როგორ მივცეთ მოტივაცია თანამშრომლებს?


ლიდერების უმეტესობამ იცის საკუთარი თანამშრომლების მამოტივირებელი გზები, მაგრამ, ჯეიმს სეილის დაკვირვებიდან გამომდინარე, ყველას განსხვავებული მიდგომა ესაჭიროება. ამ სტატიაში გაეცნობით ცხრა ტიპის თანამშრომელს, რაც გაგიადვილებთ მათთან მიდგომას და უფრო წარმატებული გუნდის შეკვრაშიც დაგეხმარებათ.

დამცველი - ეს თანამშრომელი ეძებს უსაფრთხოებას, სტაბილურობასა და პროგნოზირებადობას. მათ მოსწონთ ჩამოყალიბებული სტაბილური ორგანიზაციები, რომლებიც აძლევენ მკაფიო როლებს განსაზღვრული რუტინით. მათთვის მოტივაციის ამაღლება მარტივია, მთავარია რეგულარული კომუნიკაცია, ბრიფინგები, მათ შორის - ელ. წერილები. დააჯილდოვეთ, დააფასეთ მათი ერთგულება და მხარი დაუჭირეთ მათ ცვლილებებსა და გადაწყვეტილებებს.

მეგობარი - ისინი ეძებენ კუთვნილებას, სრულყოფილ ურთიერთობებსა და მეგობრულ გარემოს. ასეთი ტიპის თანამშრომელს მოსწონს ორგანიზაციები ძლიერი როლებით, გუნდური ეთოსით და შესანიშნავი სოციალური აქტივობებით. ისინი მოტივირებულნი არიან, როცა გრძნობენ მხარდაჭერას და ჩართულობას. შეუქმენით მათ კარგი სოციალური სამუშაო გარემო. ამ ტიპის თანამშრომელი აფასებს საჯარო მხარდაჭერას. რეგულარულად ჰკითხეთ მათ, რას ფიქრობენ მოცემულ კონკრეტულ საკითხზე, და გაუღრმავეთ თავდაჯერებულობა.

ვარსკვლავი - ისინი ეძებენ სოციალურ პატივისცემას. მათ მოსწონთ თვალსაჩინო შეღავათები, რომლებიც უკავშირდება მათ პოზიციას, მკაფიო იერარქიულ სტრუქტურებს, სამუშაო წოდებებს და ბრწყინვალე შესაძლებლობებს. მათი მოტივაცია შეგიძლიათ, ჯილდოებითა და სტატუსით აამაღლოთ. ჩართეთ პროექტებში, კარიერულად წინ წაწიეთ და მათ მიზნებს რეგულარულად გადახედეთ. ისინი განსაკუთრებით აფასებენ პოზიტიურ გამოხმაურებას და უყვართ ყუადღების ცენტრში ყოფნა. ამიტომაც, როდესაც რაიმე მიზანს მიაღწევენ, აუცილებლად დააჯილდოვეთ ისინი თვალსაჩინოდ.

დირექტორი - ისინი ეძებენ ძალაუფლებას, გავლენას და კონტროლს ადამიანებზე და რესურსებზე. ამ ტიპის თანამშრომელს მოსწონს მენეჯმენტის ან ლიდერის როლები დაწინაურებისა და კარიერული წინსვლის პერპექტივით. მათ სურთ, ჰქონდეთ პასუხისმგებლობა და გავლენა. ასევე შეგიძლიათ, მისცეთ თანამდებობა, რაც მიანიჭებს ძალაუფლებას და აუმაღლებს მოტივაციას. სტიმულს მისცემს ტრენინგი ან ქოუჩინგი.

მშენებელი - ის ეძებს ფულს, მატერიალურ კმაყოფილებას და საშუალოზე მაღალ ცხოვრებას. მათ მოსწონთ ჯილდოები. იზიდავთ პროფესიები საშუალოზე მაღალი ანაზღაურებით და დაწინაურების თვალსაჩინო პერსპექტივით. ეს არის თანამშრომლის ერთ-ერთი ტიპი, რომელიც მოტივირებულია ფულითა და მატერიალური შეღავათებით. ისინი ენერგიულები არიან, როდესაც აქვთ მკაფიო კარიერული გზა და გეგმა, პროგრესის რეგულარული მიმოხილვა და პასუხისმგებლობის გაზრდა. თქვენ უნდა დაუსახოთ მათ მკაფიო მიზნები და დაუკავშიროთ ისინი ჯილდოებს, განსაკუთრებით - ფინანსურს. მათ მოტივაციას ასევე გაზრდის სპორტული აქტივობები ან შეჯიბრი.

