„ჭამე, ილოცე, შეიყვარე“


ფილმის სათაური „ჭამე, ილოცე, შეიყვარე“ მართლაც ადვილად იქცევს კინომოყვარულების და არა მარტო მათ ყურადღებას. სათაურში გაერთიანებულია ადამიანის ცხოვრებისთვის აუცილებელი სამი მთავარი კომპონენტი - ჭამა, ლოცვა და სიყვარული. შეუძლებელია ვიარსებოთ საკვების გარეშე, მით უმეტეს, ადამიანები ვგიჟდებით გემრიელ კერძებზე, მოგვწონს თავბრუდამხვევი გრძნობა სიყვარული და გვსურს, მთელი ცხოვრება გვიყვარდეს და ვიყოთ სიყვარულის ობიექტი. ამასთანავე, ადამიანებს გვჭირდება ლოცვა, რომ გვქონდეს სამყაროში ზებუნებრივი ძალის იმედი, რომელიც დაგვეხმარება ბედნიერი და წარმატებული ცხოვრების მოწყობაში. თითქოს ამგვარი ჭეშმარიტების პოვნა ადვილი უნდა იყოს, თუმცა სანამ ადამიანები შეჯერდებიან, რომ ცხოვრება ზემოთ ჩამოთვლილი სამი კომპონენტის ერთობლიობაა, ძალიან გრძელ გზას გადიან საკუთარი თავის და ცხოვრების შესაცნობად.

ფილმის მთავარ გმირს, ლიზ გილბერტს, აქვს ყველაფერი, რაზეც თანამედროვე ქალმა შეიძლება იოცნებოს: ჰყავს ოჯახი და აქვს წარმატებული კარიერა, მაგრამ სხვა ბევრის მსგავსად, ისიც აღმოაჩენს, რომ დაკარგული და დაბნეულია. ახლად განქორწინებული გილბერტი ხვდება არაკომფორტულ სიტუაციაში, რისკავს ყველაფერს ცხოვრების შეცვლის იმედით. ლიზი  მტკიცედ გადაწყვეტს იპოვოს ის, რაც აქამდე ესოდენ აკლდა. ის წუხს იმის გამო, რომ არასდროს ჰქონდა დრო გარკვეულიყო საკუთარ გრძნობებში. ფიქრობს, რომ ადრე ცხოვრებას გემო ჰქონდა, ახლა კი ყველაფერს ნაცრისფერ ფერებში ხედავს. შესაბამისად, იწყებს ძიებას და მიდის იქ, სადაც ყველაფერი გააკვირვებს. ლიზი მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო და საკუთარი თავის ხელახლა აღმოჩენას ცდილობს. იტალიაში მოგზაურობისას ის სიამოვნებას იღებს სხვადასხვა კერძების დაგემოვნებით, შეიგრძნობს ლოცვის ძალას ინდოეთში და ბოლოს, მოულოდნელად, შინაგან სიმშვიდეს და ნამდვილი სიყვარულის ძალას პოულობს კუნძულ ბალიზე.

„თუ საკმაოდ მამაცი ხარ, დაკარგო ყველაფერი კომფორტული, ნაცნობი და ეძიო სიმართლე საკუთარ თავში და გარემომცველ სამყაროში, თუ  მზად ხარ მოგზაურობისას ნანახი თითოეული მოვლენა მინიშნებად მიიღო, თუ მასწავლებლად მიიღებ ყველას, ვისაც ცხოვრების გზაზე შეხვდები და რაც მთავარია, მზად იქნები აპატიო შენს თავს ყველაზე რთული რეალობა, მაშინ შენ აუცილებლად შეიცნობ ჭეშმარიტებას.“

როდესაც გრძნობ, რომ შენი ცხოვრება არ არის ისეთი, როგორზეც მუდამ ოცნებობდი და ფიქრობ, რომ შეგიძლია უფრო მეტს მიაღწიო, წარმატებული და ემოციებით სავსე ცხოვრება გქონდეს, უსმინე შენს შინაგან ხმას, გულს და ოცნებებს. არასდროს დატოვო ტკივილი ყურადღების გარეშე, რადგან სამყარო ყოველთვის სიმართლეს ამბობს შენი ცხოვრების შესახებ და მზად არის გაპოვნინოს ის, რაზეც ოცნებობ! 

ფილმის ყურების შემდეგ თუ მოისურვებ, რომ რაღაც შეცვალო შენს ცხოვრებაში, თუ გადაწყვეტ, რომ იმოგზაურო და შეიცნო საკუთარი თავი, ნუ დააყოვნებ! არ იფიქრო, რომ ამისათვის არ გეყოფა მატერიალური სახსრები, რადგან მოგზაურობას ბევრი ფული სჭირდება. პირიქით, თავდაპირველად საკუთარი თავის შეცნობით დაიწყე და თუ ამას მოახერხებ, შენს წინაშე  გაიღება ახალი შესაძლებლობების და ბედნიერების ჯადოსნური კარი. შენ აღმოაჩენ და იპოვი შენს წილ ბედნიერებას, რომელსაც განსაკუთრებული სურნელი და ფერი ექნება. ცხოვრებაში აღმოჩენილი ჩვენი წილი ბედნიერება ხომ ყოველთვის უნიკალურია? ასე რომ მოდი გავაგრძელოთ ძებნა და იქნებ ერთი „მთის მწვერვალზე“ აღმოვჩნდეთ მე და შენ. ვინ იცის...

 

ბედნიერებას გისურვებ!

 

| გააზიარე
მოგწონთ?