კარს აღებთ თუ კარს გიღებენ?


მთელი ცხოვრება მიგეჩქარებათ წვეულებაზე. წვეულებაზე, რომელზეც ყველაფერი ისეთივე იდეალურია, როგორიც თქვენს საუკეთესო წარმოსახვაში.

მიდიხართ ნელ-ნელა, ნაბიჯს უმატებთ, ჩქარობთ... გაიქეცით,  ეს ესაა კარი უნდა შეაღოთ და შეჩერდით.

ელოდებით, რომ კარი გაგიღონ...

მაგრამ როდის ან ვინ?!

კი, შეიძლება გაგიმართლოთ და ვიღაცამ კარი შემთხვევით გააღოს, მაგრამ თუ ასე არ მოხდა, მერე?!

გადის წამი, წუთი, საათი, დღე, დგახართ... ამასობაში კარს იქით ყველაფერი მოძრავი, აქტიური, მრავალფეროვანია. დგახართ კარს უკან და ელოდებით.

პირველი არის ის, რომ გააანალიზოთ ვინ ხართ თქვენ, თქვენი წარსულის, აწმყოსა და მომავლის სრული შეჯერებით, რა არის თქვენი მიზანი?

ეს ერთი შეხედვით მარტივი დასაწყისი რეალურად არის პირველი ნაბიჯი, რომელიც სხვა დანარჩენ ნაბიჯებს თავისთავად წარმოშობს.

მიუხედავად იმისა, თუ ვინ ხართ ან სად ხართ ახლა, გახსოვდეთ, რომ თითოეული წარმატებული ადამიანის უკან დგას უდიდესი ისტორია, შრომის, დაცემის, წამოდგომისა და კიდევ უფრო დიდი შრომის შესახებ.

იყავით კმაყოფილი  და ამავე დროს არასდროს იყოთ კმაყოფილი არსებულით...

დაიმახსოვრეთ, მარცხსაც აქვს დადებითი მხარე. ამ დროს შეგიძლიათ ისწავლოთ, რომ არ დანებდეთ, გამოიმუშაოთ ბრძოლისუნარიანობა, მაგრამ გამარჯვების შემდეგ თუ ბრძოლას შეწყვეტთ, შეწყვეტთ განვითარებასაც. შესაბამისად, ერთ დღეს აუცილებლად აღმოჩნდებით დამარცხებულნი, რადგან სამყარო ვითარდება!

გახსოვდეთ, ერთი დიდი ნაბიჯით მთებს ვერ დალაშქრავთ!

ყოველდღიური პატარ-პატარა ნაბიჯები შეუმჩნეველია, თუმცა მათი წყალობით ადიხართ მწვერვალზე...

საკუთარ თავს თქვენვე ქმნით!

შესაძლოა თქვათ, რომ ადამიანებს უმართლებთ, თუმცა წინსვლის სურვილი არის საუკეთესო გასაღები, რომლითაც შეგიძლიათ გააღოთ უამრავი კარი.

ამიტომ, ნუ ელოდებით როდის გაგიღებენ კარს... დრო მიდის!

| გააზიარე
მოგწონთ?