დამლაგებლობიდან მენეჯერობამდე - საქართველოში დანგრეული სტერეოტიპი


არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეული გზის გავლის შემდეგ აღწევენ წარმატებას, თუმცა არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უამრავი დაბრკოლება ხვდებათ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე, თუმცა საკუთარი საქმის სიყვარული და შრომისმოყვარეობა სწორ გზაზე ყოველთვის აბრუნებთ.

სწორედ ასეთ ადამიანებს მიეკუთვნება ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი, სამშენებლო და სარემონტო მასალების კომპანია, შპს მოდუსის მენეჯერი, ნანა თევზაძე, რომელმაც იპოვა საქმე, რომელიც უყვარდა და აღარ გაუშვა იმისდა მიუხედავად, რომ ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ბევრი რამის შეცვლა მოუწია. ის, თუ როგორია დამლაგებლობიდან მენეჯერობამდე განვლილი გზის გემო, მალევე გავიგებთ.

 

 

1. როგორ მოხვდით თქვენს დღევანდელ სამსახურში?

ბავშვობაში ძალიან მიყვარდა მათემატიკა, თუმცა მშობლების თხოვნით ექიმის პროფესია ავირჩიე. იმის გამო, რომ ჩემი პროფესიით მუშაობისკენ გული არ მიმიწევდა, ვცადე სხვადასხვა პროფესიის დაუფლება. გავიარე ბუღალტრული და კომპიუტერის კურსები, ვაგზავნიდი სხვადასხვა ვაკანსიაზე განცხადებას იმ იმედით, რომ კარგ თანამდებობას და სასურველი ანაზღაურების სამსახურს ვიპოვნიდი, თუმცა ამაოდ. სწორედ ამიტომ სრულიად შემთხვევით გამოჩენილ პოზიციას დავთანხმდი და მოვხვდი დამლაგებლად ჩემს ამჟამინდელ სამსახურში.

 

2. რა გზა გამოიარეთ იმისთვის, რომ დღეს ამ პოზიციაზე ყოფილიყავით?

გზა ნამდვილად გრძელი და რთული იყო. თავდაპირველად, გარკვეული პერიოდის მუშაობის შემდეგ, როდესაც მე ფიზიკურად აღარ შემეძლო დამლაგებლად მუშაობის გაგრძელება და როდესაც ვიცოდი ჩემს მაქსიმუმს ვეღარ გავაკეთებდი, გადავწყვიტე სამსახურის დატოვება. ამ დროს დაპირება მივიღე ჩემი უფროსისგან, რომ ოპერატორის პოზიციაზე პირველივე ვაკანსიის გამოჩენისთანავე დამიკავშირდებობდნენ.

 

3. გამოდის, რომ თქვენმა უფროსმა თქვენში რაღაც განსაკუთრებული დაინახა, სხვა შემთხვევაში რატომ უნდა შემოეთავაზებინა სხვა პოზიცია?

დიახ, ალბათ ასეც იყო, რადგან ყოველთვის უფრო მეტით ვინტერესდებოდი, ვიდრე მევალებოდა. ჩემი სამსახური არ იყო ადგილი, სადაც ჩემს მოვალეობას მოვიხდიდი და სახლში დავბრუნდებოდი. ეს გახდა ოჯახივით, სადაც თითოეული დეტალი მაინტერესებდა და ყველა მნიშვნელოვან მოვლენას ვგულშემატკივრობდი. ალბათ სწორედ ეს გახდა ერთ-ერთი მიზეზი.

 

4. რა რეაქცია გქონდათ, როცა დაგირეკეს და თანამდებობა შემოგთავაზეს?

გამიკვირდა და ძალიან გამიხარდა რა თქმა უნდა, თუმცა სიმართლე გითხრათ, ყოველ დღე ველოდებოდი ზარს, რომლის წყალობითაც მე ამ კომპანიაში უნდა დავბრუნებულიყავი. ეს არ იყო ჩვეულებრივი კომპანია, ვიცოდი, რომ აქ აუცილებლად კიდევ უნდა მემუშავა.

თავდაპირველად ჩემი პოზიცია გულისხმობდა გაყიდვების ოპერატორს, არ მეგონა თუ ამ კუთხით შემეძლო კარგი შედეგების მიღწევა. თუმცა მალევე 15 000-მდე დასახელების პროდუქცია ვიცოდი, რაც ბევრი მამაკაცისთვისაც კი რთულია ამ სფეროში. ასევე მალევე აღმოვაჩინე, რომ ძალიან მომწონდა ხალხთან ურთიერთობა და მათთვის დახმარების გაწევა, რაც საბოლოო ჯამში იმაზე აისახა, რომ ჩემს მაგიდასთან  ყოველთვის რიგები იყო, თითოეული კლიენტი კი კარგად მიცნობდა.

 

5. როგორ განვითარდა მოვლენები შემდეგ, ამ პოზიციიდან პირდაპირ მოხდა თქვენი დაწინაურება?

შემდეგ ადგილი ჰქონდა გარკვეულ გაუგებრობას არა ხელმძღვანელობასთან ან მომხმარებელთან და მე გარკვეული პერიოდი სამსახურის დატოვება მომიწია. თუმცა ამ დროს გამოჩდნა, თუ რა მსურდა რეალურად და რა იყო ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. მე იმდენად მიყვარდა ჩემი კომპანია, თანამშრომლები, საქმე და ურთიერთობები, რაც მე აქ მქონდა, რომ გვერდით მდებარე კომპანიაში დავიწყე მუშაობა, რათა მათთან მქონოდა ხშირი შეხება. ამ დროს მივხვდი, რომ ეს არ იყო დასასრული და მე აუცილებლად უნდა დავბრუნებულიყავი იქ. მალევე ასეც მოხდა და სიტუაცია ისე განვითარდა, რომ ჩემი დაბრუნება აუცილებელი გახდა ამჯერად უკვე ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

 

6. თქვენი ასეთი გამოცდილების ფონზე, რა რჩევას მისცემდით ადამიანებს, ვინც სამსახურს უშედეგოდ ეძებს?

