რა უპირატესობა აქვს საქართველოში ცხოვრებას?


დამეთანხმებით, რთულია იცხოვრო საქართველოში და გახდე წარმატებული. არსებობს უამრავი ხელისშემშლელი ფაქტორი, გადაულახავი ბარიერი და წინააღმდეგობა. შესაბამისად, ბევრი ქართველი მიდის სხვა ქვეყანაში, რათა განვითარდეს და წარმატებას მიაღწიოს. შედეგად რა ხდება? საქართველო იცლება შრომითი რესურსით. დარჩენილები წუწუნებენ უმუშევრობაზე, დამსაქმებლები კი არაკვალიფიციურ კადრებზე. დავრჩით, ვისაც აქ გვინდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე ან ვისაც საერთოდ არ გვინდა საქმის კეთება და კომფორტულად ვგრძნობთ თავს დაჩაგრულ მდგომარეობაში.
თუმცა, ყველაფერი არც ისე ცუდადაა. მინდა, ყურადღება გავამახვილო იმ შესაძლებლობებზე, რომლებსაც საქართველოში ცხოვრება გვაძლევს.

1.საქართველო განვითარებადი ქვეყანაა, ანუ განვითარებადია დარგების უმრავლესობა. შენ შეგიძლია, აირჩიო ნებისმიერი სფერო, საქმე რომლის კეთებაც გინდა და დაიკავო შენი წარმატების ნიშა. აუცილებლად, გამოიყენე შანსი, რომელიც გეძლევა, თორემ სხვა დაგასწრებს და ღიმილით გეტყვის, სანამ გადაწყვეტილებას მიიღებდი ეს შანსი მე გამოვიყენეო.

2.საქართველოში კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. ესაა ქვეყანა, სადაც ორდიპლომიანები ტაქსისტობენ, უდიპლომოები კი დირექტორები ხდებიან. ესაა ქვეყანა, სადაც სწავლობენ, მაგრამ ნასწავლს ვერ იყენებენ. კითხულობენ, მაგრამ ვერ ნერგავენ. ისმენენ, მაგრამ არარეალურად მიაჩნიათ მიღებული ინფორმაციის რეალიზება საქართველოში. ამ და სხვა მიზეზების გამო, კვალიფიციური კადრები არ გვყავს. და სანამ უმუშევარი, თუნდაც წითელდიპლომიანი ადამიანები ცხოვრებისგან შანსს ელოდებიან, ბევრი პოზიცია არაპროფესიონალების ხელშია. შესაბამისად, გახდი შენი საქმის პროფესიონალი და ძალიან მარტივად მოგეცემა შესაძლებლობები.

3.ქართული ურთიერთობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მონაპოვარია. შეგიძლია ჰკითხო ნებისმიერ ნაცნობს, თუნდაც უცნობს და დაუნანებლად მოგაწვდის ინფორმაციას, მოგცემს მიმართულებას, გაგიზიარებს გამოცდილებას და თუ მოტივაციას დაინახავს შენში დაგიმეგობრდება კიდეც. საქართველო სავსეა არარეალიზებული ადამიანებით, შესაბამისად არარეალიზებული შესაძლებლობებით. თუმცა, უამრავი ადამიანია, ვისაც აქვს ცოდნა და ასეთი ცოდნის შეკრება დაგეხმარება შესაძლებლობების ათვისებაში.

4.შემდეგი უპირატესობაა ინტერნეტი. გაგიკვირდათ? ინტერნეტი ხომ ყველა ქვეყანაშია? მაგრამ ახლო წარსულში ნებისმიერი ინფორმაციის მოსაძებნად იმდენი დრო გჭირდებოდა, რეალიზებას ვეღარ ასწრებდი. ახლა კი, ძალიან სწრაფად შეგიძლია იპოვო ყველაფერი რაც გჭირდება. აღარ გიწევს უამრავი შეცდომის დაშვება, შესაბამისად მასწავლებლადაც მხოლოდ შეცდომები არ გრჩება. გაქვს შესაძლებლობა გაეცნო სხვა ქვეყნების გამოცდილებას, დააკვირდე როგორ მონახეს გამოსავალი რთულ სიტუაციებში, როგორ დანერგეს ახალი პროდუქტი ან მომსახურება, როგორ მუშაობს ის საქმე რომელშიც ამჟამად ხარ. შემდეგ კი გადახედო შენს გეგმებს.

როგორც ვხედავთ, საუკეთესო დროს დავიბადეთ შესაძლებლობების ქვეყანაში, შესაბამისად ნუ დაკარგავ იმედს, ნუ დაელოდები სხვამ აქციოს რეალობად შენი იდეები. თუ დაგეზარება მუშაობა, გაექცევი პასუხისმგებლობას და აირიდებ დაკისრებულ მოვალეობებს, ნებისმიერ ქვეყანაში წარუმატებელი იქნები. შეხედე სამყაროს ღიმილით და ისწავლე, როგორ დაინახო უპირატესობა, რომელსაც აუცილებლად სჭირდება გამოყენება.


მარიამ მერაბიშვილი

| გააზიარე
მოგწონთ?