როცა შენი არ სჯერათ


ცხოვრების გზაზე სვლის დროს, ყოველთვის გამოჩნდებიან ადამიანები, რომლებიც გეტყვიან, რომ ვერ შეძლებთ. ისინი არიან მარცხს შეგუებული, წარუმატებელი ადამიანები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ თავიანთი წარუმატებლობა რაღაცით გაამართლონ და შემდეგ თქვენც დაგაკარგვინონ მომავლის იმედი. 

როგორ მოვიქცეთ თუ ჩვენი არ სჯერათ ჩვენთვის ახლობელ ადამიანებს? პასუხი აქ ცალსახაა, არ დანებდეთ! არჩევანი ყოველთვის თქვენზეა. ან წყვეტთ, ან აგრძელებთ თქვენს გზას. მართალია, რთულია როცა ახლობლებს, მეგობრებს და ოჯახის წევრებს არ სჯერათ თქვენი ახალი იდეების და დიდი მიზნების, მაგრამ ეს დანებების მიზეზს არ გაძლევთ. ყველა წარმატებული ადამიანი აღიარებს, რომ დასაწყისი ყოველთვის რთულია და წარმატებისკენ მიმავალი გზა, არავის უნახავს ვარდებით მოფენილი. ყოველთვის ხდება, რომ ''პირველად უარგყოფენ, მერე დაგცინიან, მერე გებრძვიან, შემდეგ კი იმარჯვებ!'' ამიტომ გჯეროდეთ, რომ არსებობს ძნელი, მაგრამ არ არსებობს დაუძლეველი და თუნდაც მთელმა სამყარომ გაქციოთ ზურგი, იმედი არ დაკარგოთ და ამაყად განაგრძეთ დასახული მიზნისკენ შეუჩერებლად სვლა.

ვეთანხმები, იმ აზრს, რომ რეალურად სხვების მხარდაჭერას ჩვენს ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა  აქვს, თუმცა ჩვენ ყველფრისთვის მზად უნდა ვიყოთ და ყოველი ასეთი შემთხვევა ერთ-ერთ გამოწვევად მივიღოთ, მასთან გამკლავება კი ჩვენს ვალდებულებად.

და ბოლოს, ცხოვრებაში რაც არ  უნდა მოხდეს და ვინც არ უნდა გაქციოთ ზურგი, ყოველთვის გახსოვდეთ ცნობილი ფილმიდან ''The Pursuit of Happyness'' შემდეგი სიტყვები:

"არასდროს ათქმევინო ვინმეს, რომ ვერ შეძლებ რაიმეს გაკეთებას. გაქვს ოცნება? მორჩა, მას უნდა მისდიო. სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლეს მიზნისთვის მიეღწიათ, გეუბნებიან, რომ შენ ამას ვერ შეძლებ. არ დაიჯერო… თუკი რაიმე გსურს ამ ცხოვრებაში, ყველაფერი გააკეთე მის მისაღწევად. ათვლა დაიწყო!’’


მარიამ შარიქაძე

| გააზიარე
მოგწონთ?