განათლება - გზამკვლევი ოცნებებისკენ


ჩვენს ცხოვრებაში ყოველდღიურად უამრავი საგანი, ნივთი, ფასეულობა თუ რაიმე მოვლენა კარგავს მნიშვნელობას, მაგრამ არსებობს სიტყვა- განათლება, რომელსაც აქტუალურობა არასდროს დაუკარგავს და ყოველთვის, საზოგადოების ფართო ნაწილისთვის პირველ საფეხურზე იდგა. ის მუდმივად განახლებადი პროცესი გახლავთ და სწორედ მასზეა დამოკიდებული თითოეული ადამიანის ინტელექტუალური თუ მორალური უნარ-ჩვევების განვითარება.

კაცობრიობის ჩაუქრობელი სანთელი არის ყველაზე ძლიერი იარაღი, რაც კი ადამიანს ოდესმე შეუქმნია დედამიწის ზურგზე. განათლება ერთგვარი მოტივაციის სახეცაა, რომელიც ადამიანის ღირებულელებს მნიშვნელოვნად ამაღლებს. ალბათ, ყველა დამეთანხმება, რომ ის ხანგრძლივ პერიოდს მოიცავს, რომელიც ვარდის ფურცლებით მოფენილი სულაც არ არის, მაგრამ მთავარი შედეგია, რომელიც სამშობლოს სიძლიერისთვის განათლებული ადამიანების აღზრდას და ჩამოყალიბებას გულისხმობს. ილია ჭავჭავაძის თქმით : ,,ქვეყანა იმით კი არ არის უძლური, რომ ღარიბია, არამედ იმით რომ მცოდნე, გონებაგახსნილი, გულ-განათებული კაცები არა ჰყავს". მიუხედავად ამისა, გვინდა ეს თუ არა, მაინც არსებობს საზოგადოებისთვის მოუშორებელი და ვერაგი დაავადება, რომელსაც სიზარმაცე ჰქვია, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ სანამ ადამიანს მიზანი და განათლების მიღების სურვილი აქვს სიზარმაცე ვერაფერს დააკლებს.

როცა საქმე განათლებასა და ცოდნის მიღებას ეხება, მოტივაციად, მთავარ ძალად, სწორედ გამოცდილი და  უკვე წარმატებას მიღწეული ადამიანი უნდა მივიჩნიოთ, რომელმაც ბევრი წვალება გამოიარა, რათა მის შრომას შედეგი გამოეღო. ერთ-ერთ მაგალითად შეიძლება ყველა ის სამედიცინო სფეროში ჩართული პერსონალი მივიჩნიოთ, რომლებმაც ბევრი იშრომეს, რათა სასურველ პროფესიას დაუფლებოდნენ და ადამიანებისთვის დახმარება გაეწიათ. სიზარმაცის შემოტევის შემთხვევაში აუცილებელია ინსტიქტურად ფიქრი დავიწყოთ, თუ რა მოხდება მომავალში, თუ მე ახლა ავდგები და შევიმეცნებ ჩემთვის რაიმე სასარგებლოს. თუ თითოეული ჩვენგანი შეძლებს და ასეთი გზით მიუდგება სწავლას, იგი უფრო სასიამოვნო პროცესი გახდება.

საუკეთესო ვარიანტი იქნება, თუ ამ ფრაზას:
,, ცოდნა თან დასდევს მცოდნელსა, რაზომცა დაეტარების, აქვს უხილავი საუნჯე , ხელი არ შაეკარების.“                                                                            

ჩვენს ინსპირაციად, მიზნად, ოცნებად, გზად მივიღებთ და შემდეგ კი თავს დავდებთ მის აღსასრულებლად. მთავარია, პირველივე დაბრკოლებაზე ცხვირი არ ჩამოვუშვათ და არ დავნებდეთ, რადგან ,,სამართალი ურმით დადის“- ადრე თუ გვიან ის ჩვენამდე მოაღწევს და დაგვიფასდება გაწეული შრომა, რაც აუცილებლად უდიდეს ნაყოფს გამოიღებს როგორც ქვეყნისთვის, ასევე თითოეული ჩვენგანისთვის.

| გააზიარე
მოგწონთ?