სად არის ჩვენი წილი ბედნიერება?


როგორ ფიქრობთ სად არის ბედნიერება, ან სად ვიპოვოთ მისი წყარო? არსებობს კი ჭეშმარიტი პასუხი ამ კითხვაზე? - პასუხი მრავალფეროვანია, თუმცა რომელიმე მათგანი არის კი ჭეშმარიტება?

ზოგისთვის კარიერაა პრიორიტეტი და მასში ხედავს ბედნიერებას, ზოგიც - ოჯახში, ზოგი ხელოვნებითაა გატაცებული, ზოგს აღიარება უნდა და ა.შ. თითოეულ ადამიანს თავისებურად წარმოუდგენია ბედნიერება. მის მოპოვებაში იხარჯება მთელი დრო და ენერგია, ანუ მთელი ცხოვრება და ბოლოს რა ხდება? ფინიშამდე ან აღწევენ, ან არა. პროცენტულად რამდენი აღწევს საბოლოოდ იმ სრულყოფას, რაც მათ ბედნიერებად წარმოუდგენიათ, ალბათ არც არავის დაუთვლია, მაგრამ ირგვლივ თუ მიმოვიხედავთ, ამის გარეშეც ადვილი მისახვედრია შედეგი.

ზოგს ჰგონია, რომ როცა ყველაფერი იდეალურად იქნება, მაშინ მოვა ბედნიერებაც, სინამდვილეში კი ის არსად არ მიდის და არც სრულყოფილი და იდეალურია რაიმე, ან ვინმე ამქვეყნად. ასე რომ, ნუ ეძებთ იდეალებს, არამედ ეძიეთ ის დადებით მარცვლები, რომლითაც სავსეა თქვენ ირგვლივ ყველაფერი.

საბოლოდ დაკარგული დროის სინანული რომ არ შეგრჩეთ ხელში და ცხოვრებაში მეტი ბედნიერი წამები, წუთები, საათები და დღეები გქონდეთ, თითოეული დღით ცხოვრება, მიზნის მიღწევის პროცესით ტკბობა და  საკუთარ თავზე მუშაობაა საჭირო.

ყოველდღე ერთი ნაბიჯი მაინც გადადგით მიზნისკენ, ყოველდღე დაუთმეთ დრო განვითარებას, ხშირად მიეცით საკუთარ თავს უფლება  აკეთოთ ის, რასაც მოაქვს სიხარული, ღიმილი და დადებითი ემოცია. თუ ერთი დღე ჰგავს მეორეს, ე.ი. რაღაცას არასწორად აკეთებთ, ანუ, არაფერს აკეთებთ, რომ ერთფეროვნება შეცვალოთ.

გიცდიათ გეპოვნათ ბედნიერება ყოველდღიურობაში? - ყოველი დღე - 24 საათი, წარმოიდგინეთ რამხელა დროა და რამდენი რამ შეიძლება მოხდეს? გამოყავით დრო თქვენს სასარგებლოდ. ყოველდღე ეძიეთ იმის შესაძლებლობა, რომ ნამდვილად რაღაც  მნიშვნელოვანი გააკეთოთ. ნუ ეცდებით დროის უაზროდ გაფლანგვას და ნუ მისცემთ თავს უფლებას, ბედნიერების აღქმის უნარი დაგიქვეითდეთ, პირიქით, შეეცადეთ მუდმივად იყოთ ტონუსში. განსაზღვრეთ რა არის ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია და მთელი ძალით და ენთუზიაზმით შეუდექით მას. რაც მთავარია დაბრკოლებამ არ უნდა შეგაშინოთ, არ უნდა იღელვოთ გარდაუვალზე. მარტივია, - რატომ ღელავთ იმაზე, რაც ისედაც უნდა მოხდეს? - გახსოვდეთ, შეცდომაც და წარუმატებლობაც წარმატების ინგრედიენტებია.

და მაინც, სად არის ბედნიერება და სად ვეძებოთ ის? ერთი რამ ზუსტად ვიცი, ის ნივთი არ არის, რომ იყიდოთ; არც ვინმეს აქვს, რომ ითხოვოთ; ის თქვენ ირგვლივ არსებული შეგრძნებაა, რომელიც არის ყველაფერში და  ის თქვენ თავად უნდა დაიმსახუროთ, შეიგრძნოთ და სხვებსაც გაუზიაროთ ყოველდღიურად.   

 

| გააზიარე
მოგწონთ?