კრახიდან გამარჯვებამდე


ახალ გამოწვევებთან შეჯახებისას, ალბათ, ხშირად ეხვევი იმ პესიმისტური ფიქრების კორიანტელში, რომელიც საკუთარი შესაძლებლობების ობიექტურად შეფასების უნარს, თვითრწმენას, მოტივაციას გართმევს და გარწმუნებს, რომ არაფერი გამოგივა... დამარცხდები... ვერ შეძლებ...

და რაში მდგომარეობს პრობლემა?  ნუთუ შეიძლება, გავლენას ახდენდეს შენს პიროვნებაზე, განვითარებასა და მომავალზე მსგავსი ფიქრები? ამ უკანასკნელ კითხვაზე პასუხი ცალსახად დადებითია; ხოლო გავლენა, რომელზეც ვსაუბრობ, - ცალსახად უარყოფითი. რატომ? იმიტომ, რომ ფიქრები გქმნიან და წარმოგადგენენ. ფიქრები განსაზღვრავენ შენს გადაწყვეტილებებს და მაშინ, როდესაც შენი ფსიქოლოგიური პორტრეტი დატვირთულია მსგავსი ნეგატივით და მარცხის განცდის შიშით, თავად უკვეცავ ფრთებს, ართმევ განვითარების შესაძლებლობას და უკეტავ ყველა კარს საკუთარ თავს. წარუმატებლობის შიშით აიძულებ თავს სტაგნაციაში ყოფნას და გამუდმებით ტკეპნი ერთსა და იმავე ადგილს. გამოსავალი, მაშასადამე, განვითარების გზაზე გადადგმული პირველი ნაბიჯი, არის იმის გაცნობიერება, რომ მარცხი დასასრული არაა.  მარცხის შიშით მოქმედების დაწყებასა და დასახული მიზნისათვის ბრძოლაზე უარის თქმა კი დასასრულია. ამიტომ, შეწყვიტე უკან დახევაზე ფიქრი და ირწმუნე, რომ დაბრკოლებების მიუხედავად ბრძოლის გაგრძელება, მიზნის მიღწევის საწინდარია. „ადამიანი ჭადრაკის პაიკივით უნდა შეიზღუდოს. უფლება არ უნდა ჰქონდეს უკან სვლის“ (ედიშერ ყიფიანი).

არ უნდა დაგავიწყდეს, რომ ბავშვობაში ფეხზე გამართულად დადგომამდე, სიარულის დაწყებამდე, უამრავჯერ წაბორძიკდი, დაეცი.

შენ შეგიძლია, წარუმატებლობა წარმატების საფუძვლად აქციო, თუკი მარცხს ცხოვრების კონკრეტულ მომენტსა და მოცემულობაში, მიზეზშედეგობრიობით დაკავშირებულ მოვლენათა ჯაჭვის აუცილებელ რგოლად აღიქვამ, დადებით ჭრილში განიხილავ და  მოტივაციის წყაროდ აქცევ. ესე იგი, დამარცხების შემდეგ, უნდა დაფიქრდე არა დანებებაზე, არამედ - იმაზე, თუ რა შეცდომა დაუშვი და სად. აღნიშნულის გაცნობიერებით წარმოშობილი დანაკლისის, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება აღმოგაჩენინებს საკუთარ თავზე მუშაობის უკეთეს გზას, კიდევ უფრო გაგიმძაფრებს მიზნის მიღწევის სურვილს და აქტიური მოქმედებისაკენ გიბიძგებს. მართალია, სასურველი შედეგი უმალ არ დადგება და შენს ნებისყოფას დრო გამოცდას მოუწყობს, თუმცა გახსოვდეს, რომ „ყველაფერი მიდის  მასთან, ვისაც ლოდინი შეუძლია“ (ლევ ტოლსტოი). გახსოვდეს ისიც, რომ სრულყოფილად მხოლოდ ის შეიგრძნობს  გამარჯვების სიხარულს, ვისაც მანამდე მარცხი უგემია.

ჯიმ ქერი, სტივენ კინგი, ლედი გაგა, ოფრა უინფრი, სილვესტერ სტალონე - ეს იმ ადამიანების მცირე ჩამონათვალია, რომელთაც წარმატებისკენ მიმავალ გზაზე უამრავჯერ განიცადეს კრახი, თუმცა უწყვეტი ბრძოლითა და შრომით მაინც მიაღწიეს მიზანს და გაამართლეს ძველი იაპონური გამონათქვამი: „ვისაც ძალიან უნდა მაღლა ასვლა, ის კიბესაც გამოიგონებს.“

გჯეროდეს, რომ, თუ მათ შეძლეს, შეძლებ შენც!

| გააზიარე
მოგწონთ?