშკარა, რადგან ადამიანს არ მოუწიოს დამატებითი ფიქრი იმაზე, თუ რა წარმოადგენდა თქვენს კონკრეტულ მიზანს.

9. დატოვეთ საკონტაქტო  -  იმ შემთხვევაშიც კი, თუ ფიქრობთ, რომ თქვენი შეთავაზება ნაკლებმისაღები იყო მეორე მხარისათვის, აუცილებლად დაუტოვეთ საკონტაქტო ინფორმაცია, რადგან ცხოვრება სიურპრიზებს გვთავაზობს.

10. განმარტება, რეკომენდატორი  -  რამდენიმე წამი დაუთმეთ იმის განმარტებას, თუ რატომ აირჩიეთ ეს გზა, ესე იგი, რატომ გამოხატეთ ინიციატივა კონკრეტულ შემთხვევაში. ახსენეთ რელევანტური რეკომენდატორებიც, ეს თქვენს შეთავაზებას უფრო სანდოს გახდის.

 თუ ჯერ კიდევ ფიქრობთ, რომ ლიფტით მგზავრობა არ გიყვართ და შესაბამისად, ეს რჩევები არ გამოგადგებათ, შეგახსენებთ, რომ ეს უკანასკნელი პირობითი ცნებაა, სასიამოვნო მოულოდნელობები კი საკმაოდ ხშირია.

| გააზიარე
მოგწონთ?