როგორ დავიმკვიდროთ თავი საზოგადოებაში?


ადამიანის უმთავრესი მიზანი ცხოვრებაში სოციალური სტატუსის მოპოვება და საკუთარი თავის დამკვიდრებაა საზოგადოებაში. ამ მიზნისკენ ჩვენი ქვეცნობიერი ავტომატურად გვიბიძგებს. სოციალური სტატუსი მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი პროფესია თუ საქმიანობა. მოკლედ, რისი წარმოსახვაც შეიძლება გონებაში.

XXI საუკუნეში თითქმის არ არსებობს სფერო, სადაც კონკურენტული გარემო არ სუფევს. სოციალური ადგილის მოპოვება ამ გარემოში დამხმარე არამატერიალური საშუალებების გარეშე თითქმის წარმოუდგენელია. ამიტომაც გვჭირდება ისეთი რამ, რაც მოგვცემს „ვიზას“ იქ შესაღწევად და ადგილის დასამკვიდრებლად, ანუ მაღალი პროფესიონალიზმი და კვალიფიკაცია.

როგორ შეიძლება ავიმაღლოთ კვალიფიკაცია და გავზარდოთ პროფესიონალიზმი? პარალელურად ამ ორი სიტყვის მნიშვნელობაც განვმარტოთ.

მთავარი ფაქტორი, რაც ამ არამატერიალურ მოთხოვნილებებს დაეხმარება განვითარებაში და ზრდაში, მკაფიო და ურყევი გადაწყვეტილებაა. ეს ნიშნავს, რომ მზად ვართ კონკრეტული პროფესიის არჩევისთვის, გვსურს განვითარება და აუცილებლად გამოვიყენებთ ყველა უნარსა და შესაძლებლობას, რათა მოვიპოვოთ ღირსეული სტატუსი საზოგადოებაში.

პროფესიონალიზმი არის იმ უნარების, შესაძლებლობების და გამოცდილების ერთიანობა, რომლებიც დროთა განმავლობაში შევიძინეთ კონკრეტულ პროფესიულ გამოცდილებასთან ერთად. ამასთანავე მას სწორ, რაციონალურ, საჭირო დროსა და ადგილზე ვიყენებთ.

მნიშვნელოვანია, რომ პროფესიული განვითარება ადრეული ასაკიდან დავიწყოთ კვალიფიკაციის ამაღლებასთან ერთად. რა თქმა უნდა, ვგულისხმობ სტუდენტურ დასაქმებას. მთავარია ჩვენთვის შესაბამის პროფესიას მოვარგოთ სამუშაო.

ჩამოვაყალიბოთ პროფესიონალი პიროვნების თვისებები და უნარები: ის ყველა საქმეს გულით უდგება, ჯიუტია, არ გაურბის პასუხისმგებლობებს, არის პატიოსანი, ეჭიდება იმაზე დიდ ვალდებულებებს და მუშაობს უფრო მეტს, ვიდრე მას ევალება, იხარჯება მაქსიმალურად და ამ ყველაფრისგან იღებს სიამოვნებას, მუდმივად ვითარდება, სჯერა თავისი შესაძლებლობებისა და მიზნების.

 

●„სამი გზით შეიძლება მივიდეთ ცოდნამდე: აზროვნება, რომელიც ყველაზე კეთილშობილური გზაა, მიბაძვა, რომელიც ყველაზე მარტივი გზაა და გამოცდილება, რომელიც ყველაზე რთული გზაა.“ -  კონფუცი.

● „მუშაობა გამოცდაა, გამოცდამ კი კმაყოფილება უნდა მოგანიჭოს.“- ლარი პეიჯი.

 

კვალიფიკაცია არის თეორიით შეძენილი თვისებების, უნარების განვითარება და დახვეწა დროთა განმავლობაში და მისი გამოყენება პრაქტიკასთან ერთად საჭიროების შემთხვევაში.

კვალიფიკაციის ამაღლება მუდმივი პროცესია და უწყვეტი საზრდოა ჩვენი პიროვნული განვითარებისთვის. მისი უმთავრესი სასიცოცხლო წყაროა სწავლა. სწავლის მნიშვნელობა მრავალფეროვანია: უმაღლესი განათლება, ტრეინინგები, პროფესიული სახელმძღვანელოები, კვალიფიკაციის ამაღლებისა და პროფესიული გადამზადების ცენტრები, ინტერნეტი და ა.შ. 

 

●„თუ ადამიანი დგას ერთ ადგილზე იმის ღირებულება, რასაც მან მიაღწია, ძალიან მალე გაუტოლდება ნულს.“ - ბილ გეიტსი.

●„წლიდან წლამდე ბიზნესი სულ უფრო კონკურეტული ხდება, ამიტომ ახლა უმაღლესი განათლება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც ადრე  სასკოლო განათლება.“ - ბილ გეიტსი.

 

საუკეთესო ვარიანტია, თუ პროფესინალიზმის გაუმჯობესებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ტანდემში განვავითარებთ და უწყვეტი იქნება დროში. ეს მოგვცემს საშუალებას, ჩვენი თავისგან შევქმნათ „ბრენდი“, რომელზეც მოთხოვნა გაიზრდება და ამით შევძლებთ სოციალური სტატუსის მოპოვებასა და ღირსეული ადგილის დამკვიდრებას საზოგადოებაში.

| გააზიარე
მოგწონთ?