გამოფხიზლდი!


ოდესმე გიფიქრიათ, რა არის ცხოვრების არსი? რა მისია გაკისრიათ ამქვეყნად? "ადამიანის ცხოვრება ჭეშმარიტების ძიებაა, ერთგვარი გამოცდაა და თითოეულს თავისი მისია აკისრია." შეასრულებთ თუ არა ამას და შეძლებთ, ჩააბაროთ ყველაზე რთული, ცხოვრების გამოცდა - ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, თქვენს თვისებებზე, გადადგმულ ნაბიჯებზე, წარმატებებზე და მარცხის მიღებაზე. გამოცდის ჩაბარება ძალიან მარტივია იმ შემთხვევაში, თუ არ გეშინია. მკითხველო, უქმად ჯდომა და ლოდინი დროის კარგვაა. ბუნებრივია, იკითხავ, აბა, რაღაა ცხოვრების მთავარი გზა? განსაცდელების გადალახვის მიზნად ქცევა და შემდეგ წარმატების მიღწევა. ადექი! ნუ დაკარგავ დროს, რომელიც შეუფასებელია; წამებს, რომლებსაც შენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. ახლა უბრალოდ დაფიქრდი, რამდენჯერ გითქვამს სიტყვები: "არაფერი გამომდის, ბედი არ მაქვს, ათასჯერ ვცადე და ერთხელაც ვერ შევძელი." ათასჯერ სცადე?! რიცხვები უსასრულობამდე გრძელდება. სწორედ ამდენივე შანსი არსებობს, რომ გამოვა, ამიტომ უბრალოდ სცადე. განა ასე რთულია?!

ნუ შეგეშინდება წარუმატებლობის, არამედ ისწავლე შეცდომებისგან. იცოდე, ჭადრაკის თამაშს ყველა „ცოცხალი“ ქვით ვერ დაამთავრებ, მაგრამ სწორი სვლით მოიგებ. ცხოვრება განა სხვა რამეა? უბრალოდ ბრძოლის ველზე თამაშია.

წუთისოფელი ბევრი ფერითაა მოქარგული, მთავარია, შენი ფერი იპოვო, მიზანი დაისახო და მიჰყვე. მოტივაცია არ გაქვს? ზიხარ და უცდი, როდის მოგიკაკუნებს კარზე? შეცდომას უშვებ! არასწორი ნაბიჯების გადადგმა გერჩიოს ერთ ადგილას გაჩერებას. დაიმახსოვრე, მოტივაციას ძებნა არ სჭირდება, შენშია. არ არსებობს  გზა, რომელიც რაიმე ადგილამდე არ მიგიყვანს, ჰოდა, მიჰყევი ნებისმიერს, აქციე გამოწვევები წარმატებებად და განიცადე ყველაზე მაღალი მწვერვალიდან გადმოხედვის ბედნიერება.  

დადგება დრო, როცა უმოქმედობა შემოაბიჯებს შენს ცხოვრებაში და მოტივაციას დაკარგავ, აი, სწორედ მაშინ გაიხსენე, მერილ სტრიპი, რომელსაც განუცხადეს, რომ ძალიან მახინჯი იყო როლისთვის, და კარი ისე მოუჯახუნეს, ხმის ამოღების საშუალებაც არ მისცეს. რას იზამდით მის ადგილას, დეპრესიას მიეცემოდით და აღარასდროს წახვიდოდით ქასთინგზე? არა, არა და არა! მერილმა მათ საპასუხოდ განუცხადა: "ძალიან ვწუხვარ, თუ მახინჯი გგონივართ, მაგრამ თქვენი მოსაზრება ზღვაში მხოლოდ წვეთია, ვეცდები, უკეთესი დინება მოვნახო." არასოდეს არავის მისცე უფლება, წაგართვას მოტივაცია, წელში გაიმართე, ამაყად დატოვე "სათამაშო მოედანი" და იპოვე უკეთესი დინება. არ დაივიწყო, რომ "იმაზე მამაცი ხარ, ვიდრე გჯერა, და იმაზე ჭკვიანი ხარ, ვიდრე ფიქრობ!"

| გააზიარე
მოგწონთ?