ნამდვილი შთაგონების 120 წუთი - ("The Pursuit of Happyness")


ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული ფილმი ,,ბედნიერების კვალდაკვალ” (“The Pursuit of Happyness’’) არის „გარდნერ რიჩ კორპორეიშენის” დამფუძნებლის, ქრის გარდნერის სევდიანი, თუმცა შთამაგონებელი ისტორია მათთვის, ვისაც უმუშევრობის, სიღატაკის პრობლემა აწუხებს და დანებება აქვს გადაწყვეტილი.

დღევანდელ მსოფლიოში ბევრს აქვს სიღარიბესთან დაკავშირებული პრობლემები. მათი უმეტესობა პესიმისტური თვალით შესცქერის მომავალს, ნაცვლად იმისა, რომ ეცადონ მაქსიმალურად გამოიყენონ თავიანთი შესაძლებლობები, როგორმე დააღწიონ  თავი გაჭირვებას და ჰქონდეთ ბედნიერი ცხოვრება. მართალია, ადამიანს ბუნებით აქვს ბედნიერების უფლება მინიჭებული, თუმცა ბედნიერება რომ ვიპოვოთ, აუცილებელია, მის კვალდაკვალ ვიაროთ.

სწორედ ამის შესახებ არის საუბარი ფილმში, რომელშიც ნახსენებია თომას ჯეფერსონის დამოუკიდებლობის დეკლარაციაც კი. დეკლარაციაში ავტორი სიცოცხლის, თავისუფლებისა და ბედნიერებისკენ სწრაფვის უფლებებს ეხება. ბედნიერება დოკუმენტში ჩასაწერად უცნაურ სიტყვას გავს, მაგრამ ჯეფერსონი, ასე ვთქვათ, ხელოვანი იყო, ამიტომ მან კარგად იცოდა, რომ ბედნიერებისკენ მხოლოდ სწრაფვაა შესაძლებელი. 

ფილმში, მთავარ გმირს, მისტერ გარდენს ურთულესი დღეების გადალახვა უწევს. მას ტოვებს ცოლი, კარგავს სახლს, რჩება საბანკო ანგარიშების გარეშე და ბავშვთან ერთად ქუჩაში უწევს ცხოვრება, თუმცა უკან არ იხევს და სტაბილურ სამსახურს ეძებს.

თავდაპირველად, მას ბირჟის მაკლერად აიყვანენ, მაგრამ ანაზღაურების მისაღებად ექვსი თვე სჭირდება. ასეთი სირთულეების მიუხედავად, შემართება და ოპტიმიზმი არ უნელდება. მისი სულისკვეთება და ბრძოლისუნარიანობა ხშირად შვილთან საუბრის დროს მჟღავნდება: “არასოდეს ათქმევინო ვინმეს, რომ ვერ შეძლებ რაიმეს გაკეთებას. გაქვს ოცნება? მორჩა, მას უნდა მისდიო. სწორედ ის ადამიანები, რომლებმაც ვერ შეძლებს მიზნისთვის მიეღწიათ, გეუბნებიან, რომ შენ ამას ვერ შეძლებ. არ დაიჯერო… თუკი რაიმე გსურს ამ ცხოვრებაში, ყველაფერი გააკეთე მის მისაღწევად. ათვლა დაიწყო!!“.

ქრის გარდნერი ხშირად გრძნობდა დამცირებულად და შეურაცხყოფილად თავს, ახლა კი ცნობილი ბიზნესმენი, ბროკერი და მოტივატორია. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის, თუ როგორ იპოვა კითხვაზე პასუხი - არსებობს თუ არა ბედნიერება. ამ კითხვას  ფილმის ნახვის შემდეგ შეგვიძლია შთამბეჭდავი პასუხი თავად გავცეთ, ჩავუფიქრდეთ საკუთარ ცხოვრებას და მივხვდეთ, ვიბრძვით კი მაქსიმალურად წარმატებისა და ბედნიერებისთვის?  

მისტერ გარდნერმა ძალიან ბევრი იმუშავა, თავდაუზოგავად იშრომა და ცხოვრების ყველაზე რთულ კითხვას დამაჯერებლად გასცა პასუხი - დიახ,  ბედნიერება ნამდვილად არსებობს, უბრალოდ მის დევნაში არ უნდა შევჩერდეთ და წუთითაც არ უნდა დავიხიოთ უკან. ასე თუ მოვიქცევით, აუცილებლად აღმოვაჩენთ და შევიცნობთ სამყაროში ბედნიერებას!

 

| გააზიარე
მოგწონთ?