აგრესია - დამანგრეველი ენერგია და მისგან გათავისუფლების 8 გზა


ალბათ ცხოვრებაში ერთხელ მაინც გქონია განცდა, როცა უმიზეზოდ აგრესიულ განწყობაზე ხარ, მაგრამ არ იცი საიდან მოდის ეს. „უმიზეზოდ“ არაფერი ხდება, ეს ის დაგროვილი დამანგრეველი ენერგიაა, რამაც შეიძლება ფატალურ შედეგამდე მიგიყვანოს არა მარტო შენ, არამედ ირგვლივ მყოფებიც.

აგრესია განიმარტება როგორც შეტევა, თავდასხმა. მისი გამომწვევი მიზეზი კი მრავალ შტოს მოიცავს, თუმცა ძირი ერთი აქვს, ვინმეს ან რაიმეს დაზიანების სურვილი (ფიზიკური, მორალური, და სხვა)

აგრესია შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი, გარემო ფაქტორებით ან სოციალური ფონით გამოწვეული. მისი ჩამოყალიბება არ ხდება სპონტანურად. ის ნელ-ნელა გროვდება ჩვენში, ილექება და საბოლოოდ ჩვენს განუყრელ, ბნელ თანამგზავრად იქცევა, რომელიც შიგნიდან გვებრძვის და გვაიძულებს სხვებსაც მივაყენოთ ზიანი, თუნდაც უხეში საუბრით.
   

როგორ უნდა გათავისუფლდე ამ დამანგრეველი ენერგიისგან?


1.გაარკვიე საწყისი წყარო. როდის გახდი აგრესიული და რამ განაპირობა ეს.


2.შეხედე მთლიან სურათს. შეწყვიტე მომხდარზე ფრაგმენტულად ფიქრი და გულწრფელად გამოუტყდი საკუთარ თავს, იქნებ ამაში ბრალი შენც მიგიძღვის. შემდეგ შეეცადე შენი ბრალეულობა გამოაკლო ამ სიტუაციას და მიხვდები, რომ არც ისე ცუდადაა საქმე.

 

3.კარგად გაიცანი საკუთარი თავი. შენ გონიერი ხარ, შესაბამისად უნდა შეგეძლოს ემოციების მართვა. ჯერ თუ არ შეგიძლია, იმუშავე ამისთვის და აუცილებლად გამოგივა.

 

4.თუ ხვდები, რომ აგრესიის ,,პიკზე" ხარ და ამას კონფლიქტი მოჰყვება, ღრმად ჩაისუნთქე, წამიერად გაიაზრე სადამდე მიგიყვანს ეს ერთი „ამოფრქვევა“. თუ გაქვს შესაძლებლობა განმარტოვდი და ჩაიხედე სარკეში (ადამიანს საკუთარი ანარეკლის დანახვა ამშვიდებს). დაფიქრდი და იპოვე გამოსავალი, თუ როგორ გამოხვიდე ამ სიტუაციიდან ღირსეულად.


5.გარდაქმენი შენი აგრესია დადებითისკენ. ეცადე ენერგია საკუთარი თავის და გარშემომყოფების სასარგებლოდ დახარჯო. მაგალითად, დაკავდი სპორტით, ხშირად გადი ბუნებაში, განსაზღვრე რა ქმედება განიჭებს სიამოვნებას და მოიქეცი სწორედ ისე, რომ დაიმუხტო დადებითად და გაანეიტრალო აგრესია.


6.მოერიდე აგრესიული მუსიკის მოსმენას. ასევე ძალადობის შემცველი ფილმების ყურებას. ნუ უპასუხებ სხვის აგრესიას აგრესიითვე, მოუხმე დიპლომატიას და ესაუბრე მშვიდად „თავდამსხმელს“. თუ სხვისი აგრესიის გამომწვევი მიზეზი შენ ხარ, მოიბოდიშე, ამით ორივე მხარე დამშვიდდება.


7.ხშირად შეახსენე საკუთარ თავს, რომ ხარ თავისუფალი და შენვე განაგებ საკუთარ ცხოვრებას. თავისუფალი ადამიანი კი თავად მართავს საკუთარ ემოციებს და ვერავინ  შეძლებს მისი ჰარმონიის დარღვევას. სწორედაც რომ ,,სადავეები" შენ ხელშია და შენზეა დამოკიდებული, როგორ მოიქცევი.


8.და ბოლოს, გაიხადე სიმშვიდე ცხოვრების მოტივაციად. მიმართე იმ მეთოდს, რომელიც შენთვის მისაღებია (რელიგია, ფსიქოლოგია, ფიზიკური აქტივობა და ა.შ.) მთავარია, მიაღწიო შინაგან ბალანსს. 

 

| გააზიარე
მოგწონთ?