იყავი საკუთარი თავი


ინდივიდუალიზმის არსებობა ერთ-ერთი ღირებული თვისებაა ადამიანში. იმდენად ღირებული, რომ წარმატების მნიშვნელოვან საფუძველსაც ქმნის.

ხშირად ადამიანები ითრგუნებიან, როდესაც სხვებს ედრებიან გარკვეული ნიშნით, იქნება ეს სიმაღლე, სილამაზე, ნიჭი თუ სხვა. სინამდვილეში, აუცილებელია გაცნობიერება იმისა, რომ თითოეული ადამიანი ცალკეული ინდივიდია და ყველას აქვს საკუთარი სახასიათო თვისებები- გარეგნობა, უნარები და ა.შ

ერთ-ერთი აღმოსავლური იგავის მიხედვით, ერთ მეფე შევიდა თავის ბაღში და დაინახა, რომ ყველა ხე, ბუჩქი თუ ყვავილი ხმებოდა. გაოცდა მეფე და მცენარეებს ჰკითხა, რა გაწუხებთო?თურმე მუხა იმიტომ კვდებოდა, რომ არ შეეძლო ფიჭვივით მაღალი ყოფილიყო. ფიჭვი იმიტომ ხმებოდა, რომ მეფისთვის ვაზივით ყურძნის მიცემა არ შეეძლო, ხოლო ვაზი იმიტომ იკლავდა თავს, რომ ვარდივით ლამაზი არ იყო. ბოლოს მეფემ ბაღში მიაგნო ერთ აყვავებულ მცენარეს, რომლის ყვავილის სურნელი მთელ ბაღს ეფინებოდა. მეფის კითხვაზე, თუ რატომ არ ხმებოდა სხვა მცენარეების მსგავსად, მცენარემ უპასუხა: ,,მე ვთვლი, რომ გონივრულია ვიყო ის, ვინც ვარ. განა იმისთვის არ დამრგე, რომ სიხარული მომენიჭებინა? ჩემს ადგილზე მუხა რომ გდომებოდა, ფიჭვი ან ვაზი, მათ დარგავდი. ამიტომ, ვფიქრობ, რომ მე უნდა ვიყო მე, და არ შეიძლება ვიყო სხვა. მე ვცდილობ განვავითარო ჩემი საუკეთესო თვისებები. რადგან მე უნდა ვიყო, ვარ კიდეც და რადგან ვარ, ვყვავი და ჩემს სურნელს გიგზავნი, მეფეო.“

უბრალოდ იყავით ის, ვინც ხართ და შეედარეთ საკუთარ თავს გუშინ. გახდით ყოველდღე საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, ასე უფრო მარტივია წარმატების მიღწევა, ასე უფრო მეტია თავდაჯერებულობა, რადგან სხვა შემთხვევაში ვიღაცა რაღაცით ყოველთვის იქნება უკეთესი და ეს კომპლექსი ხელს შეგიშლით წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

და ბოლოს: დააფასეთ საკუთარი ღირსებები და ნაკლოვანებები, ინდივიდუალიზმი გამოგარჩევთ ყველგან, სადაც არ უნდა იყოთ.

| გააზიარე
მოგწონთ?