ინტერვიუ ზღვიდან - მეზღვაურის პროფესია


ახალგაზრდა ასაკში უკვე ბევრს მიაღწია. თანამდებობა, რომელზეც ახლა იმყოფება დიდი ძალისხმევის, მონდომების, დროის, მოთმინების, რაღაც დოზით რისკისა და რა თქმა უნდა მოტივაციის შედეგია. 27 წლის ზვიად ქარცივაძე კაპიტნის თანაშემწეა. საინტერესოა, პრაქტიკაში განხორციელებული მიზნის მიღწევის ხერხების შესახებ ამ ურთულესი და იშვიათი პროფესიის წარმომადგენლისგან რჩევებისა და მაგალითების მოსმენა.

რატომ აირჩიეთ ეს პროფესია,  რა მოგწონდათ მასში?
პატარაობიდანვე მინდოდა მეზღვაურობა. ეს ჩემი ბავშვობის ოცნება იყო.
რაც უფრო ვიზრდებოდი უფრო პრესტიჟულად ვთვლიდი ამ პროფესიას. რომ არა ჩემი სიახლოვე ზღვასთან, ალბათ ვიქნებოდი ეკონომისტი ან იურისტი.

გაიხსენეთ პირველი გასვლა ზღვაში, რა შეგრძნებები დაგეუფლათ, როგორ მიგიღოთ ზღვამ?
პირველი შეგრძნებები ტკბილად მოსაგონია და ყოველთვის, როცა მახსენდება სულ მეღიმება. ასე მეგონა ჰამაკში ვიყავი და ვქანაობდი. ფეხებს მჭიდროდ ვდებდი და ყველაფერს ვეჭიდებოდი. მარტივად რომ ვთქვათ, გემზე ფეხი კიდევ ერთხელ ავიდგი, ზუსტად ისე, როგორც ბავშვი სწავლობს სიარულს. მერე იყო პირველი შტორმი და პირველი უძილობა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ზღვამ არაჩვეულებრივად მიმიღო, გაამართლა ჩემი მიზნები და ოცნებები.

ვინ/რა იყო, არის და იქნება თქვენი მოტივაცია ხმელეთსა და ზღვაში?
საკუთარი თავი. შეიძლება უცნაურად ან ნარცისულად ჟღერს, მაგრამ ასეა. ჩემი ''მე'' ყოველთვის ჩემთან იყო, არის და იქნება. სხვა კუთხით თუ ვიმსჯელებთ  მოტივაცია შეიძლება ნებისმიერი რამ იყოს, რაც კარგ ხასიათზე გაყენებს, სტიმულს გაძლევს, იქნება ეს ახლობლების სიყვარული, მზიანი დღე თუ წვიმის შემდეგ გამოსული ცისარტყელა. გინახავთ შუა ზღვაში ცისარტყელა? ულამაზესია, არც საწყისი აქვს, არც სასრული. წყლიდან ამოდის და  ტალღებში გარდატყდება. გგონია ახლოსაა, ხელით შეეხები. ნებისმიერი რამ შეიძლება გამოიყენო სამოტივაციოდ, მთავარია ყველაფერს პოზიტიურად მიუდგე.

როგორია თქვენი პროფესიის დადებითი და უარყოფითი მხარეები?
ზღვაში იმას გამოცდი, რასაც ხმელეთზე მხოლოდ ტელევიზორში თუ ნახავ და მოისმენ. ეს მართლაც ის პროფესიაა, რომელსაც უკიდურესად ორი მხარე აქვს. პირველ რიგში, უნდა ვთქვა, რომ დიდ რისკებთან არის დაკავშირებული. შუა ზღვაში ხარ,  მთლიანად ზღვას მინდობილი. წყნარია, მაგრამ როდის აღელდება არ იცი. უარყოფითია ის, რომ გიწევს დიდი ხნით წასვლა, საშუალოდ ექვსი თვით. ამ დროს შორდები ახლობლებს და რჩები სრულიად მარტო, უცხო ადამიანების გარემოცვაში, რომელთათვისაც შენც ზუსტად ისეთივე უცხო ხარ, როგორც ისინი შენთვის. თითქოს ორ განზომილებაში ცხოვრობ, შენი ოჯახის პარალელურად. დედამიწის ერთ წერტილში შენ ხარ, მეორეგან კი შენი ახლობლები, რომლებიც ელოდებიან შენს დაბრუნებას. დაოჯახებულთათვის ეს ალბათ გაცილებით რთულია. ხშირ შემთხვევაში, მეზღვაური ვერ გამოცდის შვილის დაბადების ბედნიერ წუთებს, პირველ ნაბიჯებს, პირველ სიტყვას. ყოველ ჯერზე ეჩვევა ბავშვი მამას და ყოველ მის წასვლაზე იწყება გაუცხოება. თუმცა, ადამიანი ყველაფერს ეგუება. ამ შემთხვევაშიც ასე ხდება. ფინანსური მხარეც დიდ როლს თამაშობს. თავიდან ენატრებათ, მალე ჩამოსვლას სთხოვენ, თუმცა შემდეგ ფულიც სადღაც ქრება და წასვლის დროც დგება. მოკლედ რომ ვთქვათ, მეზღვაურის შვილს არაფერი აკლია მამის გარდა. დადებითი მხარეა ის, რომ შეძლებ იმოგზაურო მთელი მსოფლიოს მასშტაბით, გაეცნო იქაურ კულტურას. ზღვაში ყოველი გასვლა თავგადასავლებითაა სავსე. ანაზღაურებაც პროფესიის შესაბამისად ნორმალურზე მაღალია. დაწინაურებასთან ერთად სარგოც იმატებს და პრესტიჟიც. თუმცა არც წინსვლაა იოლი. ამისათვის აუცილებელია დრო, მონდომება, შრომა, ლოდინი და სიმშვიდის საოცარი უნარი.

წყლის ძალა და ზურგის ქარი მინდა გისურვოთ. და ბოლოს, რას ურჩევდით ჩვენს მკითველს? თქვენი ტოპ 5 რჩევა დამწყებ მეზღვაურებს.
 

  • პროფესიის სიყვარული - ამის გარეშე უბრალოდ ვერ გაძლებ შუა ზღვაში - გემზე.
  • ინგლისური ენის ცოდნა - ის საერთაშორისო საზღვაო ენაა, თუმცა სხვა ენებიც არანაკლებ პრიორიტეტულია.
  • მეტი პრაქტიკა - აუცილებელია თეორიის ყოველ ჯერზე პრაქტიკით გამყარება. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთ დონეზე დარჩები და ვერ წაიწევ წინ.
  • უსაფრთხოება - როგორც ბუნების, გარშემომყოფთა და საკუთარი თავისა, ასევე საზღვაო რეგლამენტით მიღებული წესებით გემისა და ტვირთის დაცვა.
  • კომუნიკაბელურობა და სამშობლოს წარმოჩენა - კარგი იქნება თუ, ყველგან, სადაც მოვხვდებით, საქართველოზე, ქართველებსა და ჩვენს კულტურაზე დადებით შთაბეჭდილებას დავტოვებთ.



სალომე მარშანია

| გააზიარე
მოგწონთ?