ექსპერტი - ეს თანამშრომელი ეძებს ცოდნას, ოსტატობას და სპეციალობას. მათ მოსწონთ როლები, რომლებიც მოითხოვს სპეციალიზებულ ცოდნას და უნარებს, და მოტივირებულები არიან ისეთი გარემოებით, სადაც პიროვნული განვითარება შესაძლებელი იქნება. მათთვის მოტივაციას წარმოადგენს ტრენინგები და პიროვნული განვითარება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ტრენინგი, ქოუჩინგი ან სწავლება დაკავშირებულია დაწინაურებასთან.

შემქმნელი - ამ ტიპის თანამშრომელი ეძებს ინოვაციებს, კრეატიულობას და ცვლილებებს. მათ მოსწონთ პრობლემების გადაჭრა, განვითარება მოწინავე სფეროში, ინოვაციური ორგანიზაციები ან რთული გარემო. ჩართეთ ისინი იდეების განვითარებაში, მიეცით გადასაჭრელი პრობლემები და პროექტები, რომლებსაც ორიგინალურობა სჭირდება. აღიარეთ მათი კრეატიულობა ინოვაციისთვის და დააჯილდოვეთ. მოარიდეთ რუტინულ როლებს, რადგან ისინი ადვილად მოიწყენენ და სწრაფად დემოტივირდებიან. მათ სტიმულს აძლევს გონების შტორმისთვის სივრცის შექმნა.

სული - ეს ადამიანი ეძებს თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ავტონომიას. მათ მოსწონთ როლები, რომლებიც სთავაზობენ თავისუფლებას, სადაც ისინი აკონტროლებენ საკუთარ დროს; შეუძლიათ, მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილებები და გამოიყენონ თავიანთი შეხედულებისამებრ. თქვენ შეგიძლიათ, მოტივაცია მისცეთ კომპანიის ხედვისა და მიზნების გაზიარების გზით, პასუხისმგებლობის დაკისრებით და დამოუკიდებლად მუშაობის საშუალების მიცემით. დაეხმარეთ, გააცნობიერონ თავიანთი ღირებულებები და განმარტონ თავიანთი ხედვა თავიანთი ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ. შეზღუდვებს, წესებსა და პროცედურებს შეუძლიათ მათი დემოტივაცია, რადგან მათ სძულთ ბიუროკრატია.

მაძიებელი - ის ეძებს მნიშვნელობას, მიზანს და სურს ცვლილებების შეტანა. მათ მოსწონთ მიზანდასახული ორგანიზაციები და მოტივირებულნი არიან სწავლით. მათი მთავარი მოტივაციაა ქება და რეგულარული გამოხმაურება. ისინი ენერგიულად მიისწრაფიან თავიანთი მიზნებისკენ. დაინტერესებულნი არიან უფრო დიდ გუნდებთან ურთიერთობით და უკუკავშირის მიღებით. მიეცით მათ მნიშვნელოვანი სამუშაო, მრავალფეროვნება და დაეხმარეთ მათ უფრო ფართო სურათის დანახვაში.

ტიპების იდენტიფიცირება - არსებობს ინდივიდუალური პროფილირების გაშიფრვა, როგორიცაა სამოტივაციო რუკები, რომლებიც განსაზღვრავენ ტიპებს და ზომავენ მოტივაციას, ასევე თქვენ შეგიძლიათ, შეარჩიოთ გარკვეული თვისებები გუნდში. ამის შემდეგ მენეჯერს შეუძლია, გაიგოს, თუ როგორ უნდა მოექცეს თანამშრომლებს მოტივაციის ასამაღლებლად.

| გააზიარე
მოგწონთ?