კარგი თანამდებობის პოვნა პირველივე ცდაზე გაგიჭირდებათ. აირჩიეთ საქმე, რომელიც გსურთ აკეთოთ, დაიწყეთ პირველი საფეხურიდან და ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყევით მას. მთელი ხიბლიც ამაშია. თქვენი მონდომება შეუმჩნეველი არ დარჩება და შრომაც აუცილებლად დაგიფასდებათ.

 

7. გავრცელებული მოსაზრებით, საქართველოში წარმატების მიღწევა ძალიან რთულია, რას ფიქრობთ ამასთან დაკავშირებით?

დიახ რთულია, თუმცა არა შეუძლებელი და ამისთვის მონდომებასთან ერთად, გარკვეული პიროვნული თვისებებიც აუცილებელია. საჭიროა ხასიათში ლიდერული უნარ-ჩვევების აღმოჩენა და განვითარება, ჯანსაღი ამბიცია. იმისათვის, რომ რეალურ წარმატებას მიაღწიო, კარგად უნდა იცოდე საკუთარი თავის ფასი, გაიაზრო რა გსურს ნამდვილად და სად ხედავ საკუთარ თავს.

 

8. რა არის თქვენი მოტივაცია?

ჩემი მთავარი მოტივაცია მუდმივი წინსვლა და მიღებული პროგრესია. არც ერთი ნაბიჯი უკან და ყოველი ნაბიჯი წინ!

 

9. შეცვლიდით თუ არა რაიმეს უკვე განვლილ გზაზე?

მიმაჩნია, რომ ცხოვრებაში ყველაფერი თავისი მიზეზით ხდება. მთავარია, რომ წინასწარ გათვალო ყველაფერი, შენი ფიქრები მიმართო მის სასარგებლოდ და შედეგს აუცილებლად მიიღებ. არ შევცვლიდი არაფერს, რადგან ვთვლი, რომ ყველა მარცხმა თუ წარმატებამ განაპირობა ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა. წარსულზე სინანულს კი მომავალზე ფიქრს ვარჩევ.

 

10. იღბალი თუ შრომა?

ორივე. ჩემს მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ იღბალი იყო კომპანიაში მოხვედრა ასეთი უფროსობით, რისთვისაც დიდი მადლობელი ვარ. ჩემთვის ყოველთვის დიდი მოტივაცია იყო და არის ასეთი ადამიანების გვერდით მუშაობა, რომლებმაც ნულიდან დაიწყეს ყველაფერი და შექმნეს კომპანია, რომელიც უდიდესი ქსელია დღეს და წარმოდგენილია მაღაზიებით, ქარხნებით და მშენებლობებით როგორც თბილისში, ასევე ბათუმშიც. წარმოიდგინეთ, მათ ამხელა კომპანიაში გაიხსენეს დამლაგებელი, რომელიც შემდეგ სამსახურში ისევ მიიწვიეს.

ასევე დიდი იღბალია და მადლობელი ვარ, რომ ასეთი მეუღლე მყავს, რომელიც ცხოვრების ყველა მონაკვეთში გვერდში მიდგას და ყოველთვის ხელს მიწყობდა როგორც სწავლაში, ასევე მუშაობაში.  

თუმცა ვთვლი, რომ არა მხოლოდ იღბალი, არამედ ჩემი შრომისმოყვარეობა და საქმისადმი დამოკიდებულება დამეხმარა მიმეღწია ამ ყველაფრისთვის. ასე რომ თუ ამ კითხვაზე პასუხს ჯერ კიდევ ეძებთ, გახსოვდეთ, რომ საბოლოოდ ყოველთვის უმართლებს მას, ვინც ბევრს შრომობს.

 

11. როგორი დამოკიდებულება გაქვთ მარცხისადმი და რისი გაკეთება არ მიგაჩნიათ მიზანშეწონილად?

არა მარტო საკუთარ, არამედ სხვის შეცდომებზეც უნდა ვისწავლოთ. თუკი დავმარცხდით, ეს არ არის ბოლო გაჩერება, რადგან ის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია საბოლოო გამარჯვების. ამ პრინციპს ჩემთვის არასდროს უღალატია. მიზანშეუწონლად კი საკუთარ ოცნებებზე უარის თქმა მიმაჩნია, რადგან მათთვის ნამდვილად ღირს ბრძოლა.

და ბოლოს, როდესაც ნანას ვთხოვეთ ერთი განსაკუთრებული რჩევა მიეცა მოტივაციის მკითხველისთვის, გვიპასუხა, რომ მთავარია არასდროს იყოთ სხვის იმედზე და მუდმივად იაროთ წინ, რადგან თქვენი საქმის სიყვარული ყველაფერს შეგაძლებინებთ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს გვიპასუხა, რომ ახლაც არ აპირებს გაჩერებას და კიდევ დიდი მიზნები აქვს, რადგან არ ესმის ისეთი ჯარისკაცის, რომელიც გენერლობაზე არ ოცნებობს!

 

 

| გააზიარე
მოგწონთ?